Friday, November 9, 2012

უიტმარში: ჰამილტონი „მაკლარენიდან“ წასვლას ნანობს


Whitmarsh: Hamilton has had regrets about leaving McLaren
9 ნოემბერი
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში დარწმუნებულია, რომ ლუის ჰამილტონს შეიძლება ჰქონდეს მომენტები, როდესაც ის „მაკლარენიდან“ „მერსედესში“ გადასვლას შეიძლება ნანობდეს. მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა გადაწყვეტილება სინგაპურის დიდ პრიზზე განცდილი ფიასკოს (ლიდერობდა, მაგრამ გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა) შემდეგ მიიღო, მას შემდეგ, რაც ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

სხვათა შორის, ჰამილტონმა უკვე აღიარა, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე არც ოცნებობს. თუმცა, არ მალავს, რომ სურს, შტუტგარტელთა გუნდი ტოპ გუნდად აქციოს. და დასძენს, რომ ეს მისი მოულოდნელი გადასვლის მთავარი მიზეზია. თუმცა, ფორმულა ერთის ოფიციალურ ვერბგვერდთან საუბრისას, უიტმარშმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ჰამილტონი ხანდახან თავის გადაწყვეტილებას ნანობს კიდეც.
„ვფიქრობ, ზოგ შემთხვევაში, ის ამას ნანობს. საერთოდ, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებ, საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ ნაბიჯი გადადგმულია და მომავალზე უნდა იფიქრო“, - ამბობს უიტმარში და დასძენს, რომ ჰამილტონს რამე მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა ჰქონოდა იმისათვის, რომ ტოპ გუნდისთვის, საშუალო გუნდი ემჯობინებინა.
„როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობ, მისი დასაბუთება უნდა შეგეძლოს. ის არ იტყვის, რომ იქ მეტი ფული შესთავაზეს. არც იმას იტყვის, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. მაგრამ თავისთვის შეიძლება ფიქრობს, რომ შეცდა. განსაკუთრებით ბევრს ამაზე ალბათ მომავალ სეზონში იფიქრებს. მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და მასთან შეგუება მოუწევს“.
უიტმარში ასევე ამბობს, რომ კვლავ არ იცის მიზეზი, რის გამოც ჰამილტონმა წასვლა გადაწყვიტა. ამასთან დარწმუნებულია, რომ ლუისს გადაწყვეტილება ცხელ გულზე, სინგაპურის შემდეგ არ უნდა მიეღო:
„მარტივად რომ ვთქვა, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გადაწყვიტა ასე. ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ჯერ ერთი, დგება მომენტი, როდესაც კაცი ჩათვლის, რომ მან ბუდე უნდა დატოვოს. მაგრამ მან ჩვენთან იმდენი წელი გაატარა, რომ არ მესმის, რატომ უნდა წასულიყო. სინგაპურის შემდეგ ველაპარაკე და გარწმუნებთ, გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა. ეს უფრო სინგაპურის შემდგომ ორშაბათს, ან სამშაბათს მოხდა. არაა გამართლებული, როდესაც გადაწყვეტილებას ცუდი რბოლის შემდეგ ღებულობ, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლით. მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან დარჩენა მისთვის უფრო კარგი იქნებოდა - ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი ვართ და მომავალ სეზონში მათ აუცილებლად დავამარცხებთ“.

No comments:

Post a Comment