8 სექტემბერი
ამ ავტომობილის ხელში ჩაგდებას, ნებისმიერი ავტო
კოლექციონერი ინატრებდა. მაგრამ ბოლო ხუთ წელიწადში, ის უკვე ორჯერ გაიტანეს
აუქციონზე და ორივეჯერ უშედეგოდ. ეს არის 1903 წელს გამოშვებული „ფორდ მოდელ A“,
ამერიკული კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი სამი ავტომობილიდან ერთ-ერთი. ამ
109 წლის განმავლობაში, მას მხოლოდ ხუთი მფლობელი ჰყავდა. მაგრამ მეექვსე არა და
არ ეღირსა.
მაგრამ არის შანსი, რომ ბოლოს და ბოლოს, ასეთი
გამოჩნდება. მალე შტატ პენსილვანიის ქალაქ ჰერშიში, კომპანია „RM ოქშენზი“
ანტიკვარული ავტომობილების აუქციონს მოაწყობს და მასზე უძველეს „ფორდ მოდელ A-საც“
გაიტანს.
ეს ავტომობილი ბოლოს 2007 წელს გაყიდულა და მასში
ახალ პატრონს 693 000 დოლარი გადაუხდია. სხვათა შორის, თავის დროზე ის პირველმა
მფლობელმა ქარხნისგან 850 დოლარად შეიძინა. ანუ, თუ ინფლაციას არ
გავითვალისწინებთ, მისი პირველი ფასი 81 000 პროცენტით არის გაზრდილი.
ავტომობილის პირველი მფლობელი ყოფილა ვინმე
ჰერბერტ მაკნერი, პურის საცხობის მფლობელი
შტატ აიოვას ქალაქ ბრიტიდან. 1950-იან წლებში მან ავტომობილი ასევე აიოველ ჰარი
ბარდს სულ რაღაც, 400 დოლარად მიჰყიდა. ახალმა პატრონმა შავ დღეში მყოფი ავტომობილი
აღადგინა და „ფორდის“ შვეიცარიელ დილერს 1961 წელს მიჰყიდა. ევროპის შუაგულში
ავტომობილმა 2001 წლამდე დაჰყო, რის შემდეგაც, ანონიმმა მყიდველმა ამერიკაში
დააბრუნა. ექვსი წლის შემდეგ კი ცისფერი ოვალის ანტიკვარი ჯონ ო’ქვინმა შეიძინა. ორი
წლის წინ, მან მანქანა ისევ აუქციონზე გაიტანა, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ უძველესი „ფორდის“
ფასი 325 000 დოლარამდე ძლივს ავიდა...
„ფორდ მოდელ A“ ორადგილიანი ავტომობილია, რომელიც ჰორიზონტალურად
ოპოზიტური ორცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც სულ რაღაც, 8 ცხენის ძალას
გამოიმუშავებს. ტრანსმისია ორსაფეხურიანია, ერთი გადაცემა კი ავტომობილს უკუსვლით
ატარებს. „მოდელ A“, რომლის ბორბლებს შორის ბაზა 1.8 მეტრია, 562 კილოგრამს იწონის
და მისი მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ს აღწევს.
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment