Friday, May 18, 2012

„ბენტლი“ დაკარის რალი მარათონზე გამოსვლას აპირებს


Bentley set to enter Dakar rally with new SUV
18 მაისი
„ბენტლი“ და საავტომობილო რბოლები ერთ დროს განუყოფელები იყვნენ, მაგრამ გასული საუკუნის 20-იან წლებში, ლე მანის 24-საათიან რბოლებში დომინაციის შემდეგ, ბრიტანულმა კომპანიამ ლეგენდარული სარტეს ავტოდრომი დიდი ხნით დატოვა. ამ საუკუნის დასაწყისში კი დაბრუნდა და გერმანელ მონათესავე „აუდის“ დახმარებით, პროტოტიპ „სპიდ 8-ით“, მორიგ გამარჯვებას მიაღწია. თუმცა, ეს დაბრუნება ერთჯერადი გამოდგა...
ახლახანს კი, ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ქრიუელებს რბოლებში დაბრუნება სურთ. ოღონდ, ამჯერად არა წრიულ რბოლებში, არამედ დაკარის ურთულეს რალი-რეიდზე, სადაც გასულ წლებში, მათი კიდევ ერთი გერმანელი ნათესავი - „ფოლკსვაგენი“ ბატონობდა.

„ბენტლი“ ამჟამად, თავის ისტორიაში პირველი უგზოობის ავტომობილის შემუშავებითაა დაკავებული. მისი პირველი კონცეპტუალური ვერსია ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენა და იქ მიღებული უარყოფითი გამოხმაურებების გამო, ავტომობილის დიზაინის ძირეული გადახალისება გადაწყვიტა. ბაზარზე მის გამოსვლამდე კი ამ ავტომობილის ფართოდ რეკლამირება მისწრება იქნება.
რა თქმა უნდა, კარგი რეკლამა შესაბამისი მიღწევებით შეიძლება და ამ საქმეში „ბენტლის“ „ფოლკსვაგენის“ ძლევამოსილი „ტუარეგი“ გამოადგება, რომლის საფუძვლიანად მოდიფიცირებული ვერსიითაც, ვოლფსბურგელებმა ზედიზედ სამჯერ „დაიპყრეს“ სამხრეთ ამერიკული დაკარი. მერე კი, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გადაწყვიტეს და დაკარის სარბოლი მანქანები კერძო გუნდებს მიჰყიდეს.
ბრიტანულ გამოცემა „ქარ მეგზინის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ „ბენტლიმ“ ეს სარბოლი მანქანები გამოისყიდა. მათ საფუძველზე საკუთარ სარბოლ მანქანებს მოამზადებს და დაკარის 2013 წლის მარათონზე იასპარეზებს.
სარბოლი „ტუარეგ 3“, რომლითაც „ფოლკსვაგენმა“ დაკარზე მესამე გამარჯვება მოიპოვა, 2.5-ლიტრიანი წყვილტურბოიანი დიზელითაა აღჭურვილი, რომელიც 296 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს ავითარებს. „ბენტლი“ ამ აგრეგატს შეცვლის და მის ნაცვლად, 6.0-ლიტრიან წყვილ ტურბოიან W12-ს დააყენებს. თუმცა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა და შესაძლოა, არჩევანი 500-ცხენისძალიან 4.0-ლიტრიან წყვილტურბოიან V8-ზე შეჩერდეს. ასევე განიხილება დიზელის ტურბო V8-ს და პლაგ-ინ ჰიბრიდული ვარიანტები.

No comments:

Post a Comment