3 სექტემბერი
ბელგიის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე მომხდარმა
ავარიამ კიდევ ერთხელ წამოჭრა დახურული კოკპიტების გამოყენების აუცილებლობის თემა.
ამ ავარიის დროს, ფერნანდო ალონსოს „ფერარის“ კოკპიტის თავზე რომენ გროჟანის „ლოტუსმა“
გადაუფრინა. ესპანელ პილოტს გაუმართლა, რომ გროჟანის მანქანა მის ჩაფხუტს არ
შეეხო...
ეს იმ დროს მოხდა, როდესაც FIA-ს ინსტიტუტი,
სახურული კოკპიტების სხვადასხვა კონცეპციის ტესტირებას აგრძელებს. ბევრი ამ იდეას
ეწინააღმდეგება და თვლის, დახურული კოკპიტი ფ1-ის იმიჯს შელახავს. მაგრამ საქმეში
ჩახედული ხალხი საკითხს პრაგმატულად განიხილავს. მაგალიტად, „მაკლარენის“
ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ თვლის, რომ სპას პირველ მოსახვევში მომხდარმა შეჯახებამ
კიდევ ერთხელ გაგვახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დახურული კოკპიტის უკვე 2014
წლიდან შემოღება.
„როდესაც ეს პროექტი ერთი წლის წინ დავიწყეთ, გათვლილი
იყო, რომ ის განხორციელებისთვის 2014 წელს იქნებოდა მზად. პირადად მე ვთვლი, რომ
ამის გაკეთება გარდაუვალია, რადგან აღნიშნული საკითხი აუცილებელ გადაწყვეტას
მოითხოვს“, - ამბობს ლოუ და დასძენს: „ასეთი ავარიები დროდადრო ხდება და
ჯერჯერობით, იღბალი ჩვენს მხარეზეა. მაგრამ ერთხელაც არ გაგვიმართლებს“.
დახურული კოკპიტების შემოღებაზე ბჭობა 2009 წლის
შემდეგ გააქტიურდა. ალბათ გახსოვთ, რომ იმ სეზონში, უნგრული ეტაპის
კვალიფიკაციაზე, ფელიპე მასას, მის წინ მიმავალი რუბენს ბარიკელოს მანქანიდან
მომძვრალი ზამბარა მოხვდა და თავის ქალის უმძიმესი ტრავმა მიაყენა. ორი დღით ადრე
კი, ფორმულა 2-ის რბოლისას, თავში მოხვედრილმა ბორბალმა, ჰენრი სარტიზის სიცოცხლე შეიწირა.
ლოუ ამბობს, რომ FIA-ს ტესტების შემდეგ, კოკპიტის
გამჭვირვალე სანთლით დახურვის საკითხი მოიხსნა, რადგან ეს არასაკმარის დაცვას
უზრუნველყოფს. ამჟამად, პროექტზე მომუშავე ინჟინრები, დამცავი ჩარჩო-სტრუქტურების შესაქმნელად
მუშაობენ. კომპიუტერული მოდულირების გამოყენებით, ხდება სხვადასხვა ვითარების
ტესტირება, უცხო სხეულის კოკპიტთან სხვადასხვა კუთხით შეჯახების შედეგების ანალიზი
და ყველაფრის გათვალისწინებით, იმის განსაზღვრამ თუ რა ზღვრული სიმტკიცის
კონსტრუქციები იქნება საჭირო კოკპიტის ეფექტური დაცვისთვის.
„იდეალურ შემთხვევაში, მძღოლს არ სურს, რომ მის
ხედვას რამე, მაგალითად, სახურავის წინა საყრდენი აუარესებდეს. მაგრამ თუ საგზაო
ავტომობილებში ეს შეუძლებელია და მძღოლი ამას ეგუება, ხომ შეიძლება, რომ
უსაფრთხოებისთვის, მრბოლებიც შეეგუონ? მითუმეტეს, ტესტებმა გვიჩვენა, რომ შესაძლოა
ისეთი საყრდენის შემუშავება, რომელიც ხედვის მინიმალურ გაუარესებას გამოიწვევს“, -
ყვება ლოუ.
კოკპიტის
დაცვის აუცილებლობაზე, „ფერარის“ შეფი ლუკა დი მონტეძემოლოც ლაპარაკობს, თუმცა ის
თვლის, რომ ამის მიუხედავად, აჩქარება საჭირო არაა: „გაგვიმართლა, რომ ფერნანდოს
თავი ტრავმებს გადაურჩა. ფედერაციასთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ დაცვის
ოპტიმალური მეთოდები შევიმუშაოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ისეთი რამ არ
გავაკეთოთ, რაც განსხვავებულ სიტუაციებში შექმნის პრობლემებს. მაგალითად, თუ
კოკპიტს დავხურავთ, რამდენად დაცული იქნება პილოტი ხანძრის შემთხვევაში? ასე რომ,
სიფრთხილე აუცილებელია“.
ასევე წაიკითხეთ:
ერთი-ერთზე ლე მანთან
No comments:
Post a Comment