Wednesday, September 12, 2012

„ნისან ტერა“ - უგზოობის საქალაქო ელექტრომობილი


Nissan TeRRA Concept is an All-Electric 'Urban' SUV
12 სექტემბერი
ყურს ეხამუშება, მაგრამ „უგზოობის საქალაქო“ ავტომობილებს უკვე ყველგან ნახავთ. პრინციპში, ყურიც უკვე შეჩვეულია, მაგრამ რომ დააკვირდეთ, უცნაურად ჟღერს. თუმცა, ჩვენს არცთუ შორეულ წარსულში, ასეთი განსაზღვრება უცნაურად ვერ ჩაითვლებოდა. რა თქმა უნდა, თუ ჩვენებური ქუჩების გზის საფარს ქალაქისასთან საერთო არაფერი ჰქონდა (კიდევ კარგი, ასე აღარაა, იმ მასშტაბით მაინც)...

თემას ავცდით... რატომ, ალბათ ამის ახსნაც არ ღირს - სურათი უკვე ბევრს გეტყოდათ. გარეგნულად ნამდვილი იაპონელია, აღჭურვილობით - თანამედროვე „სვეტი“, ანუ ელექტრულ მოდას აყოლილი ოთხბორბალა. რეალობაშიც ასეა, ოღონდ ამ ოხერ სიტყვა კონცეპტუალურს ვერ ასცდა...
მოკლედ, „ნისანი“ კონცეპტუალურ „ტერას“ პარიზის მოტორ შოუზე გაგვაცნობს. წინასაპრემიერო პრეს რელიზში იაპონური კომპანია ირწმუნება, რომ ეს ავტომობილი სუფთა კონცეპციაა და მისი წარმოება არ იგეგმება. არადა ალბათ იფიქრეთ, რომ „Xტერას“ (თითქმის) სეხნია სერიული წარმოებისთვის იქნებოდა მომზადებული. იმავე რელიზში წერია, რომ „ნისანი“ მზადაა, მასობრივად დაიწყოს წყალბადის ფიჭურ-ელემენტიანი ელექტრომობილების წარმოება. და ეს მაშინვე მოხდება, რაც წყალბადთ ავტომობილების გაწყობა ისევე ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ეს ნავთობპროდუქტებითაა შესაძლებელი.
„ტერას“ გაბარიტებია: სიგრძე 4160 მილიმეტრი, სიგანე 1800 მმ, სიმაღლე კი - 1560 მმ. შედარებისთვის, თითქმის ასეთივე ზომები აქვს სუბკომპაქტურ „ნისან ჯუკს“: სიგრძე 4125მმ, სიგანე 1765მმ, სიმაღლე კი - 1570 მმ. „ნისანის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი და მთავარი კრეატიული მოხელე შირო ნაკამურა ამბობს, რომ „ტერას“ დიზაინერებმა შთაგონება ახალგაზრდა ჩრდილოევროპელების ცხოვრების წესისგან მიიღეს. და „ტერა“ რომ უგზოობის საქალაქო ავტომობილია, ეს განსაზღვრებაც ნაკამურას ეკუთვნის.
კონცეპტუალური ავტომობილი სამი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთაგან ერთი წინას, ორი კი უკანა ბორბლებს ემსახურება. კაპოტის ქვეშ მოთავსებულია წყალბადის ფიჭური ელემენტების ბლოკი, რომელიც ყოველ ლიტრ წყალბადზე 2.5 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ის ძრავი, რომელიც წინა ბორბლებს ატრიალებს, „ნისან ლიფისგანაა“ აღებული, ორი დანარჩენი ძრავი კი თავ-თავის ბორბალშია მოთავსებული. აღნიშნული სისტემა „ნისანმა“ პირველად თავის კონცეპტუალურ მოდელ „პივოზე“ გამოიყენა.
რელიზში აღნიშნულია, რომ რამდენადაც უკანა ბორბლებზე მამოძრავებელი ძალის გადასაცემად, კარდანული ლილვების საჭიროება არ არსებობს, მანქანის იატაკი ბრტყელი დამზადდა, რაც სალონის კომფორტულობას უწყობს ხელს.


ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment