Friday, May 11, 2012

„ფერარიმ“ ჟილ ვილნევის ხსოვნას პატივი მიაგო


Ferrari pays tribute to Gilles Villeneuve at Fiorano
11 მაისი
ფორმულა ერთი დაუნდობელია პილოტების მიმართ. ლაპარაკი არაა მხოლოდ იმაზე, რომ ეს სახიფათო სპორტია. სპორტსმენებს ტრასის მიღმაც არაერთი სირთულის გადალახვა უწევთ. და არაა საკმარისი, რომ ნიჭიერი პილოტი იყო. ბევრი ფული და იღბალიც უნდა გქონდეს, რომ ამ ელიტარულ კლუბში მოხვდე.

გუნდების უმეტესობა, ახალგაზრდა პილოტებს, თავის გამოჩენისთვის მეორე და ხან მესამე შანსსაც აძლევს. მაგრამ მათ შორის არაა „ფერარი“. იტალიური საჯინიბო ფ1-ის ლეგენდაა. და მისი მანქანით ასპარეზობა დიდი პატივია ნებისმიერისთვის, თვით ჩემპიონებისთვისაც კი. მის სისხლისფერ მანქანებს ბევრი ძლიერი პილოტისთვის აურევია თავგზა...
მაგრამ ასეთთა შორის არაა ჟაკ ვილნევი. კანადელი პილოტი ფ1-ში მას შემდეგ გადავიდა, რაც ინდი 500 და კარტის მსოფლიო სერიის ტიტულები მოიგო. დიდი პრიზების ცირკში დებიუტისთანავე, სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, მეორე სეზონში კი ჩემპიონი გახდა. მერე კი „ფერარიმ“ მიიწვია და... უარი მიიღო. ასეც ხდება. იმ გუნდს უთხრა უარი, რომელიც დღესაც, მას შემდეგ, რაც მარანელოელთა მანქანით მიხაელ შუმახერმა ხუთი ტიტული მოიპოვა, თავის ყველაზე გამორჩეულ და საყვარელ მრბოლად ჟაკის მამას, ჟილ ვილნევს მიიჩნევს.
მოკლედ, ჟაკმა „ფერარის“ უარი უთხრა და თავის მენეჯერ კრეიგ პოლოკთან ერთად, საკუთარი გუნდი - „BAR რეისინგი“ ჩამოაყალიბა და იქ გადავიდა. ამით საკუთარი ბრწყინვალე კარიერის დასასრული დაიწყო. რა თქმა უნდა, „ფერარიმ“ მეორე შანსი აღარ მისცა...
მარანელოელებმა ის დაივიწყეს, თუმცა თავიანთი ტრადიცია ახლახანს დაარღვიეს, როცა ჟაკი სპეციალურ ღონისძიებაზე მიიწვიეს - საკუთარ, ფიორანოს ტრეკზე, მათ ჟილ ვილნევის დაღუპვიდან 30 წლის აღსანიშნავად, სპეციალური ღონისძიება ჩაატარეს. და საპატიო სტუმრად ჟაკიც მიიწვიეს.
ტრაგედია 1982 წლის 8 მაისს მოხდა. ბელგიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე (ცოლდერის ავტოდრომი), როცა მისი „ფერარის“ სიჩქარე 225 კმ/სთ-ს აღწევდა, მანქანა გერმანელი იოხენ მასის „მარჩს“ დაეჯახა. შედეგად, „ფერარი“ ჰაერში ავარდა, ვილნევი კი უკონტროლო მანქანიდან ამოვარდა და უსულოდ დაეცა ასფალტზე. აღსანიშნავია, რომ ორი კვირით ადრე, ჟილის ყოფილმა მეგობარმა, ფრანგმა დიდიე პირონიმ, მათ შორის არსებული შეთანხმება დაარღვია და სან მარინს დიდი პრიზის რბოლაზე გაასწრო. კანადელი რევანშის წყურვილით გავიდა ცოლდერის ტრასაზე და ზედმეტმა მონდომებამ ფატალურ შედეგამდე მიიყვანა...
მოგვიანებით, გერმანიის ეტაპზე, კატასტროფა პირონიმაც განიცადა, რის შემდგაც, მას ფ1-ში აღარ უასპარეზია. ეგ კი არა, იმ ავარიაში, ორივე ფეხის ამპუტაციის საშიშროება დაემუქრა. 1987 წელს, სარბოლი კატერით ასპარეზობისას მომხდარმა კატასტროფამ პირონის სიცოცხლეც შეიწირა...
მოკლედ, „ფერარიმ“ საჩვენებელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ჟაკ ვილნევიც მიიწვია, რომელმაც მამის იმ მანქანით (ფერარი 312 T4), რომლითაც ჟილმა 1979 წლის სეზონში სამი რბოლა (სამხრეთ აფრიკა, აშშ დასავლეთი და აშშ) მოიგო და ვიცე ჩემპიონი გახდა, ფიორანოზე ინავარდა.





No comments:

Post a Comment