Friday, June 29, 2012

ცოტა რამ მეოთხე თაობის „პრიუსის“ შესახებ


2015 Toyota Prius Will Be Lighter, More Slippery
29 ივნისი
„ტოიოტა“ წარმოებისთვის მეოთხე თაობის „პრიუსს“ ამზადებს, რომლის შემუშავებაშიც, შესაძლოა მონაწილეობა „ბეემვეს“ სპეციალისტებმაც მიიღონ - იაპონურმა კომპანიამ ახლახანს ბავარიელებთან პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც, მხარეებს მწვანე ტექნოლოგიების განვითარებაში თანამშრომლობას ავალებს.

ახალი „პრიუსი“ ბაზარზე 2015 წელს უნდა გამოჩნდეს. წონის შემცირების, აეროდინამიკურად დახვეწილი ძარისა და მცირე წინააღმდეგობის მქონე საბურავების წყალობით, ახალი ავტომობილი ახლანდელზე ეკონომიური იქნება და ის ატმოსფეროს ნაკლები ნახშირორჟანგითაც დააბინძურებს.
წონის შემცირება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც ახალი „პრიუსის“ ინჟინრებს მიზნად აქვთ დასახული. ახლანდელი ჰიბრიდული ავტომობილი 1445 კილოგრამს იწონის, რაც მეტისმეტად ბევრია. მაგრამ კარბონის დანერგვის წყალობით (რაშიც მათ ბეემვეს სპეციალისტები დაეხმარებიან), მისი მნიშვნელოვნად შემცირებაა შესაძლებელი.
სხვათა შორის, წინა თაობის „პრიუსებზე“ იაპონურ კომპანიას ალუმინის ფართოდ გამოყენება სურდა, თუმცა ამაზე უარის თქმამ მოუწია, რადგან ალუმინის დიდი დეტალების სატვიფრი დანადგარები მეტისმეტად ძვირი ჯდება. „პრიუსის“ წარმოების მოცულობა კი იმდენად დიდი არაა, რომ „ტოიოტა“ ასეთ ფუფუნებაზე წასულიყო.
საწვავის ეკონომიურობის გაუმჯობესების ყველაზე კარგ საშუალებად „ტოიოტაში“ სპეციალური საბურავების გამოყენება მიიჩნიეს, რომლებსაც რხევებისადმი შემცირებული წინააღმდეგობა გააჩნია. ასეთი საბურავების შემუშავების მიზნით, იაპონური კომპანია საბურავების მწარმოებლებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.
დაბოლოს, მესამე ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება, აეროდინამიკის დახვეწაა. ამ მხრივ, „პრიუსი“ ახლაც ერთ-ერთი მოწინავეა გლობალურ ბაზარზე (მისი ძარის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტია 0.25), მაგრამ „ტოიოტაში“ თვლიან, რომ ამ მხრივ, მეტია შესაძლებელი. ამისათვის კი ძარის ის ნაწილები, რომლებსაც ჰაერის შემხვედრ ნაკადთან „დაჯახება“ უწევთ, უფრო დახრილ ფორმებს მიიღებს.
„ტოიოტამ“ ჰიბრიდული „პრიუსის“ წარმოება 1997 წელს დაიწყო. თავიდან ის მხოლოდ იაპონიაში იყიდებოდა, სამი წლის შემდეგ კი გლობალურ ბაზარზეც გავიდა. მას შემდეგ, მთელს მსოფლიოში უკვე 2.6 მილიონი „პრიუსია“ გაყიდული. ამჟამად კი „პრიუსის“ ოჯახში უკვე ოთხი მოდელი შედის, რომელთაგან ბოლოს ბაზარზე პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსია გამოვიდა.

No comments:

Post a Comment