20 ივნისი
ახლახანს „ბენტლიმ“ მოდელ „კონტინენტალის“ საბაზო
ვერსია განაახლა, რომელიც ახალი V8 ძრავით აღჭურვა. იმავდროულად, კომპანია ამავე
ავტომობილის ტემპერამენტიან ვერსიაზეც (კონტინენტალ GT
სპიდ) მუშაობდა, რომელსაც პირველად გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარადგენს.
განახლებულ ავტომობილზე სიახლეთა უმეტესობა
დაფარულია - კაპოტქვეშაა მოთავსებული. გარეგნულად კი ის თითქმის უცვლელი დარჩა. რა
თქმა უნდა, ამ ავტომობილში მთავარი W12 კონფიგურაციის 6.0-ლიტრიანი ძრავია,
რომელსაც ორი ტურბოდამჭირხნი ემსახურება. მოდერნიზების შემდგ, ამ აგრეგატის
მაქსიმალური სიმძლავრე 625 ცხენის ძალამდე (25 ცხ.ძ-ით), მაქსიმალური მაბრუნი
მომენტი კი 800 ნიუტონმეტრამდე (50 ნმ-ით) გაიზარდა.
ძრავის ასეთი გაძლიერების შემდეგ, ავტომობილის დინამიკური
მახასიათებლებიც გაუმჯობესდა: ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა მას უკვე 4.0
წამში (4.2 წამის ნაცვლად) შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-მდე
გაიზარდა. ამგვარად, განახლებული „კონტინენტალ GT სპიდ კუპე“, ინგლისური კომპანიის
ისტორიაში, ყველაზე სწრაფი სერიული (არასარბოლი) ავტომობილი გახდა.
მაგრამ ეს ყველაფერი არაა - სრულამძრავიანი
ავტომობილი ახალი, 8-საფეხურიანი ავტომატური (ZF-ის წარმოების) გადაცემათა
კოლოფითაც აღიჭურვა, რომელსაც დაახლოებული საფეხურები აქვს. ეს კი გადაცემების
სწრაფად გადართვის და სწრაფადვე აჩქარების საშუალებას იძლევა. მთავარი კი ისაა,
რომ როგორც „ბენტლი“ ირწმუნება, ასეთი კოლოფი ხარჯს და გამონაბოლქვში
ნახშირორჟანგის შემცველობას დაახლოებით 12 პროცენტით ამცირებს.
მოდერნიზება შასისაც შეეხო. კერძოდ, დაიხვეწა საჭის
და დაკიდების სისტემები. შემცირდა კლირენსი და ავტომობილი ალუმინის 21-დუიმიან ბორბლებზე
დააყენეს, რომლებიც 275/35 R21 „პირელი Pზერო“ ულტრა ეფექტური საბურავებით შემოსეს.
„ბენტლის“
ინფორმაციით, „კონტინენტალ GT
სპიდ კუპეს“ გაყიდვები პარიზის მოტორ შოუს შემდეგ, ოქტომბერში დაიწყება.ასევე წაიკითხეთ
”ჰირუნდო” - ქართული სუპერ ავტომობილი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2011/10/blog-post_1986.html |
No comments:
Post a Comment