Sunday, July 5, 2009

ბეემვე X1-ის დებიუტი ვირტუალურ სამყაროში

BMW X1

5 ივლისი




გასული კვირის ბოლო დღეებში, ავტოსამყაროს მთავარი პერსონაჟი გერმანული კომპანია ”ბეემვე” იყო, რომელმაც ინტერნეტით ჯერ თავისი უახლესი X1-ის ფოტოები, შემდეგ ტექნიკური მონაცემები და ბოლოს ფასები, ოფიციალურად გამოაქვეყნა. ფაქტობრივად, ვირტუალურ სამყაროში, ბავარიელთა უგზოობის მეოთხე მოდელის მსოფლიო პრემიერა შედგა. რეალურ ავტომობილს საზოგადოება ფრანკფურტის ავტო შოუზე იხილავს, მისი გაყიდვები კი გამოფენის დასრულებისთანავე დაიწყება.

ამგვარად, სამოდელო გამაში უგზოობის ავტომობილების რაოდენობით, ”ბეემვე” თავის მთავარ კონკურენტ ”მერსედეს-ბენცს” გაუტოლდა. როცა X1-ის გაყიდვები დაიწყება, ეს ბავარიელთა საწარმოო პროგრამაში უგზოობის მეოთხე მოდელი იქნება.

ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ X1-ის გარეგნობაში მისი უფროსი ნათესავების - X3-ის, X5-ის და X6-ის ექსტერიერის ზოგიერთ დეტალთან მსგავსება შეინიშნება. მაგრამ რეალურად, ეს სრულიად განსხვავებული ავტომობილია, რომლის დიზაინშიც, კომპანიის კორპორატიული სტილიც თავისებურად აისახა. ფაქტობრივად, შარშან, პარიზის ავტოგამოფენაზე წარდგენილი კონცეპტუალური X1 არც შეცვლილა. უბრალოდ, სანამ კონვეიერზე დადგებოდა, მას უკანა სტოპ-ფარები და ბამპერიც ოდნავ გადაუკეთეს.

გავრცელებული ფოტოების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ X1-ის ინტერიერი X3-ისაზე მდიდრულად და კომფორტულად გამოიყურება. არადა, ე გაბარიტებით, მასზე 112 მილიმეტრით მოკლე, 60 მილიმეტრით ვიწრო და 140 მილიმეტრით დაბალია. ბავარიელები ახლავე ამბობენ, რომ ეს განსხვავება კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც ბაზარზე მეორე თაობის X3 გამოვა.

სალონში ყურადღებას ”ბეემვეს” ძველი, ჯერ არდავიწყებული სტილის დაბრუნება იქცევს - ცენტრალური დაფა ოდნავ მძღოლისკენ იყურება, რაც მასზე მოთავსებული მართვის საშუალებების უფრო ადვილად გამოყენების საშუალებას იძლევა. სხვათა შორის, ანალოგიურადაა შესრულებული Z4-ის და ახალი მე-7 სერიის ცენტრალური დაფებიც. X1-ის დაფაზე ყველაზე მაღლა დიდრონი მონიტორი მოთავსებულა, რომლითაც ავტომობილის თითქმის ყველა სისტემის (მათ შორის, ძრავის და ტრანსმისიის) მუშაობის გაკონტროლება შეიძლება. გარდა ამისა, მონიტორი გასართობ და სხვა დამხმარე სისტემებსაც ემსახურება. ყველაფრის მართვას კი ელექტრონული სისტემა iდრაივ უზრუნველყოფს.

მართალია, გაბარიტებით X3-ზე პატარაა, მაგრამ X1 მაინც მის (მოდერნიზებულ) პლატფორმაზეა ბაზირებული. შესაბამისად, ძრავებიც და სრულამძრავიანი ტრანსმისიაც (xდრაივ) მისგანვე მიიღო. ახალი ავტომობილის საბაზო ვერსიებია xდრაივ18i და დიზელის xდრაივ18d. მოსალოდნელია, რომ ევროპაში ყველაზე პოპულარული ვერსია xდრაივ20d გახდება (177 ცხენის ძალით), რომელიც 100 კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 5.8 ლიტრ დიზელის საწვავს მოიხმარს, რაც უგზოობის მოდელისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. X1-ის ტოპ ვერსია კი xდრაივ28i იქნება, რომლის მაქსიმალური სიჩქარეც 230 კმ/სთ-ს აღწევს. მოგვიანებით, ბავარიელები მყიდველს მონოამძრავიან სისტემით (sდრაივ) აღჭურვილ X1-საც შესთავაზებენ, რომელსაც, რა თქმა უნდა, უკანა წამყვანი ბორბლები ექნება.

დაბოლოს ფასები: გერმანიაში xდრაივ18d-ს სასტარტო ფასი 27 200 ევრო იქნება, ტოპ ვერსია xდრაივ28i კი 41 500 ევრო ეღირება. ამასთან, ყველაზე დაბალფასიან მოდელებს დილერები მომავალი წლიდან მიიღებენ.

”მაკლარენი” განვითარების სტრატეგიას ცვლის

Formula 1

5 ივლისი

”მაკლარენის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თავის ჭირვეულ ბოლიდ MP4-24-ის სრულყოფისთვის, უფრო კონსერვატული მეთოდები გამოიყენოს. სეზონის დაწყებიდან გუნდი სიახლეების ზედმეტი გააზრების გარეშე დანერგვას ცდილობდა და ამდენად, უფრო ალალბედის იმედზე იყო, ვიდრე პრაგმატული ტაქტიკური მონახაზისა.

დღეს კი გუნდის შეფი მარტინ უიტმარში აცხადებს, რომ ბრიტანეთის დიდი პრიზის შემდეგ, ტაქტიკის შეცვლა გადაწყდა, რაც ალბათ სწრაფ შედეგებს არ მოიტანს, თუმცა ინჟინრების ძალისხმევას გაცილებით პრაგმატულ მიმართულებას მისცემს.

”მაკლარენის” ინჟინრებს მომდევნო ეტაპებისთვის რამდენიმე სიახლე აქვთ მომზადებული, რომლებიც ძველი სტრატეგიით, უმალ დაინერგებოდა. მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და სანამ ისინი ბოლიდზე გადაინაცვლებდნენ, კომპიუტერულ სიმულატორებზე და აეროდინამიკურ მილში საგულდაგულო, კომბინირებული ტესტირების გავლა მოუწევთ.

უიტმარში ამბობს, რომ აქამდე რამდენიმე სიახლე მეტოქე გუნდების ტექნიკის წაბაძვით შეიმუშავეს, მაგრამ ეს პრაგმატული განსჯის გარეშე, ისე ხდებოდა, რომ ზოგჯერ წესიერად არც ვიცოდით, რა შედეგს მოგვიტანდაო. ამგვარ მიდგომას სხვა გუნდებიც ძალიან ხშირად იყენებენ, მაგრამ ასე მხოლოდ დროის სიმცირის გამო ხდება და სასურველი შედეგი იშვიათად მოაქვს.

ამ ეტაპზე, MP4-24-ის ყველაზე პრობლემური ნაწილი მისი წინა საკიდარი და აეროდინამიკური პაკეტია, რის გამოც, ვერაფრით ხერხდება წინა ბორბლების გზასთან ჩაჭიდების სასურველი ხარისხის მიღწევა. ჰოდა, აეროდინამიკურ მილში სწორედ წინა ანტი ფრთა და ზოგიერთი აეროდინამიკური ელემენტი გადის შემოწმებას, რომლების მომზადებაც შესაძლოა, გერმანიის დიდ პრიზისთვისაც მოესწროს.

გაცილებით სერიოზულ ცვლილებებს გუნდი უნგრეთის და ევროპის დიდი პრიზებისთვის ამზადებს. ეს ორი რბოლა ნელ ტრასებზე (ჰუნგარორინგსა და ვალენსიას ქუჩაში) ტარდება და მანქანებსაც სრულიად განსხვავებული აეროდინამიკური პაკეტი დასჭირდებათ, რომლებსაც სწრაფ ტრასებზე ვერ გამოიყენებენ.

სხვათა შორის, ”მაკლარენში” მიაჩნიათ, რომ ამ სეზონში მათი მანქანა უფრო ნელ ტრასებთანაა მისადაგებული. ასე უნდა ყოფილიყო მონაკოში, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰამილტონს კვარცხლბეკის იმედი ჰქონდა, თუმცა კვალიფიკაცია ავარიით დაასრულა, რამაც რბოლაში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.

ნაიჯელ მენსელი ფორმულა რენოს საჭესთან

5 ივლისი

დღეს, ფორმულა ”რენოს” ბრიტანულ ეტაპზე, რომელსაც სილვერსტოუნი უმასპინძლებს, მსოფლიოს 1992 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი ნაიჯელ მენსელი, თავისი უმცროსი შვილის, გრეგ მენსელის ბოლიდით, რამდენიმე საჩვენებელ წრეს გაივლის. გუშინ ის პირველად მიუჯდა ამ ბოლიდის საჭეს და მასთან გასაცნობი სესიაც ჩაატარა.

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის საუკეთესო დრო, ფორმულა რენოს საუკეთესო პილოტებისასთან შედარებით, ექვსი წამით უარესი იყო. მაგრამ გასაკვირი არაფერი იქნება იმაში, რომ კვირას ტრასაზე მაყურებლის უმეტესობა იმისთვის მივა, რომ სახელოვანი ”ბიგ ნაიჯი” ტრასაზე კიდევ ერთხელ იხილოს.

”კვალიფიკაციის წინ გრეგმა თავისი მანქანა ცოტა ხნით დამითმო და მგონი, არ დავაღალატე - არც ძრავი ჩამქრობია და არც გავფრენილვარ. ტიტული იმ მანქანით მოვიგე, რომელსაც ”რენოს” ძრავი ედგა და მოხარული ვარ, რომ ფრანგული ძრავების სიმძლავრის შეგრძნების საშუალება კიდევ ერთხელ მომეცა. მახსოვს, ”ჰანგარ სტრაიტის” დაღმართზე, თითქმის ათას ცხენისძალიანი ძრავი როგორ მიგვაქანებდა. ერთხელ, ”ბეკეტსის” (მოსახვევის სახელია) წინ სატერფულები ამერია და კიდევ კარგი, დროულად მოვასწარი რეაგირება. მაშინ მარცხენა ფეხით დამუხრუჭებას მიუჩვეველი ვიყავი და შეცდომაც ამან დამაშვებინა. თუმცა, ამასაც მალე მივეჩვიე. დღეს კი, მინდა მადლობა გადავუხადო ”რენოს” იმისათვის, რომ საჩვენებელი გამოსვლის წინ, მანქანასთან გაცნობის საშუალება მომცა”, - განაცხადა მენსელმა, ვინც საჩემპიონო სეზონში 9 ეტაპი მოიგო, მათ შორის, პირველი ხუთი ზედიზედ.

ცნობისათვის, ნაიჯელის უფროსი შვილი, ლეო მენსელი წელს ლე მანის სერიის რბოლებში გამოდის, უმცროსი გრეგი კი ფორმულა ”რენოს” პილოტია. სილვერსტოუნზე საკვალიფიკაციო სესიაზე მან მე-12 შედეგი აჩვენა.

Friday, July 3, 2009

”ბეემვე ზაუბერი” გერმანიაში მოდიფიცირებულ მანქანას გამოიყვანს

Formula 1

3 ივლისი

მიმდინარე სეზონი ”ბეემვე ზაუბერისთვის” არცთუ ურიგოდ დაიწყო, მაგრამ შემდეგ გუნდმა აშკარა რეგრესი განიცადა და ახლა მის პილოტებს ქულების აღებაც კი უჭირთ. თუმცა გუნდში იმედი აქვთ, რომ გერმანული ეტაპიდან, რომელსაც მომდევნო უქმეებზე ავტოდრომი ნურბურგრინგი უმასპინძლებს, სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. ამის საბაბს კი მათ ბოლიდის მრავალმხრივი მოდიფიცირება აძლევს.

