Tuesday, November 3, 2009

”ფორდ ფოკუსის” ყველაზე მძლავრი ვერსია
Wolf RS360
3 ნოემბერიგერმანულმა სატუნინგო ატელიე ”ვოლფ რეისინგმა”, წარმოებისთვის ”ფორდ ფოკუსის” ყველაზე მძლავრი ვერსიის, RS360-ის მისეული, კიდევ უფრო გაძლიერებული და ექსტრემალური ვერსია მოამზადა.
ატელიეს სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად, ავტომობილის 2.5-ლიტრიანი ტურბოძრავის სიმძლავრე, 300-დან 360 ცხენის ძალამდე, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 400-დან 559 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. სიმძლავრის ესოდენ მნიშვნელოვანი მატება ძრავის მართვის ელექტრონული სისტემის გადაპროგრამებამ და ახალი, გაცილებით მძლავრი ტურბოდამჭირხნის გამოყენებამ განაპირობა.
მწარმოებლის განცხადებით, შემკვეთს ძრავის გაძლიერება 1 300 ევრო დაუჯდება. მაგრამ ხარჯები ამით არ შემოიფარგლება. მძლავრი ძრავი ახალი, უფრო ეფექტური, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალის დაყენებას მოითხოვს, რაც დამატებით 2 500 ევრო ჯდება. გარდა ამისა, ატელიე კლიენტს საკიდარის შეცვლასაც სთავაზობს, რაზეც 1 300 ევროს ითხოვს. დაბოლოს, შეთავაზების პაკეტში ასევე შედის 20-დუიმიანი ბორბლები, რომელთა კომპლექტის ფასიც 1 600 ევროს შეადგენს.
”ვოლფ რეისინგის” განცხადებით, მის მიერ მომზადებული სატუნინგო პაკეტით აღჭურვილი RS360-ის პირველი ჩვენება ესენის (გერმანია) საავტომობილო გამოფენაზე შედგება, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

”ფოლკსვაგენმა” სრულიად ახალი სედანის ესკიზი გამოაქვეყნა
Volkswagen US Sedan
3 ნოემბერი

”ფოლკსვაგენის” ამერიკულმა შტომ გამოაქვეყნა სეულიად ახალი სედანის ესკიზი, ავტომობილისა, რომელიც პირველ რიგში, ამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი და ოკეანის გაღმა დებიუტის შემდეგ, სხვა, მათ შორის ევროპულ ბაზრებზეც გაიყიდება.

”ფოლკსვაგენ ოფ ემერიკას” შეფის განცხადებით, ახალი ავტომობილი ჯერ შემუშავების ადრეულ სტადიაში იმყოფება. მისი კოდური სახელწოდებაა NMS, რაც იშიფრება, როგორც ”ნიუ მიდსაიზდ სედან”, ანუ ”ახალი საშუალო ზომის სედანი”.
რა თქმა უნდა, ჯერჯერობით უცნობია ახალი ავტომობილის ტექნიკური პარამეტრები. სამაგიეროდ, გერმანული კონცერნის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ სედანი 20 000 დოლარზე ოდნავ მეტი ეღირება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ”პასატზე” დაახლოებით 8 000 დოლარით იაფი ეღირება და სერიოზულ კონკურენციას გაუწევს აშშ-ის ბაზრის ისეთ სოლიდურ მოთამაშეებს, როგორებიცაა ”ტოიოტა ქამრი” და ”ჰონდა აკორდი”.
ახალი ავტომობილის საწარმოებლად, ვოლფსბურგელებს ჩატანუგას (შტატი ტენესი) ქარხანა აქვთ შერჩეული. იმის გამო, რომ ამერიკული დოლარი ევროსთან მიმართებაში შესუსტებულია და პროგნოზებით ასეც იქნება, ”ფოლკსვაგენში” იმედოვნებენ, რომ ამერიკაში ავტომობილის წარმოება, ევროპაში წარმოებასთან შედარებით, დაახლოებით 15 პროცენტით იაფი დაუჯდებათ.
ახალი ავტომობილის წარმოება 2011 წელს უნდა დაიწყოს. წლიურად დაახლოებით 100 000 ცალი ახალი სედანის წარმოება იგეგმება.
”ფოლკსვაგენი” ასევე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბაზარზე ახალი სედანის დამკვიდრებისთანავე, ამერიკაში ”ფაეტონის” დაბრუნებასაც აპირებს.

Sunday, November 1, 2009

”მიცუბიში” კომპაქტურ ქროსოვერს გამოუშვებს
Mitsubishi Compact Crossover Official Sketch
1 ნოემბერი


”მიცუბიში” წარმოებისთვის გამალებით ამზადებს ახალ კომპაქტურ ქროსოვერს, რომლის მსოფლიო დებიუტიც მერმის, ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე იგეგმება, თუმცა იაპონიაში მისი გაყიდვები თებერვალში დაიწყება.
ახალი ავტომობილი ორი წლის წინ მომზადებულ კონცეპტუალურ cX-ზეა ბაზირებული, თუმცა მისგან განსხვავებით, არაერთი ტექნოლოგიური სიახლით აღიჭურვება, რომელთა წყალობითაც, ”მიცუბიში” უგზოობის ავტომობილების მწარმოებლის იმიჯს, ეკოლოგიური ავტომობილების მწარმოებლისათი გაცვლის.
მართალია, კომპაქტური ქროსოვერის წარმოება მალე დაიწყება, მაგრამ მისი შემუშავება გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხდება, რის გამოც, ტექნიკურ მონაცემებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. თუმცა, ინტერნეტით გარკვეული ვარაუდები უკვე გავრცელდა.
ახალი და განახლებული ქროსოვერებისთვის ”მიცუბიში” ახალ ძრავებს ამზადებს, რომელთა მთავარი ღირსებაც გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობის შემცირებაა. ამ ძრავების სიმძლავრე 90-დან 170 ცხენის ძალის ფარგლებში მოექცევა. ძრავები იქნება როგორც ბენზინის, ასევე დიზელისაც.
ცნობისათვის, 2007 წელს ნაჩვენები კონცეპტუალური cX აღჭურვილი იყო 1.8-ლიტრიანი დიზელის ”სუფთა” ძრავით, რომელსაც ფრთების ცვალებადი გეომეტრიის მქონე ტურბოდამჭირხნი ემსახურება. თავისი ეკოლოგიური მახასიათებლებით, ეს ძრავი ევრო5 სტანდარტს შეესაბამებოდა.

Saturday, October 31, 2009

”ნისან ლიფ-ი” მექსიკო სიტისთვის

Nissan Leaf for Mexico City

31 ოქტომბერი

”ნისანმა” და მექსიკო სიტის ხელმძღვანელობამ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, იაპონური კომპანია და მისი ფრანგული პარტნიორი ”რენო” ვალდებულებას ღებულობენ, მექსიკის დედაქალაქი გარემოსადმი მეგობრული ავტომობილებით მოამარაგონ. ასეთი კი მალე გახდება ელექტრომობილი ”ნისან ლიფი”, რომელიც მექსიკო სიტის ქუჩებში 2011 წელს გამოჩნდება.

გლობალურ ბაზარზე ამ ელექტრომობილის წარდგენას იაპონური კომპანია 2012 წელს აპირებს, თუმცა აშშ-ისა და იაპონიის ბაზრებისთვის, შეზღუდული რაოდენობით მის გამოშვებას უფრო ადრე გეგმავს. ახლა კი ამ ორ ბაზარს მექსიკაც დაემატა.

”მექსიკო სიტიში ”ნისანი” დიდი პოპულარობით სარგებლობს და იქ ელექტრომობილების გაყიდვა ამ პოპულარობის გაგრძელება იქნება. ამ ქალაქის ხელმძღვანელებთან საქმიანი ურთიერთობის განმტკიცებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ მექსიკურ ბაზარს ჩვენი ალიანსისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება”, - ამბობს ”ნისან მექსიკანას” პრეზიდენტი ხოსე მუნიოსი.

”ნისან ლიფი” ლითიუმ-იონური აკუმულატორებით აღიჭურვება, რომელთა ტევადობაც 90 კილოვატს მიაღწევს. მისი ელექტროძრავის სიმძლავრე 80 კილოვატს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 280 ნიუტონმეტრს მიაღწევს. სრულად დამუხტული აკუმულატორებით, ელექტრომობილის სვლის მარაგი 160 კილომეტრს მიაღწევს, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ნაწილობრივ, მის მიღწევაში ავტომობილს მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემაც ეხმარება.

”ნისანი” აშშ-ში ”ლიფზე” შეკვეთების მიღებას მერმის დაიწყებს. იაპონური კომპანიის განცხადებით, ჩრდილოეთ ამერიკაში ამ ელექტრომობილზე უკვე 22 000 წინასწარი შეკვეთაა მიღებული. არადა, ჯერ სამი თვეც არაა გასული ამ ავტომობილის პრეზენტაციიიდან, რომელიც აგვისტოში ჩატარდა.

