Monday, September 17, 2012

„სმარტ ფორსტარს“ - ბრენდის მომავალი

Smart ForStars Concept Heads for Paris to Show us the Future of the Brand
17 სექტემბერი
„სმარტი ვარსკვლავებისთვის“? ეს ახალი სარეკლამო ფანდია, რომლითაც ჯუჯა ავტომობილების მწარმოებელი ყურადღების მიქცევას ცდილობს და ამ სახელით, პარიზის მოტორ შოუზე თავის ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს, რომლითაც თავის მომავალ სტილს გვანახებს. მომავალი „სმარტ ფორთუ“ დაახლოებით ასეთი იქნება და იქნებ, მისი გამაც გამრავალფეროვნდეს...

რა თქმა უნდა, ამ სახით ავტომობილი კონვეიერზე არ დადგება, თუმცა მისი ზოგიერთი ნაწილის მოყვანილობა მართლაც საყურადღებოა. მთიანობაში ავტომობილს ერთგვარად დაბერილი ფორმები გამოარჩევს, რაც ნავარჯიშები ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლოა, მის შემქმნელებს ამით იმის ხაზგასმა სურდათ, რომ ავტომობილი თავისი გაბარიტებისთვის შეუფერებლად ტემპერამენტიანი იქნება?


გარეგნობაში თვალში საცემია ფარების ზევით მოთავსებული „წარბები“, რომლებიც ფარებს ოდნავ ფარავს. მათ ქვემოთ თითქმის ისეთივე ფორმის ჰაერის ამღებებია, ალბათ მუხრუჭებისთვის, მაგრამ რად უნდა ასეთ პატარა ავტომობილს, მუხრუჭების გასაგრილებლად ამდენი ჰაერი? ისევ ტემპერამენტს მივადექით... თუმცა, ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ სტილისტიკური გადაწყვეტაა და არა ინჟინრული მოთხოვნების შესაბამისი. იგივე ითქმის უზარმაზარ, 21-დუიმიან ბორბლებზე, რომლებზეც 245/35 ZR21 ზომის რეზინია ჩაცმული.


ორადგილიან ჯუჯას მწარმოებელი SUC-კლასიფიკაციას (სპორტს უტილიტი კუპე) ანიჭებს. ამ განსაზღვრებაში სპორტს უტილიტი უგზოობის თვისებებზე მიგვანიშნებს, კუპე კი - სპორტულობაზე. ანუ, ეს შეიძლება იმის მინიშნება იყოს, რომ ამ ტიპის „სმარტს“ მალე სერიულადაც გამოუშვებენ...
ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 3550 მილიმეტრი, სიგანე 1710 მილიმეტრი და სიმაღლე 1505 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2470 მილიმეტრამდე, წინა და უკანა ბორბლების კვალი კი 1475 მილიმეტრამდე გაიზარდა. მთლიანობაში, ახლანდელ „ფორთუსთან“ შედარებით, „ფორსტარსი“ გაბარიტებში დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა.


რა თქმა უნდა, კონცეპტუალური ავტომობილისთვის შესაფერისია ინტერიერი. აქ ნახავთ ზორბა გვერდითა დამჭერებიან, ორიგინალური ფორმის სავარძლებს, რომლებიც მხიარულ ფერებშია გამოწყობილი, საჭის რგოლს, რომელიც რგოლი აღარცაა, რადგან ზედა ნაწილში გაჭრილია, მაჩვენებლების კომპაქტურ დაფას, რომელიც საჭის უკან ეტევა და მრგვალი ციფერბლატებით, რეტრო სტილს შეესაბამება...
ასევე ყურადღებას იქცევს გამჭვირვალე სახურავი, რომელიც უკანა, მესამე კარში გადადის და რომელზეც უკანა ანტიფრთაა (სპორტულობის აშკარა ნიშანი) დამაგრებული. ამავე სახურავთან წინა მხარეს ფერადი „საჩრდილობელია“ მიერთებული, რომელიც წინა საქარე შუშაზე გადადის და მზის სხივებისგან მძღოლის თვალებს იცავს.


არანაკლებ საინტერესოა ავტომობილის აღჭურვილობაც. რა თქმა უნდა, ის ელექტრომობილია. „რა თქმა უნდა“ - იმიტომ, რომ კონცეპტუალურ ავტომობილებს ახლა სწორედ ელექტრული, ან ჰიბრიდული ძალური დანადგარებით ამზადებენ. „გამწვანება“ თანამედროვე ავტოინდუსტრიის ისეთ ძლიერ ტრენდად ჩამოყალიბდა, რომ ის მის მომავალს განსაზღვრავს კიდეც. და ამ ტრენდს ძალიან ძლიერი არგუმენტები აქვს...


ძალური დანადგარი „ფორსტარსმა“ ბრაბუსის მიერ „ფორთუს“ ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილისგან ისესხა. ამ დანადგარში შედის 17.6-კილოვატსაათიანი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, რომელიც ენერგიით მაგნეტო-ელექტრულ ძრავს ატრიალებს. ეს ძრავი მანქანის უკანა ღერძზე ზის და მასვე ამოძრავებს. თანაც, ელექტროძრავის სიმძლავრე 80 ცხენის ძალამდე გაიზარდა (მომენტი 135 ნიუტონმეტრამდე), რაც ამ პატარა ავტომობილისთვის საკმარისზე მეტია, თუმცა კონცეპტუალური ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე მაინც 130 კმ/სთ ნიშნულითაა შეზღუდული. ამის მიზეზი ისაა, რომ მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობისას, ძრავი ენერგიას გაძლიერებული ულუფებით მიირთმევს და შესაბამისად, სვლის სიშორეც (მასზე სმარტი ჯერ არაფერს ამბობს) კლებულობს. სამაგიეროდ, დიდი სიმძლავრე ქალაქში მოძრაობისას და გასწრების მანევრის დროს სწრაფი აჩქარების საშუალებას იძლევა, რაც მის უსაფრთხოებას და მანევრულობას აუმჯობესებს.

ასევე წაიკითხეთ

ბასკური „ჰირიკო ფოლდი“ მოქმედებაში (ვიდეო)


No comments:

Post a Comment