გერმანიაში მანქანას უფრო სრულყოფილი ორმაგი დიფუზორი ექნება, რომელმაც აეროდინამიკურ მილში მრავალსაათაინი გამოცდა ჩააბარა. მოდიფიკაცია ასევე შეეხო უკანა საკიდარს და წინა და უკანა აეროდინამიკურ ელემენტებს.

”ბეემვე მოტორშპორტის” შეფი მარიო თაისენი იმედოვნებს, რომ ბრიტანულ და გერმანულ ეტაპებს შორის ჩატარებული სამუშაოს წყალობით, მისი გუნდი წინსვლას შეძლებს და მოწინავეთა რიგებს დაუბრუნდება.

”სეზონის პირველი ნაწილით ძალიან უკმაყოფილონი ვართ. წინა სამი წარმატებული სეზონის შემდეგ, ეს პირველი სერიოზული ჩავარდნაა. მაგრამ ეს ვერ გაგვტეხს. ჩვენ ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ და ახლა სწორედ ასე ვიქცევით. ვიმედოვნებ, ჩატარებული სამუშაო სიტუაციის შემობრუნების საშუალებას მოგვცემს. მანქანაში რამდენიმე მექანიკური და აეროდინამიკური ელემენტი, მათ შორის, ორმაგი დიფუზორი შევცვალეთ. ვფიქრობ, შემდეგ რბოლაზე ამის შედეგს ვიხილავთ”, - ამბობს თაისენი.

სხვათა შორის, თითქმის ანალოგიური სახის ცვლილებების შემდეგ, სილვერსტოუნზე ”რედ ბულმა” ყველა მეტოქე, მათ შორის ჩემპიონატის გამოკვეთილი ”ბრაუნ GP”, პირწმინდად დაამარცხა. შეძლებს თუ არა იგივეს გერმანულ-შვეიცარიული საჯინიბო, ამას ერთ კვირაში გავიგებთ.

”რედ ბულში” ”მერსედესის” ძრავებზე ფიქრობენ

Formula 1

3 ივლისი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოტორ სპორტის მსოფლიო საბჭოს მიერ ათი დღის წინ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში, რომელიც მომავალი სეზონის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებს გვაცნობს, ზოგიერთი გუნდის გასწვრივ, ძრავის მიმწოდებელი კომპანიის გრაფა ცარიელია.

ასეთი სულ სამია, მათგან ორი კი მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი - ”ბრაუნ GP” და ”რედ ბული”, ასევე ამ უკანასკნელის შვილობილი ”ტორო როსო”. შეგახსენებთ, პირველს ძრავებს ”მერსედეს-ბენცი” აწვდის, მეორეს ”რენო”, მესამეს კი - ”ფერარი”. ”ბრაუნის” წარმატებები დიდწილად სწორედ გერმანულმა ძრავებმა (სურათზე) განაპირობა. მაგრამ მის შეფ როს ბრაუნს, რატომღაც ჯერ სამომავლო გადაწყვეტილება არ მიუღია და თუ არ იჩქარა, შეიძლება ლუკმა ხელიდან მთავარმა მეტოქემ - ”რედ ბულმა” გამოაცალოს.

ამის შესაძლებობაზე ”რედ ბულის” შეფ ქრისტიან ჰორნერის გამონათქვამიც მიუთითებს: ”თქმა არ უნდა, რომ ”მერსედესს” შესანიშნავი ძრავები აქვს. მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ვჩქარობთ. იდრ კი, თუ ”ბრაუნ GP-ს” მაგალითს ავიღებთ, ამ ძრავებზე შეგიძლია სეზონის მიწურულს გადახვიდე და მაინც წარმატების იმედი გქონდეს”. ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი კომპლიმენტია...

სხვათა შორის, ”მერსედესის” ძრავებით რამდენიმე გუნდის დაინტერესებაზე გერმანული კომპანიის სპორტული დივიზიონის შეფი ნორბერტ ჰაუგიც ლაპარაკობს. მისი თქმით, ნებისმიერი გუნდის მენეჯერი საუკეთესო ძრავის (ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რომელ ძრავს გულისხმობს) შეძენას ცდილობს. ჰაუგი პირდაპირ არ ადასტურებს მისი კომპანიის ძრავებით ”რედ ბულის” დაინტერესებას. თუმცა არც გამორიცხავს.

აქ ერთ საინტერესო ფაქტზეც უნდა ითქვას: საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ”ბრაუნი” მალე თავის ყველაზე მდიდარ სპონსორს - ”ვირჯინს” დაკარგავს, ვისაც, თუ გაზეთ ”გარდიანში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციას დავუჯერებთ, უკვე ნაყიდი აქვს ფ1-ის ახალი გუნდი ”მეინორი” და მერმის მას ”ვირჯინის” სახელით გამოიყვანს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ”ბრაუნი” შეიძლება კვლავ ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. და თუ მას თავს მალე ვერ დააღწევს, მაშინ სამერმისოდ ”მერსედესის” ძრავების შეძენა გაუჭირდება. ამ ძრავების ყიდვაზე კი უკვე ”ვირჯინიც” ფიქრობს...

ისევ მფრინავი ავტომობილების შესახებ

Aerocar

3 ივლისი





მფრინავი ავტომობილების შესახებ ვის არ გსმენიათ. ბევრს ეს ფანტაზიის წყარო ჰგონია, ზოგს მხოლოდ ფილმებში თუ უნახავს, ძალიან ცოტანი კი ტექნიკის მსგავსი საოცრების შექმნას თავად ცდილობენ და ხშირად, საკმაოდ წარმატებულადაც. მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ პირველი მფრინავი ავტომობილი (აეროქარ) 60 წლის წინათ, ამერიკელმა ავიატორმა მოლტონ ტეილორმა შექმნა და შემდეგ საკუთარი კომპანია - ”აეროქარ ინტერნეიშნლი” ჩამოაყალიბა. კომპანიამ მხოლოდ ექვსი ცალი ”აეროქარი” დაამზადა, რომელთა ფასი 24 812 დოლარი იყო.

იმ ექვსი ”აეროქარიდან” სულ ცოტა ორი, დღესაც მთელია. მათგან ერთი ინტერნეტ აუქციონ eBay-ზე 3.5 მილიონ დოლარად იყიდება, მეორე ენთუზიასტ ედ სუინის (ზედა სურათზე) ეკუთვნის, რომელიც მის საოჯახო რელიქვიად, სამუდამოდ დატოვებას აპირებს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, 21 წლის წინ 150 000 დოლარად (ახლანდელი კურსით თითქმის მილიონი) შეძენილი ”აეროქარის” მისგან გამოსყიდვა ბევრს სდომებია.

იმ ”აეროქარს, რომლიც eBay-ზე იყიდება, პასპორტში უწერია, რომ პირველი ფრენა 1949 წელს შეუსრულებია, ბოლო კი - 1977 წელს. ასე რომ მასში 3.5 მილიონის გადახდას მხოლოდ იმისათვის, რომ ფრთებშეკვეცილი მანქანით მხოლოდ ასფალტზე, საკმაოდ მოკრძალებული (დაახლოებით 100 კმ/სთ) სიჩქარით იაროს, ბევრი არ მოისურვებს.

სუინის ”აეროქარი” კი 1956 წელსაა გამოშვებული და როგორც მისი პატრონი ამბობს, ფრენა ახლაც შეუძლია. სულ 5 წუთია საჭირო იმისათვის, რომ ”აეროქარი” ავტომობილიდან თვითმფრინავად გადაკეთდეს, რომლის მაქსიმალური სიჩქარე (რა თქმა უნდა, ჰაერში) 240 კმ/სთ-ს აღწევს.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ მალე ამერიკული კომპანია ”ტერაფუჯა” თავისი კონსტრუქციის მფრინავ ავტომობილ ”ტრანსიშნ-ის” (ამ მანქანის შესახებ სტატიის ნახვის მსურველებმა გვერდზე, google search განყოფილებაში მიუთითეთ Terrafugia Transition) გავიდვებს დაიწყებს. მანქანა, რომელსაც თვითმფრინავის სერტიფიკატი უკვე მიღებული აქვს, ბაზარზე წლის შემდეგ გამოჩნდება, მისი ღირებულება კი 194 000 დოლარია.

”ბრიჯსტოუნი” სტრატეგიას ცვლის

Formula 1

3 ივლისი

საბურავების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანია ”ბრიჯსტოუნმა”, რომელიც ფორმულა 1-ის გუნდებისთვის საბურავების მონოპოლიური მიმწოდებელია, გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს ამ სეზონში აპრობირებული ტაქტიკის გამოყენებას, რაც გუნდებისთვის მახასიათებლებით მკვეთრად განსხვავებული საბურავების მიწოდებას ითვალისწინებდა.

ფორმულა 1-ში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, გუნდები ვალდებულნი არიან, რბოლის დროს მინიმუმ ორი განსხვავებული შემადგენლობის (მყარი და რბილი) საბურავები გამოიყენონ. გასაგები მიზეზების გამო, წვიმის დროს, ეს წესი აუცილებლად ირღვევა.

ამ სეზონში ”ბრიჯსტოუნმა” რატომღაც (ალბათ იმისათვის, რომ რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესებისთვის შეეწყო ხელი), უცნაური ტაქტიკა აირჩია - გუნდებს ორი მკვეთრად განსხვავებული ტიპის საბურავებით (მაგალითად, ჰარდი და სოფტი, ან მედიუმი და სუპერ სოფტი) ამარაგებდა. ამის გამო, ჩემპიონატის მსვლელობისას, პილოტები ხან რეზინის ზედმეტად ცვეთადობის პრობლემას აწყდებიან, ხანაც საბურავების ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურება უჭირთ, რაც მათ ზედმეტ პრობლემებს უქმნის და თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს.

”ბრიჯსტოუნის” განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დეპარტამენტის შეფმა ჰიროჰიდე ჰამაშიმამ ბრიტანული ეტაპის შემდეგ განაცხადა, რომ ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა და შედეგად, პილოტების და გუნდების მხრიდან, კომპანიის მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.

მაგალითად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ განაცხადა, რომ მკვეთრად განსხვავებული მახასიათებლების მქონე რეზინის მიწოდებით, აბსურდული სიტუაცია შეიქმნა, რომელსაც რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესება არაფრით შეუძლია.

ამიტომ, გერმანიის დიდი პრიზიდან მოყოლებული, ”ბრიჯსტოუნი” ძველ ტაქტიკას დაუბრუნდება და გუნდებს ისევ ერთი ხარისხობრივი საფეხურით განსხვავებულ საბურავებს მიაწვდის.

”კია სოულ’სტერი” - ამერიკის წლის საუკეთესო კონცეპტუალური უგზოობის მოდელი

KIA Soul’ster

3 ივლისი

აშშ-ის სამხრეთ აღმოსავლეთის საავტომობილო მედიის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კონკურსმა, ამ წლის საუკეთესო კონცეპტუალურ უგზოობის მოდელად ”კია სოულ’სტერი” დაასახელა, რომლის დებიუტიც წლის დასაწყისში, დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო საავტომობილო შოუზე შედგა.

ჟიურიმ, რომელშიც თითქმის სამი ათეული ამერიკელი საავტომობილო ჟურნალისტი შედიოდა, არჩევანი 23 კონცეპტუალურსა და 11 წინასერიულ მოდელს შორის გააკეთა, რომელთა პრემიერაც წელს, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე შედგა.

”კია სოულ’სტერი”, რომელიც გაბედული და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა, ”კია მოტორსის” პირველი კონცეპტუალური ავტომობილია, რომელმაც წლის საუკეთესოს (ნებისმიერ ნომინაციაში) წოდება მოიპოვა.

”ამ ავტომობილის ბაზისი ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როდესაც ჩვენმა ინჟინრებმა მოდელი ”სოული” შექმნეს. ”სოულ’სტერით” კი ჩვენ ”სოულის” ოჯახი ახალ, წარმოუდგენელ სიმაღლეზე ავიყვანეთ. კომპანიისთვის დიდი პატივია, რომ ჩვენმა ავტომობილმა ასეთი აღიარება დაიმსახურა. ეს კი ”კიას”, როგორც ხარისხიანი და შესანიშნავი დიზაინის მქონე ავტომობილების მწარმოებლის იმიჯს, ძალიან გამოადგება”, - განაცხადა ”კიას” ამერიკული დიზაინ ცენტრის მთავარმა ინჟინერმა ტომ კერნსმა.

მართალია, ”სოულ’სტერის” წარმოება ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა ესოდენი აღიარების შემდეგ, კორეული კომპანიის ხელმძღვანელობას მისთვის მწვანე შუქის ანთება არ უნდა დაენანოს.

”აუდი” 100 წლის იუბილეს გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე აღნიშნავს

Audi celebrate its 100th anniversar

3 ივლისი


დღეს გუდვუდში (ინგლისი, დასავლეთ სასექსი) იხსნება სიჩქარის ტრადიციული ფესტივალი, რომელზეც, ”აუდის” დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გერმანული კომპანიისადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნა.

სკულპტურა, რომლის სიმაღლე 35 მეტრს აღწევს, სახელოვანი ინგლისელი ხელოვანის, სასექსის ლორდ მარჩის ახლო მეგობრისა და კომპანიონის, გერი ჯუდას მიერაა შექმნილი და ის ფესტივალის ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე - ავტოდრომის შესასლელში, ლორდის სასახლის წინ დაიდგა.

სკულპტურა მაგისტრალური გზაჯვარედინის ერთგვარი სიმბოლოა, რომლის ერთ ბოლოშიც ”აუდის” წინამორბედ ”აუტო უნიონის” სარბოლი (სარეკორდო) ავტომობილი მიჰქრის, მეორე ბოლოში კი სკულპტურას კენწეროში მოქცევია გერმანული კომპანიის უახლესი სპორტული მოდელი R8 V10, რომელსაც, თითქოს ცისკენ (აუდის მომავალი მიღწევებისკენ) აუღია გეზი.

ჟურნალ ”აუტოქარის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქანდაკება 40 ტონას იწონის და მის მონტაჟს, 12-მა სპეციალისტმა, რომელთა განკარგულებაშიც, 100 ტონა ტვირთამწეობის ორი სპეცმანქანა იმყოფებოდა, თითქმის ერთი თვე მოანდომა.

აღსანიშნავია, რომ ავტოდრომის შესასვლელში თემატური სკულპტურის დადგმაც გუდვუდური ფესტივალის ტრადიციაა. მონუმენტებს ყოველთვის ბატონი ჯუდა ამზადებს, რომელიც ყოველთვის ორიგინალური იდეებით ახერხებს მნახველთა გაოცებას. რა თქმა უნდა, მისი სკულპტურები ან ავტოსამყაროს გამორჩეულ მოვლენებს ეხება, ან რომელიმე კომპანიის იუბილეს. ავტორი განმარტავს, რომ ”აუდისადმი” მიძღვნილი ქანდაკებით, მან კომპანიის სპორტულობას, პრესტიჟულობასა და პროგრესულობას გაუსვა ხაზი.

ჯუდა ყვება, რომ ”აუდის” საიუბილეო სკულპტურაზე მუშაობის დასაწყისში, ოცამდე ესკიზი შეასრულა, რომელთა შორისაც საუკეთესო და ყველაზე ორიგინალური შეარჩია.

სკულპტურის გარდა, გერმანული კომპანიის იუბილეს აღსანიშნავად, გუდვუდში ”აუდის” არაერთი სახელოვანი ავტომობილი გამოიფინება. რა თქმა უნდა, ფესტივალზე საპატიო სტუმრებად ის ადამიანები არიან მიწვეულნი, რომლებიც ამ კომპანიის ავტორიტეტს ქმნიდნენ. ფესტივალის დამთვალიერებლებს ტრასაზე შეუძლიათ ნახონ 30-იანი წლების ლეგენდარული ”ვერცხლისფერი ისრები” (ასე იმ დროის ”მერსედესების” გარდა, ”აუტო უნიონის” ბოლიდებიც მოიხსენიებოდნენ), 80-იანი წლების ”აუდი კვატროები” და თანამედროვე ლე მანის 24-საათიანი რბოლების ტრიუმფატორი პროტოტიპები.

ქვემოთ მოყვანილია ”აუდის” ისტორის ზოგიერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა:

1909 - გამოვიდა პირველი ავტომობილი (ტაიპ A), რომელიც აუდის სახელს ატარებდა

1935 - აუტო უნიონ B-ტაიპმა მონცაში იტალიის დიდი პრიზი მოიგო

1937 - ტაიპ C შტრომლინენვაგენით პირველად გადაილახა სიჩქარის 400 კმ/სთ-იანი რეკორდი

1938 - მძღოლების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, დაიწყო ავტომობილების რეგულარული ქრეშ ტესტირება

1980 – აუდი პირველი კომპანიაა, რომელმაც სრულამძრავიანი, მუდმივი მოდების სისტემა სერიულ ავტომობილზე (აუდი კვატროზე) გამოიყენა. ეს ავტომობილი, რომელმაც სახელი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გაითქვა, ხუთცილინდრიანი ტურბოძრავით იყო აღჭურვილი

1989 - აუდიმ პირველი ტურბოდიზელიანი ავტომობილები გამოუშვა, რომლებითაც ყველას დაუმტკიცა ასეთი ძრავების ძლიერება და ეკონომიურობა

1994 - აუდიმ პირველმა გამოიყენა ალუმინის ჩარჩო, რომელიც გრეხვისადმი გაზრდილი წინაღობით და კოროზიისადმი მედეგობით გამოირჩეოდა. ასეთ ჩარჩოზე აწყობილი A8-ს შასი, ტრადიციულ ფოლადის კონსტრუქციაზე გაცილებით მსუბუქი გამოვიდა.

