Friday, November 9, 2012

„ასტონ მარტინი“ შეიძლება გაიყიდოს

Aston Martin Seeks Potential Buyers, Toyota Reportedly Among Interested Parties
9 ნოემბერი
შესაძლოა, მისი შეძენის მსურველთა შორის „ტოიოტაც“ აღმოჩნდეს. ბრიტანული კომპანია „ფორდმა“ 2007 წელს გაჰყიდა. მყიდველი ამერიკულ-ბრიტანულ-კუვეიტური კონსორციუმი გახდა, რომელსაც სათავეში, ბრიტანულ კომპანია „პროდრაივის“ შეფი დევიდ რიჩარდსი ედგა. გარიგებიდან ოთხი თვის შემდეგ, კომპანიის ნიუპორტის ქარხანამ ბოლო „ვენქვიშ S“ გამოუშვა, რის შემდეგაც, წარმოებამ გეიდონში გადაინაცვლა. მას შემდეგ, „ასტონმა“ მნიშვნელოვნად გაზარდა გაყიდვები, რასაც ხელი იმ ფაქტმაც შეუწყო, რომ ჩინეთში სადილერო ქსელი გაიხსნა.

სააგენტო ბლუმბერგის ინფორმაციით, კუვეიტში ბაზირებული საინვესტიციო ჯგუფი „დარ-ი“, რომელსაც „ასტონ მარტინის“ აქციების 64 პროცენტი ეკუთვნის, თავისი აქციების გაყიდვას აპირებს. იმავე სააგენტოს ინფორმაციით, მათ შორის, ვინც უკვე გამოთქვა ამ აქციების შეძენის სურვილი, ინდური ავტოკომპანია „მაჰინდრა & მაჰინდრაა“. „დარ-ი“ თავის კუთვნილ აქციებში 800 მილიონ დოლარს ითხოვს.
საინტერესოა, რომ „ასტონ მარტინის“ საბრენდო კომუნიკაციების დირექტორი ჯენეტ გრინი ამბობს, რომ „დარ-ი“ თავისი აქციების გაყიდვას არ აპირებს. იმავდროულად, ამ საკითხთან დაკავშირებით, „მაჰინდრას“ პრესმდივანი რომა ბალვანი კომენტარისგან თავს იკავებს. „ბლუმბერგმა“ კი ინფორმაცია „ასტონ მარტინის“ ორი თანამშრომლისგან მიიღო.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ახლახანს „ტოიოტამ“ აუდიტორი დაიქირავა, რომელსაც „ასტონ მარტინის“ მდგომარეობის წინასწარი ანალიზის ჩატარება სთხოვა. მაგრამ იაპონური კომპანიის პრესმდივანი შინო იამადა ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს. არადა, გავრცელებული ინფორმაციით, „დარ-ი“ ფინანსურ კრიზისშია. შარშან მას 4.9 მილიარდი დოლარის დავალიანება დაუგროვდა. თუმცა, ამ ვალის რეორგანიზებასთან დაკავშირებით, კუვეიტის მთავრობასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
რაც შეეხება „ასტონ მარტინს“, მისი მდგომარეობაც არაა სახარბიელო. კომპანიის სამოდელო გამა, ჯერ კიდევ „ფორდის“ მიერ შემუშავებულ პლატფორმა VH-ს ეყრდნობა. ჯუჯა „სიგნიტი“ კი „ტოიოტას“ iQ-ს „ასტონისეული“ ვერსიაა. ყოველივეს მიზეზი ისაა, რომ ისეთ პატარა კომპანიას, როგორიც „ასტონ მარტინია“, ახალი პლატფორმის შემუშავებისთვის აუცილებელი უზარმაზარი ხარჯების გაწევა არ შეუძლია.
„ასტონ მარტინი“ ირწმუნება, რომ აღნიშნულ პლატფორმას საფუძვლიანი მოდერნიზაცია ჩაუტარა. სხვათა შორის, მისი გაყიდვები შარშან არ შემცირებულა - ბრიტანულმა კომპანიამ თითქმის 4200 ავტომობილი გაჰყიდა. მაგრამ გაყიდვების სტაბილურობის მიუხედავად, შემოსავალი 18 პროცენტით შემცირდა. მასობრივი მწარმოებლის ჭერქვეშ ყოფნისას, „ასტონ მარტინს“ ბევრი პრობლემაც მოეხსნებოდა და მისთვის ბევრი უახლესი ტექნოლოგიაც ხელმისაწვდომი გახდებოდა.
შეგახსენებთ, რომ სუპერ ავტომობილების მწარმოებელ პრაქტიკულად ყველა ცნობილი კომპანია, ავტოგიგანტების ფრთებსაა შეფარებული. მაგალითად, „როლს როისი“ „ბეემვეს“ ჯგუფის წევრია, „ფერარი“ და „მაზერატი“ „ფიატის“ ოჯახის წევრები არიან, „ბენტლის“, „ლამბორგინის“, „ბუგატის“ და ახლა უკვე „პორშესაც“, „ფოლკსვაგენი“ აერთიანებს.
როგორც ჩანს, „ასტონ მარტინის“ მარტოობის დროც იწურება...

No comments:

Post a Comment