Tuesday, September 4, 2012

ფორმულა „ფორდი“ 1.0-ლიტრიანი ეკობუსტით სუპერავტომობილებს სჯობნის

Ford's 1.0-liter EcoBoost-powered formula car beats supercars
4 სექტემბერი
„ფორდის“ 1.0-ლიტრიანი, სერია ეკობუსტის სამცილინდრიანი ძრავი, რომელიც 99 და 123 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ახლახანს წლის საუკეთესო ძრავად დაასახელეს. ის პატარა და ეკონომიურია, მაგრამ შესაფერის პირობბში, მისით აღჭურვილი ავტომობილი შეიძლება ისეთივე ტემპერამენტიანი და მკვირცხლი იყოს, როგორიც სუპერ ავტომობილებია.
ყოველ შემთხვევაში, ცისფერი ოვალის ინჟინრებს (რა თქმა უნდა, მარკეტოლოგთა შეკვეთით) ამის დემონსტრირება სურდათ და მათ ამისათვის, ფორმულა „ფორდის“ ღიაბორბლიანი სარბოლი ავტომობილი გამოიყენს. ექსპერიმენტისთვის კი რა თქმა უნდა, გერმანიის ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი აირჩიეს.

 ოღონდ, ექსპერიმენტამდე მათ ძრავის დახვეწის საშუალება მიეცათ. მათ ის 202 ცხენის ძალამდე გააძიერეს, რის შემდეგაც, ფორმულა „ფორდის“ ბოლიდში ჩადგეს. ჩვეულებრივ, ეს ავტომობილი 1.6-ლიტრიანი ეკობუსტითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 178 ცხენის ძალაა.

 ამერიკული კომპანიის ინფორმაციით, ინჟინერთა ჯგუფმა თვითონ ავტომობილი იმგვარად გადააკეთა, რომ ის საერთო სარგებლობის გზებისთვის გამოსადეგი ყოფილიყო. კერძოდ, ბორბლები სპეციალური ნახევართაღებით დაფარა, ავტომობილი წინა და უკანა ფარებით აღიჭურვა. აეროდინამიკურად დამუშავდა გვერდითა სარკეები. ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი დაუკავშირეს, ჩვეულებრივი საბურავები კი საგზაო გამოყენებისთვის ვარგისებით შეიცვალა.

1.0-ლიტრიანი 202-ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვილმა სარბოლმა ავტომობილმა, რომლის საჭესაც მრბოლი ნიკ ტენდი მართავდა, ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის ერთი წრე, 7 წუთსა და 22 წამში გაიარა, ეს კი ამ ავტოდრომის ყველა დროის მე-11 საუკეთესო დროა. ამასთან, 20.832 კმ სიგრძის ტრეკზე, ავტომობილის საშუალო სიჩქარემ 169 კმ/სთ-ს მიაღწია.
ამგვარად, „ფორდის“ განცხადებით, საგზაოდ მოდიფიცირებულმა ფორმულა „ფორდმა“ აჯობა ისეთ სუპერ ავტომობილებს, როგორებიცაა „ლამბორგინი ავენტადორ LP700-4“ (700 ცხ.ძ), „ფერარი ენცო“ (660 ცხ.ძ) და „პაგანი ძონდა“ (602 ცხ.ძ). „ამ პატარა ძრავმა ხალხი გაოცებული დატოვა და ისინი საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც შედეგები ნახეს. მართლა გასაოცარია, როდესაც 3-ცილინდრიანი ერთლიტრიანი ძრავი ასეთ შესაძლებლობებს ავლენს“, - განაცხადა ნიკ ტენდიმ.
ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ საგზაოდ მომართული სარბოლი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 255.5 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა კი მას 4 წამზე ნაკლებში შეუძლია. ამასთან, 100 კილომეტრის გასავლელად, როდსაც საშუალო სიჩქარე 56 კმ/სთ-ია, ავტომობილს 2.4 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას კი ხარჯი 5.0 ლიტრამდე იზრდება.


ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია


No comments:

Post a Comment