Thursday, August 23, 2012

„ლენდ როვერ ფრილენდერ 2-ის“ უმნიშვნელო სახეცვლილება

2013 Land Rover Freelander 2 / LR2 Receives a Light Makeover
23 აგვისტო
ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ ბაზარზე პოპულარული „ფრილენდერის“ მეორე თაობის მოდელი (იგივე LR2) გამოუშვა, ორი წელი კი მას შემდეგ, რაც ის ბოლოს გადაახალისა. მართლაც რომ გადაახალისა, რადგან ავტომობილს გარეგნული ცვლილებები ნაკლებად ეტყობა. სამაგიეროდ, მის სამსახურში ამიერიდან ახალი, ბენზინზე მომუშავე ტურბოძრავი ჩადგება.

განახლებულ ავტომობილზე შეიცვალა ფარები, რადიატორის ბადე, ნისლსაწინააღმდეგო ფარები, რომლებიც მოქრომილ ფოსოებშია ჩასმული, წინა ბორბლების თაღების უკან მდებარე ჰაერის გამომშვებთა მოყვანილობა და 17-დუიმიანი ბორბლები, რომლებიც ახლებურ სტილშია შესრულებული. ახალი ავტომობილის ფერთა გამას, სამი ახალი ფერიც (ეინტრი გრინ, ჰავანა და მაურიტიუს ბლიუ) დაემატა.

უფრო მეტი ცვლილებაა სალონში. „ლენდ როვერმა“ საფუძვლიანად შეცვალა ცენტრალური კონსოლი, რომელსაც ამიერიდან 7-დუიმიანი სენსორული მონიტორი ამშვენებს. ეს მონიტორი ბევრ ფუნქციას აკონტროლებს, მათ შორის ნავიგაციის სისტემას, და პრემიუმ აუდიო სისტემას (მერიდიანის წარმოების). ამ უკანასკნელში 11, ან 17 დინამიკი შედის. გარდა ამისა, საბაზო კომპლექტაციაში შესულია უკანა ხედვის კამერა და ხმოვანი მართვის სისტემა „სეი ვოთ იუ სი“ (თქვი, რას ხედავ), რომელიც ხმოვან ბრძანებებს ასრულებს. ამ სისტემით აუდიოსისტემის, ნავიგაციის, კლიმატ კონტროლისა და ტელეფონის მართვაა შესაძლებელი.
განახლება შეეხო საჭის რგოლის უკანა მაჩვენებლების დაფასაც. კერძოდ, მრგვალ ციფერბლატებს შორის გაჩნდა პატარა, 5-დუიმიანი მონიტორი, რომელზეც შეგიძლიათ, ძრავის ტემპერატურა, საწვავის მარაგი, გადაცემის საფეხური და სისტემა „ტერაინ რესპონსის“ რეჟიმი ნახოთ. ეს უკანასკნელი ამიერიდან სპეციალური კლავიშების დახმარებით იმართება. ავტომობილი ასევე აღიჭურვა მისი გაღების უგასაღებო სისტემით, ხელის მუხრუჭი ელექტრონულმა სისტემამ შეცვალა, რომელიც სამუხრუჭე ძალას, მანქანის სადგომის დახრის კუთხის შესაბამისად არეგულირებს. კლიმატ კონტროლის სისტემა კი მანამ იწყებს თავისი მოვალეობის შესრულებას, სანამ მანქანას გააღებთ და მასში ჩაჯდებით.
ევროპული ბაზრისთვის, ძრავების გამა უცვლელია: 2.2-ლიტრიანი დიზელის აგრეგატი 148 და 187 ცხენის ძალას ავითარებენ. უფრო სუსტი ძრავი წინაამძრავიანი ტრანსმისიის შემთხვევაშიც გამოიყენება, რა დროსაც ავტომობილის ხარჯი 100 კილომეტრზე მხოლოდ 6.0 ლიტრია. ამასთან ორივე ძრავი სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილი „ფრილენდერის“ კომპლექტაციაში შედის.

ამერიკის ბაზრისთვის კი ძრავების გამაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: ბენზინის 3.2-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი აგრეგატი, ასევე ბენზინზე მომუშავე 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით შეიცვალა, რომელსაც „ლენდ როვერი“ უკვე იყენებს „რეინჯ როვერ ევოკზე“. ეს ძრავი 240 ცხენის ძალას (5500 ბრ/წთ-ზე) და 340 ნიუტონმეტრს (3200 ბრ/წთ-ზე) ავითარებს, რაც მის მიერ შეცვლილი აგრეგატის შესაბამის მაჩვენებლებზე 10 ცხენის ძალით და 21 ნიუტონმეტრით მეტია. ამ ძრავთან შეწყვილებულია „ეიზინის“ წარმოების 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი (AWF21) და მუდმივად ჩართული სრულამძრავიანი სისტემა, რომლის უკანა ღერძშიც „ჰალდექსის“ დიფერენციალია გამოყენებული.
მოდიფიცირებული „ლენდ როვერ ფრილენდერ 2-ის“მსოფლიო პრემიერა მოსკოვის საერთაშორისო მოტორ შოუზე ჩატარდება, შემდეგ კი მას პარიზის მოტორ შოუზეც წარადგენენ. მისი გაყიდვები სწორედ პარიზული შოუს შემდეგ დაიწყება და ფასებიც მაშინ გამოქვეყნდება.



ასევე წაიკითხეთ:

გაიცანით - ახალი „რეინჯ როვერი“


„ლენდ როვერი“ და „ბოულერი“ ოფიციალურად დამეგობრდნენ (ვიდეო)

No comments:

Post a Comment