Saturday, September 8, 2012

ჰამილტონი პოულზეა, „მაკლარენი“ - წინა რიგში (ვიდეო)

Hamilton on pole for Italian Grand Prix
8 სექტემბერი
ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი იტალიის დიდ პრიზს მოწინავე პოზიციიდან დაიწყებენ. მიმდინარე სეზონში მესამედ ხდბა, რომ პირველ რიგში ერთი გუნდის პილოტები დგებიან და მესამედაც ეს „მაკლარენის“ პილოტები არიან (პირველი ორი საკვალიფიკაციო დუბლი ავსტრალიასა და მალაიზიაში ჰქონდათ). თან, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, მესამედაც პოულზე ჰამილტონი იდგება.
უოკინგელებისთვის ეს ზედიზედ მესამე პოულია, ჰამილტონისთვის კი კარიერაში 23-ე. ამგვარად, „მაკლარენს“ კარგი შანსი აქვს, ზედიზედ მესამე რბოლაც მოიგოს (უნგრეთისა და ბელგიის შემდეგ). თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჰამილტონი ნარბოლევს ამბობდა, პრაქტიკებზე უკეთ გამოვედიო...
„ვფიქრობ, პრაქტიკებზე უკეთ გამოვედი. იმის თქმა მინდა, რომ ჩემი სწრაფი წრე არ იყო იდეალური“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც კვალიფიკაციამდე მესამე თავისუფალ პრაქტიკაზეც საუკეთესო დრო დააფიქსირა და ფერნანდო ალონსოს, სულ რაღაც, 0.001 წამით აჯობა.
ბატონი ამჯერადაც მეორეა. შეგახსენებთ, რომ მან იტალიის წინა სამი დიდი პრიზიც მეორე ადგილზე დაასრულა და პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზეც მეორე იყო... რახან სტატისტიკა მოვიშველიეთ, ერთი საინტერესო ფაქტიც გავიხსენოთ: მონცაზე ბოლო ათი რბოლიდან, ექვსი რბოლის პოულიდან დამწყებმა მოიგო. ანუ, პოული სულაც არ იძლევა გამარჯვების გარანტიას. თუმცა, რა თქმა უნდა, სოლიდურ უპირატესობას იძლევა...
ამაზე ლაპარაკობს ბატონიც, ვინც კმაყოფილი დარჩა იმ ფაქტით, რომ წინა რიგი მან და მისმა თანაგუნდელმა დაიკავეს: „ბოლო რბოლები ჩვენს შესაძლებლობებზე მეტყველებს. კარგია, რომ წინა რიგში ვდგებით, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იოლი რბოლა გველის“.
მესამე საუკეთესო ფელიპე მასა იყო, რომელმაც ყველას გასაკვირად, ალონსოს აჯობა. თუმცა, მის გარდა, ესპანელზე უკეთესი დრო ექვს პილოტსაც ჰქონდა. მთავარი ისაა, რომ ამ სეზონში მასამ მსფლიოს ორგზის ჩემპიონს კვალიფიკაციაზე პირველად აჯობა. ალონსო მხოლოდ მეათე შედეგს დასჯერდა და პოულის მფლობელს წამნახევარზე მეტით ჩამორჩა. ფაქტია, რომ ალონსოს ამაში პრობლემებმა „შეუწყო ხელი“ და ეს მასამაც ივარაუდა.
კვალიფიკაცია მეოთხე საუკეთესო დროით დაასრულა პოლ დი რესტამ, მაგრამ სტარტზე ის მეცხრე პოზიციიდან დაიწყებს - ხუთადგილიანი ჯარიმა იმის შედეგია, რომ მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გამოცვალეს. მოკლედ, მეორე რიგში დადგება მიხაელ შუმახერი, რომელიც ბოლო რბოლებში თანდათან უმატებს და ვინ იცის, იქნებ ისევ ვიხილოთ მწვერვალზე.
ალბათ დააკვირდებოდით, რომ მოწინავე ხუთეულში მხოლოდ მასაა ის პილოტი, ვის მანქანაშიც „მერსედესის“ ძრავი არ დგას. ამასთან, ეს ოთხეული, სამქიმიანების ძრავებით მოსარგებლე სამივე გუნდის წარმომადგენელია. ნიკო როსბერგმა მეშვიდ დრო აჩვენა, ნიკო ჰულკენბერგმა კი დროც ვერ დააფიქსირა. არადა, დიდი შანსი იყო იმისა, რომ „მერსედესის“ ძრავით მოასპარეზე ექვსივე პილოტი ათეულში მოხვედრილიყო. როსბერგთან ერთად, მესამე რიგში სებასტიან ფეტელი დადგება, რომლის თანაგუნდელმა მარკ უებერმა კვალიფიკაციის მესამე სექტორში გასვლაც ვერ მოახერხა.
დაბოლოს, 1969 წლიდან მოყოლებული, იტალიის დიდი პრიზის სტარტზე პირველად არ დადგება იტალიელი მრბოლი. პელოტონში იტალიური წარმოშობის რამდენიმე (მასა, მალდონადო, დი რესტა, რიკიარდო და დ’ამბროზიო) მრბოლია, თუმცა არცერთია იტალიის მოქალაქე...

იტალიის დიდი პრიზი
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:24.010
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:24.133
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:24.247
4. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              1:24.304
5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:24.540
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:24.802
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:24.833
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:24.855
9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:25.109
10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:25.678
- - - - - - - - - -
11. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:24.809
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:24.820
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:24.901
14. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:25.042
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:25.312
16. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ლოტუსი)                  1:25.408
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:25.441
- - - - - - - - - -
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:26.382
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:26.887
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1:27.039
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:27.073
22. ნარაინ კართიკეიანი (ინდთი, ისპანია)                    1:27.441
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:27.629
24. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)   დროის გარეშე


ვიდეო


ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html


ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს

No comments:

Post a Comment