Monday, October 15, 2012

„ფორდი“ WRC-ზე საკუთარი გუნდით აღარ იასპარეზებს


Ford to withdraw works support for World Rally Championship
15 ოქტომბერი
ჯერ „მინი“, ახლა კი „ფორდიც“... ამერიკული კომპანიის ევროპულმა შტომ გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის შემდგ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ეგრეთ წოდებულ საქარხნო მხარდაჭერას შეწყვეტს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება, კონტინენტზე გამეფებულმა, ახლანდელმა ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა.

ესოდნ არასასურველი ნაბიჯის გადადგმამდე, „ფორდმა“ თავის გლობალურ აქტივობებს გადახედა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე საქარხნო გუნდის ყოლა, ამ ეტაპზე ზედმეტი ფუფუნებაა.
„რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, „ფორდს“ საამაყო ისტორია აქვს. ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება. მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე, ჩვენი კომპანიისთვის უკეთესი იქნება, თუ WRC-ში ჩვენს ჩართულობას შევზღუდავთ და ჩვენს რესურსებს სხვა მიმართულებასაც მივცემთ“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი რიოლანტ დე ვაარდი, ვინც ევროპაში კომპანიის მარკეტინგს, გაყიდვებსა და სერვისს კურირებს.
მალკოლმ უილსონის „M-სპორტი“, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, „ფორდის“ საქარხნო გუნდის როლს 1997 წლიდან ასრულებს, სადაც 52 გამარჯვება და კონსტრუქტორთა შორის ორი ტიტული (2006 და 2007 წლებში) აქვს მოპოვებული, WRC-ში გამოსვლას კვლავ გააგრძელებს და მისი ეკიპაჟები ისევ „ფორდ ფიესტათი“ იასპარეზებენ.
მართალია, „M-სპორტს“ კომპანიის მხრიდან მხარდაჭერა აღარ ექნება, მაგრამ უილსონი „ფორდთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა ცისფერმა ოვალმა, სარბოლი ავტომობილების მიწოდება და საინჟინრო მხარდაჭერით უზრუნველყოფა გააგრძელოს.

No comments:

Post a Comment