2006 - აუდი პირველია, ვინც ლე მანის რბოლა დიზელისძრავიანი მანქანით მოიგო

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ”აუდიმ” ასევე მოამზადა ახალი მოდელი, რომლის პრეზენტაციასაც 16 ივლისს, გერმანიაში გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს უნდა იყოს ელექტრომობილი, რომელიც ბაზრისკენ ”აუდის” ელექტრომობილების მთელ კოჰორტას გაუძღვება.

Thursday, July 2, 2009

”ფორდი” ”ფოკუსს” მხოლოდ გერმანიაში გამოუშვებს

Ford Focus

2 ივლისი

ამერიკულმა კომპანია ”ფორდმა” გამოაცხადა, რომ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ ”ფოკუსის” ევროპულ ვერსიას მხოლოდ გერმანიაში, ზაარლუისის ქარხანაში გამოუშვებს. ეს კი მერმის, მას შემდეგ მოხდება, რაც ბაზარზე მომდევნო თაობის ”ფოკუსი” გამოჩნდება. პარალელურად, კომპანიის ვალენსიას (ესპანეთი) ქარხანა, მხოლოდ ”C-მაქსზე” დასპეციალდება და მას ევროპისა და სხვა ბაზრებისთვის გამოუშვებს.

”მარტში ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ შემდეგი თაობის ”ფოკუსისთვის” ზაარლუისის ქარხანა შევარჩიეთ. ამასთან, ამავე პლატფორმაზე შექმნილი სხვა მოდელებისთვის კიდევ ერთი ქარხანა გვჭირდებოდა. მარტიდან მოყოლებული, ამ საკითხზე ვმუშაობდით და საბოლოო არჩევანი ვალენსიაზე შეჩერდა, რომელიც ”C-მაქსით” მთელ ევროპას და მეზობელი რეგიონების ბაზრებს მოამარაგებს”, - ამბობს ”ფორდ ევროპის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი ჯონ ფლემინგი.

რაც შეეხება ”ფოკუსის” ელექტრონულ ვერსიას, მას კომპანია კანადურ ”მაგნა ინტერნეიშნლთან” (რომელიც პარალელურად, ”ოპელის” შესყიდვას ცდილობს) ერთად შეიმუშავებს და მიჩიგანის ქარხანაში გამოუშვებს. ელექტრომობილი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკით და პლაგ-ინ სისტემით აღიჭურვება, რომელსაც ენერგიის 110 და 220-ვოლტიანი წყაროდან შევსების უნარი ექნება.

რა ბედი ეწევა ”ფორდის” რუსულ ქარხანას, რომელიც ”ფოკუსის” გარდა, მცირე რაოდენობით სხვა მოდელებსაც აწარმოებს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობისათვის, ამერიკულმა კომპანიამ ეს ქარხანა ორი თვით გააჩერა.

ჰიბრიდული აგრეგატი ”პორშე პანამერასთვის”

Porsche Panamera hybrid

2 ივლისი

გასული თვეების განმავლობაში, ”პორშეს” უახლეს ავტომობილზე, ოთხკარიან კუპე ”პანამერაზე” უამრავი სტატია დაიწერა. ამ ამბის კულმინაცია შანჰაის ერთ-ერთი ცათამბჯენის 94-ე სართულზე ჩატარებული მსოფლიო პრემიერა და წარმოების დაწყება იყო. თუმცა, გერმანული კომპანიისთვის ამ ისტორიული ავტომიბილის გაყიდვები ჯერაც არ დაწყებულა.

დღეს კი ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე ”პორშე” ”პანამერას” ჰიბრიდული და ეკონომიური V6 ძრავებით აღჭურვილი ვერსიების წარმოებასაც დაიწყებს. სააგენტო ”ესოშიეიტიდ პრესთან” საუბრისას, ”პორშეს” დირექტორთა საბჭოს წევრმა მიხაელ მახტმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მერმის უგზოობის ”კაიენის” ჰიბრიდული ვერსიის წარმოებას დაიწყებს, რის შემდეგაც ანალოგიური აგრეგატით აღჭურვილი ”პანამერას” ჯერიც დადგება.

”კაიენზე” კი ცუფენჰაუზენელები (ქალაქ შტუტგარტის გარეუბანია) ”აუდის” ჰიბრიდულ აგრეგატს გამოიყენებენ, რომელშიც ელექტროძრავთან 3.0-ლიტრიანი V6-ია შეწყვილებული. სავარაუდოდ, ისინი ”პანამერაზეც” ამავე სისტემას გამოიყენებენ.

ამასთან, ამ ეტაპზევე ცნობილია, რომ ”პანამერა” არ აღჭურვება იმ ექვსცილინდრიანი ძრავით, რომელსაც ცილინდრები ერთ რიგში აქვს განლაგებული. ”პორშეს” კვლევის და განვითარების შტოს ხელმძღვანელ ვოლფგანგ დურჰაიმერის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ეს აგრეგატი, თავისი გაბარიტების გამო, ”პანამერას” კაპოტქვეშა სივრცეში ვერ ჩაეტევა.

V6 ძრავით აღჭურვილი ”პანამერას” ფასი კი, ამ მოდელის ვერსიებს შორის ყველაზე დაბალი იქნება. ცნობისათვის, ამ ეტაპზე, ყველაზე იაფია ”პანამერა S”, რომლის საბაზო ღირებულებაც 90 000 დოლარია.

