Friday, May 11, 2012

ქეროლ შელბი გარდაიცვალა


Caroll Shelby, Creator of the Legendary Cobra, Dies at Age 89
11 მაისი
საავტომობილო სამყაროს კიდევ ერთი ლეგენდარული პიროვნება დააკლდა - 89 წლის ქეროლ შელბი გარდაიცვალა. მისი კომპანიის - „ქეროლ შელბი ინტერნეიშნლის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქეროლ შელბიმ დალასის (შტატი ტექსასი) ბელორის ჰოსპიტალში დალია სული. გარდაცვალების მიზეზი არ დაკონკრეტებულა.


„ქეროლი ერთადერთი და განუმეორებელია. ის კომპანიაში შეუცვლელი იყო. მაგრამ ჩვენ შევპირდით, რომ მის კომპანიაზე ვიზრუნებთ და ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც მის სიცოცხლეში. ჩვენ ყველანი ძალიან დამწუხრებულები ვართ და ვგრძნბთ მისი ოჯახის, ჩვენს და მთლიანად, ავტოინდუსტრიის დანაკლისს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეიძლება მოგწონდეთ, ან არ მოგწონდეთ შელბის ქმნილებები, მაგრამ ფაქტია, რომ თავისი ორი ლეგენდარული ქმნილებით - როდსტერ „შელბი ამერიკენ კობრათი“ და ბოლო წლებში, „მუსტანგის“ ტემპერამენტიანი მანქანებით, ავტოსამყაროში განუმეორებელი კვალი დატოვა.
სანამ თავის კომპანიას დააფუძნებდა, შელბიმ ავტომრბოლის რანგში გაითქვა სახელი. სპორტული ავტომობილების კლასებში, აშშ-ის ჩემპიონი სამჯერ გახდა. „ასტონ მარტინთან“ ერთად კი ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო. გარდა ამისა, ბონვილის მარილოვან ტრასაზე, სიჩქარის რამდენიმე რეკორდი აქვს დამყარებული.
თავად შელბი, თავის უმთავრეს მიღწევად, 1992 წელს თავისი სახელობის ფონდის დაარსებას მიიჩნევდა, რომელიც სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფს ადამიანებს, რომლებსაც ამის ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ. ფონდი ასევე ღარიბთა განათლებასაც უზრუნველყოფს.
„ქეროლმა შექმნა ფონდი, რომელიც იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც მასავით არ გაუმართლა“, - ამბობს ქეროლ შელბის სახელობის ფონდის საბჭოს წევრი ნილ ქამინგზი.



























ქეროლ შელბის და „ფორდის“ თანამშრომლობის გამორჩეული მომენტები
1952: „ფორდის“ ძრავიანი ჰოტ როდით პირველ რბოლაში მიიღო მონაწილეობა;
1962: გამოსცადა „ფორდის“ ძრავიანი პირველი „AC 260 როდსტერი“ - ბრიტანული ავტომობილი, რომელიც მალე „შელბი კობრა“ გახდა;
1964: „ფორდმა“ შელბის „მუსტანგის“ ტემპერამენტიანი ვერსიის შემუშავება შესთავაზა. შეიქმნა შელბის პირველი პროტოტიპები;
1965: „შელბი GT350-ის“ დებიუტი. იმავდროულად, „ფორდმა“ „შელბი-ამერიკენთან“ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ძალითაც, ქეროლ შელბის GT40-ის პროგრამაში უნდა მიეღო მონაწილეობა. გამქირავებელმა გიგანტმა „ჰერცმა“ „მუსტანგის“ შელბისეულ ვერსია GT350H-ის შესყიდვა დაიწყო. მიზანი - რა თქმა უნდა, გაქირავება;
1966: „ფორდ GT40 მარკ II-მა“ ლე მანის რბოლა მოიგო. შეიქმნა პირველი „შელბი GT500“;
1967: „ფორდმა“ და „შელბი-ამერიკენმა“ ლე მანი ისევ მოიგეს. შედგა კაბრიოლეტ „შელბი მუსტანგის“ დებიუტი;
1969: შეწყდა „შელბი მუსტანგის“ წარმოება;
1970: „ფორდსა“ და „შელბის“ შორის რბოლებში პარტნიორობა შეწყდა;
2001: „ფორდმა“ ქეროლ შელბი კონცეპტუალურ GT40-ზე მუშაობისას კონსულტანტად მიიწვია;
2002: „ფორდმა“ მოდელ GT-ს წარმოებას მწვანე შუქი აუნთო;
2003: „ფორდმა“ ქეროლ შელბის ახალ კონცეპტუალურ ავტომობილზე მუშაობა შესთავაზა, რომელიც ორიგინალური „შელბი კობრას“ თანამედროვე ვერსია უნდა გამხდარიყო;
2004: კონცეპტუალური „შელბი კობრა“ დეტროიტის მოტორ შოუს ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი გახდა. მოგვიანებით, „ფორდმა“ საზოგადოებას კიდევ ერთი კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი - „შელბი GR-1“ წარუდგინა;
2006: ნიუ იორკის ავტო შოუზე, „შელბი GTH-ის“ დებიუტი შედგა;
2008: ქეროლ შელბის დაბადებიდან 85 წლის აღსანიშნავად, „ფორდმა“ პირველი „GT500KR“ გამოუშვა. „ფორდ რეისინგთან“ ერთად, „შელბიმ“ კვლავ მიიღო რბოლებში მონაწილეობა;
2011: შედგა „ფორდ შელბი GT500-ის“ დებიუტი, რომელიც 662-ცხენისძალიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. ეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სერიული V8 ძრავია;
2012: ბარეტ-ჯეკსონის აუქციონზე, „ფორდ შელბი GT500“ 350 000 დოლარად გაიყიდა.

No comments:

Post a Comment