Monday, October 15, 2012

ახალი „სანტა ფე“ „ჰიუნდაის“ ევროპელი მყიდველის გულს მოაგებინებს


Hyundai aims to win conquest buyers with fresh Sante Fe
15 ოქტომბერი
„ჰიუნდაი“ იმედოვნებს, რომ ახალი, უფრო მომხიბლავი და დინამიური გარეგნობის მქონე „სანტა ფეს“ წყალობით, მისი ევროპული გაყიდვები ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. კორეული კომპანია გეგმავს, რომ დიდი ზომის უგზოობის ავტომობილების გაყიდვებს ევროპაში დაახლოებით მესამედით გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპაში შესაბამისი სეგმენტის 5 პროცენტს გააკონტროლებს.

კორეული კომპანია ევროპაში ახალი „სანტა ფეს“ გაყიდვას ახლა იწყებს. „ჰიუნდაის“ ბრიტანული შტოს შეფი ტონი უაითჰორნი ამბობს, რომ ამ ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში ბევრი ახალი სისტემა შედის, რომელთა წყალობითაც, „ჰიუნდაის“ არ გაუჭირდება ახალი მყიდველის მიზიდვა.
ახალი „სანტა ფეს“ სიგრძეა 4.69 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2.70 მეტრი. ანუ, თითქმის წინა თაობის „სანტა ფეს“ გაბარიტებში ზის. თუმცა, შემცირებულია ავტომობილის სიმაღლე, რაც მას უფრო სპორტულ გარეგნობას ანიჭებს. დახვეწილი დიზაინის გარდა, შეცვლილია ინტერიერიც.
კერძოდ, სალონში ხუთი, ან შვიდი სავარძელი თავსდება. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის სიმაღლე შემცირებულია, წინა სავარძლების არეში, სალონში სიმააღლე 11 მილიმეტრით არის გაზრდილი. ბაზა არ შეცვლილა, მაგრამ უკანა სავარძლების არეში, ფეხების ადგილი 45 მილიმეტრით გაიზარდა. რაც შეეხება საბარგულს, მისი მოცულობა 534-დან 1680 ლიტრამდეა. ოპციის სახით, მყიდველს ასევე დიდი ზომის პანრამულ სახურავს შესთავაზებენ.
ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი „სანტა ფეს“ ძრავების გამაში, ორი ტურბო დიზელი და ერთიც ბენზინის აგრეგატი შედის. ამ დიზელთაგან, უფრო ეკონომიური 2.2-ლიტრიანია, რომელსაც 100 კილომეტრის გასავლელად, ოდენ 5.9 ლიტრი საწვავი ჰყოფნის.
გარდა ამისა, ავტომობილი უსაფრთხოების ახალი სისტემებიტაც აღიჭურვა. მაგალითად, ეკიპირებაში შევა ფეხმავლების დაცვის სისტემა, რომელიც მათთან შეჯახებისას, კაპოტს 60 მილიმეტრით ასწევს, რითაც დარტყმის კუთხე იზრდება და მცირდება თავის ტრავმის მიყენების ალბათობა.
„ჰიუნდაი“ ევროპისთვის განკუთვნილ „სანტა ფეს“ კორეის ქალაქ ულსანში აწარმოებს. გერმანიაში მისი ფასი 29 990 ევროა. ევროპის ბაზარზე, „სანტა ფე“ კონკურენციას „მაზდა CX-7-ს“, „მიცუბიში აუტლანდერს“ და „შევროლე კაპტივას“ გაუწევს.

No comments:

Post a Comment