Tuesday, August 14, 2012

გაიცანით - ახალი „რეინჯ როვერი“

New Photos of 2013 Range Rover
14 აგვისტო
„ლენდ როვერს“ თავისი თაყვანისმცემლებისთვის დიდი სიახლე აქვს - მეოთხე თაობის „რეინჯ როვერი“. ამ უგზოობის ლიმუზინის მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც, ბრიტანული კომპანია მასზე შეკვეთების მღებას დაიწყებს. თუმცა, პრემიერამდ თვენახევრით ადრე, „ლენდ როვერმა“ მისი ფოტოები და ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა.
რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილი, პირველ რიგში, თავისი გარეგნობით იქცევს ყურადღებას. ამ მხრივ კი, წინა მოდელთან ბევრ ცვლილებას ვერ შეამჩნევთ. სახეზეა სტილის ევოლუციური განვითარება. ინტერიერში უფრო მეტი სიახლეა და რაც მთავარია, აქ „ევოკთან“ მსგავსებებსაც აღმოაჩენთ. ამაში გასაკვირი არაფერია - „ევოკი“ ხომ მსოფლიო ბაზრის ჰიტი გახდა და კონკურსს კონკურსზე იგებს.
ყველაზე მეტი სიახლე კი ახალი „რეინჯ როვერის“ აგებულებაში, მის სტრუქტურაშია. ის სრულიად ახალ, ალუმინისგან შექმნილ მონოკოკურ ტანზეა აგებული, რომელიც წინა „რეინჯ როვერის“ ფოლადის სტრუქტურაზე 39 პროცენტით მსუბუქია. ალუმინისგანვეა შექმნილი შასის წინა და უკანა არქიტექტურაც.
ამ ალუმინიზაციის შედეგი ისაა, რომ ახალი ავტომობილი (ევროპული სპეციფიკაციებით) მის წინამორბედზე 420 კილოგრამით მსუბუქია. აქ აღსანიშნავია ერთი რამ: ამერიკის ბაზრისთვის, „რეინჯ როვერი“ 5.0-ლიტრიანი V8 ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი და ამ შემთხვევაში, წინა და ახალ მოდელების წონებს შორის სხვაობა 318 კილოგრამია.
„ალუმინის პლატფორმის წყალობით, „რეინჯ როვერი“ უფრო ტემპერამენტიანი და მოქნილი გახდა. ამასთან, ის უფრო მცირე რაოდენობით საწვავს მოიხმარს და ნაკლებ ნახშირორჟანგსაც გამოჰყოფს“, - ნათქვამია „ლენდ როვერის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყველა სიკეთესთან ერთად, უგზოობის ლუქს ავტომობილი მოდერნიზებული პნევმო საკიდარითაც აღიჭურვა. მისი წყალობით, ავტომობილი მოსახვევებს უფრო თანაბრად, თავდაჯერებულად გადის და მისი მართვაც უფრო მარტივი და მოსახერხებელია. სრულამძრავიან „რეინჯ როვერზე“ პირველად გამოიყენებენ „ლენდ როვერის“ მიერ მოდერნიზებულ სისტემა „ტერაინ რესპონსს“, რომელიც აანალიზებს საგზაო პირობებს და შესაბამისად მომართავსავტომობილის სხვადასხვა სისტემას, მათ შორის ტრანსმისიას და საკიდარს.
„ლენდ როვერს“ ჯერ ახალი „რეინჯ როვერის“ გაბარიტები არ გამოუქვეყნებია. თუმცა წინასწარ გვამცნო, რომ ახალ ავტომობილს უფრო გრძელი ბაზა აქვს და სალონშიც, უკანა სავარძლის სივრცე 118 მილიმეტრითაა გაზრდილი. ამასთან, უკან მხოლოდ ორადგილიანი (აღმასრულებლის კლასის) სავარძელია, შესაბამისი ეკიპირებით.

ახალი „რეინჯ როვერის“ ევროპული ვერსიისთვის ჯერ მხოლოდ სამი ძრავია გათვალისწინებული. მათგან ერთი ბენზინზე მუშაობს, ორი კი - დიზელზე. პირველია 4.2-ლიტრიანი V8, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. დიზელის ძრავებიდან ერთია 3.0-ლიტრიანი TDV6, მეორე კი - 4.4-ლიტრიანი TDV8. ამერიკისთვის ჯერჯერობით მხოლოდ 5.0-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავია გათვალისწინებული.
ყველა ძრავს ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია შეუწყვილდება. ამ ტრანსმისიის საფეხურების შეცვლა უცნაური მეთოდით ხდება - ბერკეტის ნაცვლად, ამ მოვალეობას ცენტრალური კონსოლის ქვედა ნაწილში მოთავსებული სპეციალური მოზრდილი ღილაკი ასრულებს.
უფრო მეტს ამ ავტომობილის შესახებ, პარიზის მოტორ შოუზე, მისი ოფიციალური პრემიერისას შევიტყობთ. ევროპაში მისი გაყიდვები პარიზული შოუს დასრულებისთანავე დაიწყება, ამერიკის ბაზარი მეოთხე თაობის „რეინჯ როვერს“ დეკემბერში მიღებს, დანარჩენი მსოფლიო კი - მომავალი წლიდან.


ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

და

„ჯიპი“ უგზოობის სუბკომპაქტურ ავტომობილს გამოუშვებს

No comments:

Post a Comment