Friday, May 18, 2012

„ოპელი“ „ასტრას“ გერმანიაში აღარ გამოუშვებს


GM chooses UK plant over Germany for new Astra
18 მაისი
„ჯენერალ მოტორსის“ ევროპული შტო „ოპელ/ვოქსოლი“, შემდეგი თაობის „ასტრას“ გერმანიის ნაცვლად, ბრიტანეთსა და პოლონეთში გამოუშვებს. ამერიკულმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ელესმერ პორტის (ინგლისის ჩრდილო დასავლეთი) ქარხნის პროფკავშირებთან, მისთვის სასურველი პირობებით, ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

„ოპელის“ მეორე ყველაზე კარგად გაყიდვად მოდელ (ბესტსელერი სუბკომპაქტური კორსაა) „ასტრას“ ახალი თაობა ბაზარზე 2015 წელს გამოვა, ბრიტანულ პროფკავშირთან დადებული შეთანხმება კი ცოტა ადრე ამოქმედდება. მის გარდა, ამ ავტომობილის პოლონეთის ქალაქ გლივიცეში მდებარე ქარხანაც გამოუშვებს. ამგვარად, ბოხუმის ქარხანა, რომელიც „ასტრას“ ძირითადი მწარმოებელი იყო, უსაქმოდ დარჩენის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.
„ჯენერალ მოტორსი“ ელესმერისა და გლივიცეს ქარხნებში, ჯამში 300 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს. აქედან 156 მილიონი ელესმერის ქარხანას მოხმარდება, დანარჩენი კი - გლივიცეს ქარხანას. ამასთან, ბრიტანულ საწარმოში, დამატებითი 700 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
მოლაპარაკებაში ჩართული ოფიციალური პირისგან, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, როიტერსისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „ოპელის“ ერთ-ერთი გერმანული ქარხანა აუცილებლად დაიხურება. რომელი იქნება ეს ქარხანა, რიუსელსჰაიმისა, სადაც „ოპელის“ შტაბ ბინაც მდებარეობს, თუ ბოხუმისა? ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.
სამაგიეროდ, „ჯენერალ მოტორსმა“ უკვე გადაწყვიტა, რომ რიუსელსჰაიმში „ასტრას“ წარმოება მაშინვე შეწყდება, რაც ახლანდელი თაობის ავტომობილი თავისი არსებობის ციკლს დაასრულებს. თუმცა, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბოხუმის ქარხანა მხოლოდ ძველ „ასტრას“ აწარმოებს. ესაა უნივერსალი და ხუთკარიანი ჰეჩბეკი, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე იყიდება. ამასთან, მათი წარმოება მანამ გაგრძელდება, სანამ მათზე მოთხოვნა იარსებებს.
აღსანიშნავია, რომ რიუსელსჰაიმის ქარხნის წლიური წარმადობა მხოლოდ 100 000 ავტომობილია. აქედან 30 000 „ასტრაა“, დანარჩენი კი საშუალო ზომის „ინსიგნია“. „ასტრას“ წარმოების შეწყვეტის შემდეგ, ამ ქარხნის საწარმოო სიმძლავრე გამოთავისუფლდება. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მასში „შევროლეს“ მოდელებს გამოუშვებენ, რომლებსაც გენერლები აზიიდან ევროპაში გადაამისამართებენ. ამგვარად, რიუსელსჰაიმის ქარხანას დახურვის საშიშროება მოეხსნება.
დაუცველი ბოხუმის ქარხანა რჩება, რომლის პროფკავშირსაც, ბაზარზე ახალი „ასტრას“ გამოსვლის მომენტიდან, „ჯენერალ მოტორსთან“ ხელშეკრულება აღარ ექნება. თუმცა, მისი დახურვის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და შესაძლოა, იქაც „შევროლეს“ მოდელების წარმოება გადაწყდეს.

No comments:

Post a Comment