Sunday, August 5, 2012

„ფერარი“ მანქანის სრულყოფის სწორ გზას დაუბრუნდება

Ferrari says development 'back on track'
5 აგვისტო
რაც ფორმულა ერთში ტესტები შეიზღუდა, ასეთი რამ ხშირად ხდება - გუნდის მცდელობას, გააუმჯობესოს მანქანის კონკურენტუნარიანობა, საპირისპირო შედეგი მოაქვს და შესაბამისად, ეს რბოლებში მიღწეულ შედეგებზეც აისახება. ასე მოსვლიათ „მაკლარენს“, „ლოტუსს“ (როცა რენო ერქვა), „მერსედესს“ და როგორც ირკვევა, „ფერარისაც“.


არადა, მარანელოელთა წინსვლა აშკარაა - სეზონის წინ თუ მათი მდგომარეობა უიმედოდ მოჩანდა, ნახევარი სეზონის შემდეგ, მათი მრბოლი ფერნანდო ალონსო სეზონის გამოკვეთილ ლიდერად მოგვევლინა. როგორც თავად იტალიურ გუნდში აღიარებენ, სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, მათ წრის გავლის საშუალო დრო დაახლოებით სამი წამით გააუმჯობესეს.
მაგრამ ბუდაპეშტში წარუმატებლობის შემდეგ - იქ ალონსო, ვისაც ჯერჯერობით ყველაზე მეტი, სამი გამარჯვება აქვს, მეხუთე ადგილს დასჯერდა, „სკუდერიაში“ მცირე სტაგნაციაზე ალაპარაკდნენ. უფრო მეტიც, გუნდის მთავარი ინჟინერი პეტ ფრაი ირწმუნება, რომ მანქანის გაუმჯობესების ბოლო რამდენიმე მცდელობამ უარყოფითი შედეგი გამოიღო.

„ეს მართლაც ასეა: არაერთი ნაწილი ახლიდან შევქმენით, რისი მიზანიც, მანქანის შესაძლებლობათა გაუმჯობესება იყო. მაგრამ პირიქით მოხდა. ასეთი რაღაც ხდება ხოლმე. მთავარია, რომ ამ ყველაფერს ალღო ავუღეთ. ახლა ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. ეს წინსვლაში დაგვეხმარება. კარგად ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ამაზე უკვე ვმუშაობთ“, - ამბობს ფრაი და დასძენს, რომ სპას და მონცას სწრაფი ტრეკებისთვის, „ფერარის“ ძრავის და აეროდინამიკის სპეციფიკური პაკეტები აქვს შემუშავებული:
„რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტა განვავითარეთ, რომლებსაც სპაზე და მონცაზე გამოვიყენებთ. ეს სიახლეები, ჩვენი მანქანის აეროდინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესებაში უნდა დაგვეხმაროს. გარდა ამისა, იტალიური ტრასისთვის, ძრავზეც გვექნება სიახლეები“.
ის დასძენს, რომ გუნდმა ამ სიახლეების შესამუშავებლად ბევრი იმუშავა, თუმცა არანაკლები საქმე კიდევ გასაკეთებელია, რადგან მეტოქე გუნდები ტემპის დაგდებას არავის აპატიებენ. „ჩემი აზრით, სეზონის განმავლობაში, სხვებზე მნიშვნელოვანი წინსვლა ჩვენ გვაქვს, თუმცა სეზონის ბოლომდე ჯერაც ბევრი რბოლაა და ამ ტემპის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა ექნება“, - დასძენს ფრაი.





ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment