29 ივნისი
პაიკს პიკის საერთაშორისო რბოლა, რომელიც წელს 90-ედ
უნდა ჩატარდეს, ძლიერი ხანძრების გამო, გაურკვეველი დროით გადაიდო. რბოლის ორგანიზატორებს
შეხვედრა ჰქონდათ აშშ-ის სატყეო სამსახურთან, სადაც ურჩიეს, რომ ამ ეტაპზე, რბოლის
ჩატარება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. რბოლა 8 ივლისს უნდა გამართულიყო.
კოლორადოს მთებში ხანძარი უკვე რამდენიმე დღეა,
მძვინვარებს და მან უკვე 18 500 აკრი ფართობის ტყე გაანადგურა. მართალია, ხანძარი
რბოლის ჩატარების (მთა პაიკს პიკი) უშუალო სიახლოვეს არ მძვინვარებს, მაგრამ მის
გამო, ქალაქ კოლორადო სპრინგსის რესურსების დიდი ნაწილია მობილიზებული, რაც რბოლის
საორგანიზაციო მხარეს გაართულებს.
„ჩვენი მთავარი საზრუნავი მაყურებელთა და
მონაწილეთა უსაფრთხოებაა. რამდენიმე სააგენტო, რომლებსაც რბოლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
უნდა მიეღო მონაწილეობა, ვერ შეძლებს თავისი რესურსების ჩვენთვის გამოყოფას,
რადგან ისინი ხანძართან ბრძოლისას სჭირდებათ. ამიტომ, დათქმულ დროში რბოლის
ჩატარება შეუძლებლად ჩავთვალეთ“, - ნათქვამია პაიკს პიკის საერთაშორისო რბოლის
ორგანიზატორთა მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რბოლის 211 მონაწილეს და მათს მხარდამჭერ გუნდებს
უკვე ეცნობათ, რომ რბოლა გადაიდო. მის ახალ თარიღთან დაკავშირებით კი განცხადება მოგვიანებით
გამოქვეყნდება.
No comments:
Post a Comment