Wednesday, June 20, 2012

„რენო“ ორი მაღალი კლასის ბრენდის აღდგენას განიხილავს


Renault Contemplating the Launch of Two Upscale Brands Including the Revival of Alpine
20 ივნისი
მართალია, ევროპაში ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ ისევ არ გამოსწორებულა, მაგრამ ამის მიუხედავად, „რენო“ თავის პროგრამაში ორი მაღალი კლასის ბრენდის დამატებას მაინც აპირებს. ამ ორიდან ერთი „ალპინი“ უნდა იყოს, რომლითაც „რომბები“ სპორტულ ავტომობილებს გამოუშვებენ. მეორე კი სრულიად ახალი სახელია - „ინიციალ პარი“, რომლითაც ლუქსის კლასის ავტომობილები გამოვა.
„რენოს“ მთავარი საოპერაციო დირექტორი კარლოს ტავარესი ამ ინფორმაციას სააგენტო ბლუმბერგთან საუბარში ადასტურებს და დასძენს, რომ ასევე იგეგმება განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე შეღწევა, რათა კომპანია ნაკლებად იყოს დამოკიდებული მხოლოდ ევროპის ბაზარზე.
„აუცილებელია კონკურენტუნარიანობის მთელს მსოფლიოში შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, თუ აქამდე მხოლოდ ევროპულ ბაზარზე ორიენტირებულები ვიყავით, მალე გლობალური ავტომწარმოებლები გავხდებით“, - ამბობს ტავარესი.
ფრანგული კომპანია 1999 წლიდან ალიანსშია „ნისანთან“. ფრანგულმა და იაპონურმა კომპანიებმა მაშინ აქციები გაცვალეს, რისი შედეგიც ისაა, რომ ამჟამად მათ გლობალურ ბაზარზე მეექვსე ადგილი უკავიათ. „რენოსა“ და „ნისანის“ გარდა, ალიანსში ასევე შედის მათ ხელთ არსებული ბრენდები - იაპონური პრემიუმ ბრენდი „ინფინიტი“, კორეული „რენო სამსუნგ მოტორსი“, რუმინული „დაჩია“ და რუსული „ლადა“.
ფრანგული კომპანია პრემიუმ მარკით პირველ რიგში, ჩინურ ბაზარზე დამკვიდრებას ეცდება, სადაც ამ კლასის ავტომობილები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მისი თქმით, ლუქსის კლასის „აუდის“ წყალობით, „ფოლკსვაგენის“ ავტორიტეტიც გაიზარდა, რაც ამ ორი კომპანიის გაყიდვებზე დადებითად აისახება.

ტავარესმა წლის დასაწყისში აღიარა, რომ „რენოს“ მაღალი კლასის ავტომობილის შემუშავება უკვე დაწყებული აქვს. ეს ავტომობილი „მერსედეს-ბენცის“ E-კლასის სედანის პლატფორმაზე იქნება ბაზირებული (გერმანული კომპანიაც რენო-ნისანის პარტნიორია). ახლახანს კი ფრანგულმა კომპანიამ მონაკოში შუაძრავიანი სპორტკუპე „ალპინ A110-50“ წარადგინა...

ბლუმბერგთან საუბრისას, ტავარესი ამბობს, რომ ორი ახალი ბრენდის შესახებ გადაწყვეტილებას „რენო“ წელს მიღებს.

No comments:

Post a Comment