”ბეემვე” მე-3 სერიის GT-საც გამოუშვებს

BMW 3-series GT

2 ივლისი

ერთი თვე არ გასულა მას შემდეგ, რაც ”ბეემვემ” თავისი სრულიად ახალი ავტომობილი - მე-5 სერიის GT გაგვაცნო, რომელიც შემდეგი თაობის მე-5 სერიის სედანის პლატფორმაზეა ბაზირებული. ორივე ეს ავტომობილი ბაზარზე მერმის გამოჩნდება, მაგრამ უკვე ახლა, მე-5 სერიის GT იმდენად პოპულარულია, რომ ბავარიელებმა მისი მომცრო ვერსიის წარმოებაც გადაწყვიტეს, რომლის ბაზისადაც მე-3 სერიის სედანის პლატფორმას გამოიყენებენ.

გარეგნულად ორივე კლასის GT ერთმანეთის მსგავსი იქნება. მათ ძირითადად გაბარიტები და უკანა ნაწილი განასხვავებს. ბავარიული კომპანიის ბლოგ-გვერდზე გავრცელებული ფოტოს (სურათზე) მიხედვით, მე-3 სერიის GT უკნიდან ”ოპელის” ახალ ”ასტრას” ჰგავს, რომლის მსოფლიო პრემიერაც ფრანკფურტის ავტო შოუზე იგეგმება. მთლიანობაში კი ავტომობილი ”ბეემვეს” ახალ კორპორატიულ სტილში შესრულდება.

მოსალოდნელია, რომ მისი მეხუთე, უკანა კარიც მე-5 სერიის GT-ს ანალოგიური ნაწილის მსგავსი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ ავტომობილის უკანა კარი ორ საფეხურად იხსნება. თუ მასში მცირე ზომის ბარგს დებთ, კარის მხოლოდ ქვედა ნაწილის გახსნაც საკმარისია. მაგრამ თუ ტვირთი მოზრდილია, მაშინ კარის ზედა სეგმენტის გახსნაც შესაძლებელია.

მე-3 სერიის GT ორი ტიპის - სრულამძრავიანი და უკანა წამყვან ბორბლიანი ტრანსმისიებით აღიჭურვება, მამოძრავებელ ძალას კი ის ოთხ და ექვსცილინდრიანი ძრავებისგან მიიღებს.

”ბეემვეს” სამოდელო გამაში, მე-3 სერიის GT ამავე სერიის სედანსა და X3-ს შორის დაიკავებს ადგილს, ბაზარზე კი მისი მთავარი კონკურენტები ”აუდის” უნივერსალი A4 ავანტი და უგზოობის Q3 იქნებიან.

უბრალოდ, სხვანაირი ”ჰამერი”

2 ივლისი





ალბათ სადაო არ უნდა იყოს ის, რომ ”ჰამერის” ავტომობილები დიდი სილამაზით არასდროს გამოირჩევიან. განსაკუთრებით ეს სამხედრო ”ჰამვის” ეხება და ამაში გასაკვირი არაფერია - ის კონკრეტული, სამხედრო დანიშნულების ავტომობილია და მის ღირსებებში სხვა თვისებები შედის, ვიდრე ესთეტიკაა. და მაინც, ბევრია ისეთიც, რომელსაც ამ მონსტრის გარეგნობაში სიძლიერის, უხეშობის ვიზუალური გამოხატულება მოსწონს.

მაგრამ ძნელად წარმოსადგენია თუნდაც ძალიან უცნაური გემოვნების მქონე ადამიანი, რომელსაც ამ ათლეტის შერბილებული ფორმები, ნაზი და იმავდროულად, ყოველგვარ ელეგანტურობას მოკლებული ფორმები მოეწონება. ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ თურმე, ასეთებიც არსებობენ (სამყარო ხომ მრავალფეროვანია).

ამის დასტური ამ დღეებში საინტერნეტო აუქციონ eBay-ზე გამოჩნდა. უცნობმა ენთუზიასტმა საბაზო ავტომობილად ”ჰამერ H1” აირჩია და წითელი სიმახინჯე შექმნა, რომელსაც ცხვირი სამხედრო და სპეცტექნიკის მწარმოებელი გერმანული კომპანია ”უნიმოგის” წინა ნაწილს მიამსგავსა. დანარჩენი კი თითქმის ყველაფერი ხელუხლებლად დატოვა.

რაც შეეხება სალონს, აქ ცვლილებები უფრო რადიკალურია. ხელსაწყო-მაჩვენებლების დაფა სირაქლემას ტყავითაა გაწყობილი. ცენტრალურ დაფაზე და მის ზევით, ძირითადად საქარე მინის ტიხარზე, რამდენიმე მონიტორია ”ასხმული”. გადაცემათა კოლოფის საფეხურების შესაცვლელ ბერკეტზე კი გამოშიგნული და მოქრომილი ხელყუმბარაა წამოცმული.

ჰო, მართლა, ავტომობილს სახელი არ აქვს (ყოველ შემთხვევაში, აუქციონზე სახელის გარეშეა რეგისტრირებული), მაგრამ რამდენადაც მისი კაპოტის თავზე ბულდოგის მოქრომილი სტატუეტი წამოსკუპებულა, პირობითად მას შეიძლება ”ბულდოგი” ვუწოდოთ.

და რა ღირს უცნობი ტუნერის ქმნილება? მისი შემქმნელი ირწმუნება, რომ ავტომობილის შეძენის ჩათვლით, მისი ტუნინგი 180 000 დოლარი დაუჯდა. მაგრამ აუქციონზე მხოლოდ 89 000 აქვს მოთხოვნილი...

”ჯენერალ მოტორსის” რეკორდული გაყიდვები ჩინეთში

2 ივლისი

იმ დროს, როდესაც ”ჯენერალ მოტორსის” ბედი აშშ-ის გაკოტრების საქმეთა სასამართლოსთვისაა მინდობილი, ამერიკული კომპანია ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. რიცხვების ენაზე, ”გენერლებმა” და მათმა ერთობლივმა საწარმოებმა ცისქვეშეთში ამ წლის პირველ ექვს თვეში უკვე 814 442 ავტომობილის გაყიდვა მოასწრეს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის ასევე რეკორდულ მაჩვენებელზე 38 პროცენტით მეტია.

”ჩინეთის საავტომობილო ბაზარი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ზრდა გამოწვეულია როგორც მთავრობის მიერ გატარებული სტიმულირების ღონისძიებებით, ასევე პროვინციულ საშუალო ზომის ქალაქებში პირად ტრანსპორტზე მზარდი მოთხოვნით”, - ამბობს ”ჯენერალ მოტორსის” ჩინური შტოს პრეზიდენტი კევინ უეილი.

ამერიკული კომპანიის ჩინური მედროშე ისევ მარკა ”ბიუიკია”, რომლის გაყიდვებიც 34 პროცენტითაა გაზრდილი. ამ მარკის მოდელებიდან კი ჩინელებში ყველაზე მეტი პოპულარობით ქვესაშუალო კლასის სედანი ”ექსსელი” (სურათზე) ლიდერობს (115 877 გაყიდული ავტო). ასევე იზრდება საშუალო ზომის სედან ”რეგალის” პოპულარობა. გასულ ექვს თვეში სულ 35 729 ცალი ”რეგალი” გაიყიდა. მალე დაიწყება კიდევ ერთი საშუალო კლასის (ოღონდ პრემიუმ) სედანის - ”ლაქროსის” გაყიდვები, რომელსაც ჩინეთში მოუთმენლად ელიან. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს ავტომობილი, ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილად არჩეული ”ოპელ ინსინიას” ბაზაზეა დამზადებული.

უეილი დარწმუნებულია, რომ ”ლაქროსის”, ჰიბრიდული ”კადილაკ ესკალადისა” და ”რეგალის” ახალი ვერსიების წყალობით, ”ჯენერალ მოტორსის” გაყიდვების ტემპი არათუ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც.

გაყიდვების ყველაზე მაღალი (49.9-პროცენტიანი) ტემპით ”ჯენერალ მოტორსის”, ”შანჰაი ოტომოტივისა” (SAIC) და კიდევ ერთი ჩინური კომპანიის - ”ვულინის” ერთობლივი საწარმო გამოირჩევა. ამ საწარმოს გაყიდვებმა 524 598 ავტომობილს მიაღწია. ცალკეულ მოდელებს შორის კი ყველაზე სწრაფად ”შევროლე სპარკის” (რომელსაც ზემოთ ნახსენები ერთობლივი საწარმო უშვებს) გაყიდვები იზრდება - პირველ ექვს თვეში 32 065 ცალი ”სპარკია” გაყიდული, რაც წინა წელთან შედარებით, 60 პროცენტით მეტია.

”მერსედეს-ბენცი” ”ტოიოტას” პლატფორმას გამოიყენებს

2 ივლისი

სულ რამდენიმე დღის წინ, საავტომობილი სამყარომ შეიტყო იმის შესახებ, რომ ”ტოიოტას” ყველაზე მცირეგაბარიტიან მოდელ iQ-ს ბაზაზე, ”ასტონ მარტინი” თავის ისტორიაში ყველაზე პატარა ავტომობილს გამოუშვებს. და აი, გუშინ გერმანულმა” გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისი A და B-კლასის მომდევნო თაობის მოდელებისთვის, ”მერსედეს-ბენცი” იაპონური კომპანიის პლატფორმის გამოყენებას გეგმავს.

გერმანული ჟურნალის ინფორმაციით, ლაპარაკია პლატფორმა MC-ზე, რომელსაც იაპონური კომპანია თავის სხვადასხვა კლასის მოდელების - ”ლექსუს RX-ის”, ”ლექსუს ES-ის”, ”ტოიოტა RAV4-ის”, ”ტოიოტა კოროლასა” და ”ტოიოტა ჰაილენდერის” წარმოებისას იყენებს.

მაინც, რაში სჭირდებათ ამ კომპანიებს ესოდენ მჭიდრო თანამშრომლობა, ისინი ხომ კონკურენტები არიან? მათი კოოპერაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ახალი მოდელების შემუშავებისას თანხების დაზოგვაა, რაც ამ მოდელების ბაზარზე გამოშვებისას, მათი ფასის კონკურენტულობაში აისახება. მეორეს მხრივ, პლატფორმის მიმწოდებელი მხარე (ტოიოტა) სრულად აითვისებს იმ საწარმოების პოტენციალს, რომელსაც ამ ეტაპზე მესამედითაც ძლივს იყენებს.

აქ ბუნებრივად იბადება კითხვა: მერედა, ”ტოიოტას” ზემოთ ჩამოთვლილი მოდელები ხომ გაბარიტებით მნიშვნელოვნად აღემატებიან შტუტგარტელების სამოდელო გამის ყველაზე პატარა მოდელებს? საქმე ისაა, რომ პლატფორმა MC უნივერსალურია და მინიმალური ხარჯებია საჭირო იმისათვის, რომ ის პატარა ავტომობილებს მიესადაგოს. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც საკუთარი მოდელებისთვის ”ტოიოტა” მხოლოდ ოთხ პლატფორმას იყენებს.

”მერსედეს-ბენცი” კი დიდი ხანია, თავისი პატარა მოდელების წარმოებისთვის სოლიდურ პარტნიორს ეძებს. სხვათა შორის, ამ მოდელების ბაზაზე, შტუტგარტელები ისეთივე მინი ბრენდების ჩამოყალიბებას გეგმავენ, როგორიც ”ფოლკსვაგნისთვის” ”გოლფია”, ”ოპელისთვის” კი - ”ასტრა”.

რა თქმა უნდა, იაპონური კომპანიის მიერ წარმოებული პლატფორმა გერმანული ავტომობილების შიგნით ჩაიმალება. გარედან კი A და B-კლასის მოდელები ”მერსედეს-ბენცის” კორპორატიულ სტილში შესრულდებიან და გერმანული კომპანიისვე აგრეგატებით აღიჭურვებიან. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, თორემ ”სამქიმიანების” შედარებით ძვირ პროდუქციას ვინღა იყიდის?