Friday, October 30, 2009

”ფორდ ფიესტა ეკონეტიკი” - 2.9 ლიტრი 100 კილომეტრზე

Ford Fiesta ECOnetic

30 ოქტომბერი

”ფორდ ფიესტა” ძალიან პოპულარული ავტომობილია. მას განსაკუთრებით ევროპაში აფასებენ, სადაც ყველაზე მეტად ისინი ყიდულობენ, ვინც სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობს. ამ სუბკომპაქტური ავტომობილის პოპულარობას, მის გარეგნობასთან ერთად, ეკონომიურობაც განაპირობებს.

ახლახანს, ”ცისფერმა ოვალმა” ამ ავტომობილის ახალი, კიდევ უფრო ეკონომიური ვერსია შექმნა, რომელიც სერია ”ეკონოტეკის” ძრავითაა აღჭურვილი და მწარმოებლის მონაცემებით, 100 კილომეტრის გასავლელად, 2.9 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. ეს შედეგი ამერიკული კომპანიის ჯგუფმა ”გლოუბლ გრინ ჩელინჯის” ეტაპზე მიაღწია.

პარალელურად, ”ფორდმა” გამოაქვეყნა პირველი ათი თვის გაყიდვების მონაცემები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ წელს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ”ფიესტაა” გაყიდული. აქედან თითქმის 450 ათასი ევროპაში გაიყიდა, დანარჩენი კი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

”ახალი ”ფიესტა” თვალწარმტაცი, ინოვაციური, არაჩვეულებრივად მართვადი და დინამიური ავტომობილია. ამ თვისებებით კი ის მთელი მსოფლიოს ავტომოყვარულებს ხიბლავს და ამბობს ”ფორდის” გლობალური მარკეტინგის შეფი ჯიმ ფარლი.

აღსანიშნავია, რომ ესოდენ კარგ შედეგს ”ფორდმა” იმის მიუხედავად მიაღწია, რომ ”ფიესტას” ჯერაც არ ჰყიდის აშშ-ის ბაზარზე. ამ ავტომობილის ამერიკული დებიუტი ლოს ანჯელესის საავტომობილო შოუზეა მოსალოდნელი, რომელიც ამ წლის ბოლოს გაიმართება. თუმცა გაყიდვები მხოლოდ ზაფხულში დაიწყება. და მაინც, სპეციალური სარეკლამო კამპანიის წყალობით, ”ფორდმა” თავის ახალ ”ფიესტაზე” უკვე თითქმის 50 000 ცალი წინასწარი შეკვეთა შეაგროვა.

Thursday, October 29, 2009

ბრიტანული ელექტრომობილი ევროპის დაპყრობას აპირებს

Axon Plug-In Hybrid Electric Vehicle

29 ოქტომბერი

ბრიტანეთში ახალი საავტომობილო კომპანია გამოჩნდა - მილტონ კეინსში, მეცნიერების ფესტივალზე, კომპანია ”აქსონ ოტომოტივმა” თავისი პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი წარმოადგინა, რომლის გაყიდვების დაწყებასაც ორ წელიწადში აპირებს.

ჯერჯერობით, ეს პირველი ბრიტანული კომპანიაა, რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ მას ფინანსურად ქვეყნის მთავრობის სპეციალური სტრუქტურა, კერძოდ კი ”ტექნოლოგიების სტრატეგიის საბჭო” ეხმარება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მილტონ კეინსში ნაჩვენები ავტომობილი მალე გამოჩნდება ალბიონის გზებზე.

ავტომობილის მთავარო მამოძრავებელი ელექტროძრავია. ქალაქში სწორედ მისი მეშვეობით გადაადგილდება. შორეული მოგზაურობის დროს, ელექტროძრავს შიდაწვის ძრავი ეხმარება, რომელიც ბენზინის გარდა, საწვავად ბიოეთანოლსაც იყენებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ავტომობილის კიდევ ერთი დადებითი თვისება სიმსუბუქეა. ამის მიღწევაში კი მათ ნახშირბადოვანი ბოჭკოს კომპოზიტის გამოყენება დაეხმარა. ასეთი კომპოზიტები ფართოდ გამოიყენება სპორტული ავტომობილების წარმოებისას და მისი მთავარი ღირსება ისაა, რომ მსუბუქია და ხისტი. კომპოზიტებისგან დამზადებული მზიდი სტრუქტურა კარგი ენერგოშთანმთქმელია და ის კარგად იცავს სალონში (სპორტული ავტომობილის კოკპიტში) მყოფთ.

”აქსონის” სალონი ორ ზრდასრულ ადამიანზეა გათვლილი და მას საკმაოდ ბევრი ბარგის გადატანაც შეუძლია. სიიაფისა და ეკოლოგიურობისთვის გაღებული ხარკია ის, რომ სალონი მსუბუქი მრეწველობის ნარჩენებითაა გაწყობილი. კერძოდ, შალითები ჯინსის შარვლების წარმოებისას დარჩენილი ნაჭრითაა დამზადებული, ინტერიერის ზოგიერთი დეტალი კი კარბონის კომპოზიტის ნარჩენებისგან კეთდება.

”ჩვენი ძირითადი მიზანი ის იყო, რომ მსუბუქი, აეროდინამიკური ავტომობილი შეგვექმნა, რამაც გამონაბოლქვის შემცირების საშუალება მოგვცა. რამდენადაც ავტომობილი პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, მაქსიმალური გარბენის მხრივ პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ ელექტროენერგიის მოხმარების თანდათან შემცირებას მაინც ვაპირებთ. იმავდროულად, ეს ეს ავტომობილის გაძვირების და აკუმულატორების რიცხვის ზრდის ხარჯზე არ მოხდება”, - ამბობს ”აქსონის” მმართველი დირექტორი სტივ კუზინსი.

მისივე თქმით, შერეული ციკლით (როგორც ელექტროძრავით, ასევე შიდაწვის ძრავითაც) მოძრაობისას, ”აქსონის” ავტომობილი კოველ კილომეტრზე ატმოსფეროში მხოლოდ 50 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

პირველი პლაგ-ინ ელექტრული ”აქსონი” ბრიტანეთის გზებზე 2011 წელს გამოჩნდება, მისი სერიული წარმოება კი ერთი წლის შემდეგ დაიწყება. წარმოებისთვის კომპანია მცირე საწარმოებს გამოიყენებს, რომლებიც ბრიტანეთის გარდა, ესპანეთში, საფრანგეთში, ირლანდიაში, დანიასა და ჰოლანდიაშიც განლაგდება.

ლოტუსი” ”ევორას” პლატფორმას სხვა კომპანიებს შესთავაზებს

Lotus Offering Evora Platform To Other Carmakers

29 ოქტომბერი

ჯერ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არაა, მაგრამ ინტერნეტში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მალე ”ლოტუსი” თავის ახალ მოდელ ”ევორას” პლატფორმას სხვა კომპანიებსაც შესთავაზებს.
ბოლო წლებია, ”ლოტუსი” თავისი მოდელების პლატფორმებს (ელიზი და ექსიჯი) სხვა კომპანიებს სთავაზობს და ეს ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია. ამერიკულმა კომპანია ”ტესლამ” თავისი პოპულარული ელექტრომობილი სწორედ ”ლოტუს ელიზის” პლატფორმაზე დაამზადა და ამით მოგებას ნახულობს - მზამზარეულ და თანაც, სრულყოფილ პლატფორმას იაფად იყენებს.

”ლოტუსი” ინგლისური კომპანიაა და დღეს მალაიზიურ ავტომწარმოებელ ”პროტონის” ჯგუფში შედის, რომელიც შესაძლოა, მალე გერმანულ გიგანტ ”ფოლკსვაგენს” შეუერთდეს. ამასთან, მერმის ”ლოტუსის” სახელი კვლავ დაუბრუნდება ფორმულა 1-ს.

”ევორას” პლატფორმა უნივერსალურია. ის ადვილად ექვემდებარება მოდიფიცირებას და ამიტომ, მის ბაზაზე, სხვადასხვა კლასის, მათ შორის, ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების დამზადებაა შესაძლებელი.

ცნობისათვის, 2010 სამოდელო წლის ”ლოტუს ევორა” ”ტოიოტას” წარმოების V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 276 ცხენის ძალას იძლევა. ამ ავტომობილის ჩასაჯდომი ფორმულა 2+2-ია (ცოტა მოძველებული ფორმულა კია). ანუ, მასში 2 სრულფასოვანი და ორიც ფსევდო ადგილია.

ავტომობილი გრან ტურიზმოს (GT) კლასს მიეკუთვნება, თუმცა მის პლატფორმაზე (მცირე მოდიფიკაციის შემდეგ) ჩვეულებრივი სედანის და ჰეჩბეკის დამყნობაც შესაძლებელია. ”ევორას” პლატფორმას ”ლოტუსში” ”მრავალმხრივი არქიტექტურის ურიკას” (ვერსეტაილ ვიჰაიქლ არქიტექჩა) უწოდებენ. პლატფორმა მოდულებისგან შედგება, რომლებიც ცალ-ცალკე მოდიფიცირებას ექვემდებარება. ამასთან, ისინი ადვილი დასამზადებელია და მცირე რაოდენობით წარმოების შემთხვევაშიც კი, ძალიან იაფი ჯდება. პლატფორმის სიიაფეს, მისი წარმოებისას, შედარებით იაფფასიანი მასალების გამოყენებაც უწყობს ხელს.

სხვათა შორის, ეს პლატფორმა მისწრებაა იმ პატარა კომპანიებისთვის, რომლებიც ინდივიდუალური დიზაინის, მცირე რაოდენობით ავტომობილებს შეკვეთებით აწარმოებენ. ამავე მიზნით, ამერიკაში ფართოდ გამოიყენება პოპულარული ”შევროლე კორვეტის” პლატფორმა, რომლის ყიდვაც (სრულიად უხმარის), თუ გაგიმართლათ, ინტერნეტში 10 000 დოლარადაც კი შეიძლება.

Monday, October 26, 2009

მშვიდობით, ”ლენდ როვერ დეფენდერ”

Good Bye, Land Rover Defender

26 ოქტომბერი

უგზოობის ავტომობილების სამყაროს მალე მისი ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული წევრი გამოაკლდება - 2013 წელს ”ლენდ როვერი” თავისი პირველი მოდელის, ლეგენდარული ”დეფენდერის” წარმოებას შეაჩერებს. ინგლისური კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა ავტომობილებს გამონაბოლქვზე სულ უფრო მკაცრ და ძნელად მისაღწევ სტანდარტებს უწესებს.

ამჟამად ”დეფენდერი” მხოლოდ ამერიკაში იყიდება და ისიც მნიშვნელოვნად მოდიფიცირებული სახით და თანაც, ძალიან ძვირი ღირს. მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის, რადგან წარმოების მოცულობა ოპტიმალურ ზღვარს ვერ აღწევს.

თანამედროვე სახით, ”ლენდ როვერი” ”დეფენდერს” უკვე 25 წელია, აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ ამ პოპულარული მოდელის რამდენიმე სპეც ვერსია გამოუშვა, თუმცა საბაზო მოდელისგან მათ მხოლოდ მინიმალური ცვლილებები ასხვავებდა.

გამოცემა ”პისტონჰედსი” წერს, რომ სახელი ”დეფენდერი” სამუდამოდ მაინც არ გაქრება ”ლენდ როვერის” საწარმოო პროგრამიდან. ძველ მოდელს ახალი შეცვლის. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ახალი ”დეფენდერის” წარმოება. სავარაუდოდ, ინგლისური კომპანია შემცვლელის კონცეპტუალურ ვერსიას ორი წლის განმავლობაში წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამჟამად კონცეპციის შესახებ რაიმეს თქმა შეუძლებელია, თუმცა ”პისტონჰედსი” წერს, რომ ის ალბათ ”რეინჯ როვერ სპორტის”, ან LR4-ის პლატფორმაზე იქნება ბაზირებული.

ახლანდელი ”დეფენდერი” ბაზარზე 1990 წელს გამოჩნდა, როგორც პირველი სერიის ”დეფენდერის” ევოლუციური ვერსია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებადი მოდელი საავტომობილო მრეწველობის ისტორიაში და ამ სურათს სხვადასხვა სპეციალური ვერსიები ვერ ცვლის.

ავტომობილი თავისი სპარტანული გარეგნობით გამოირჩევა, რითაც დანახვისთანავე გვაგრძნობინებს, რომ ის უგზოობის პირობებისთვისაა შექმნილი. ამ თვისების გამო, მას დამფასებლები ჰყავს როგორც სამხედროებში (ბრიტანეთის არმიაში), არამედ სამოქალაქო პირებშიც. მაგრამ მოსალოდნელია, რომ ახალი დეფენდერი უფრო ასფალტიანი გზებისთვის მისადაგებული იქნება.

ბოლო მოდიფიკაცია, რომელიც ”დეფენდერის” ბაზაზე ”ლენდ როვერმა” გამოუშვა, გამოცემა ”ფაია ენდ აის-ია”, რომელიც კომანიამ საზოგადოებას ივნისში შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია, წარმოების შეწყვეტამდე, იგეგმება თუ არა სხვა სპეც ვერსიების წარმოება.

Friday, October 23, 2009

”სუბარუ” ჰიბრიდულ ავტომობილს გამოუშვებს

Subaru Hybrid Tourer Concept

23 ოქტომბერი

ტოკიოში გახსნილ საავტომობილო შოუზე, კორპორაცია ”ფუძი ჰევი ინდასტრიზის” (რომელშიც გაერთიანებულია სუბარუ) პრეზიდენტმა იკიო მორიმ განაცხადა, რომ სამი წლის შემდეგ ”სუბარუს” სამოდელო გამას ჰიბრიდული ავტომობილი შეემატება.

ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, მაგრამ ”სუბარუს” პირველი ჰიბრიდული ავტომობილი ალბათ კომპაქტური ზომისა იქნება. მისთვის ჰიბრიდული აგრეგატის მომზადებაში, მონაწილეობას ”ტოიოტა” მიიღებს, რომელსაც ”სუბარუს” აქციების 16.5-პროცენტიანი პაკეტი ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ პირველი ჰიბრიდული ავტომობილის (სუბარუ ჰიბრიდ ტურერი) კონცეპტუალური ვერსია ”სუბარუმ” პირველად ოთხი წლის წინ წარმოადგინა. ის ავტომობილი მოდელ ”ლეგასის” პლატფორმაზე აიგო და ორლიტრიანი ოპოზიტური ძრავით იყო აღჭურვილი, რომელსაც ორი ტურბოკომპრესორი ემსახურებოდა. ამ ძრავსა და ტრანსმისიას შორის კი მოთავსებული იყო 10-კილოვატიანი ელექტროძრავი, რომელიც მხოლოდ მოძრაობის დასაწყისსა და აქტიური აჩქარებისას გამოიყენებოდა.

ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 260 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 350 ნიუტონმეტრს შეადგენდა. ამჯერად კი, ტოკიოს გამოფენაზე, ”სუბარუს” სტენდზე დიდგაბარიტიანი, ოთხადგილიანი ჰიბრიდული ჰეჩბეკი დგას, რომელსაც ეგრეთ წოდებული ”თოლიას ფრთის” ტიპის კარებები აქვს.

ამ ავტომობილის ჰიბრიდული დანადგარის მთავარი აგრეგატი 20.0-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავია, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილშია მოთავსებული. მის გარდა, ჰიბრიდულ დანადგარში ასევე ორი ელექტროძრავიც შედის. მათგან უფრო სუსტი - 10-კილოვატიანი (13.5 ცხ.ძ), ავტომობილის წინა ნაწილში მდებარეობს, უკანა, 20-კილოვატიანი (27 ცხ.ძ) კი - უკან. ტრანსმისია კი უსაფეხურო ვარიატორია.

”სუბარუ” ჯერჯერობით არ აზუსტებს, აპირებს თუ არა ამ კონცეპტუაური ავტომობილის ბაზაზე სერიული მოდელის წარმოებას.

”ჰონდა” ეკოლოგიურად სუფთა სუპერ ავტომობილს გამოუშვებს

Honda would consider 'green' sports car

23 ოქტომბერი

ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, იაპონური ”ჰონდა” მაინც განიხილავს სპორტული ავტომობილის გამოშვების პერსპექტივას. ოღონდ, კომპანიის მთავარ აღმასრულებელ ტაკანობუ იტოს განცხადებით, ეს იქნება გარემოსადმი მეგობრული ავტომობილი და მისი შემუშავება მაშინვე დაიწყება, როგორც კი მწარმოებელი ამისათვის აუცილებელ ფულად სახსრებს გამოძებნის.

”ჩვენ გვჭირდება ავტომობილი, რომელშიც ჩვენი კომპანიის ყველა ტექნოლოგიურ სიახლეს და მიღწევას გამოვიყენებთ. მის გამოშვებაზე ზრუნვას კი მაშინ დავიწყებთ, როდესაც ამისათვის საჭირო ფულად სახსრებს გამოვძებნით. ეს ავტომობილი, ჩვენი ტექნოლოგიური პროგრესის სიმბოლო უნდა გახდეს”, - ტოკიოს საავტომობილო შოუს გახსნისას განაცხადა იტომ.

ცნობისათვის, ”ტოიოტა” მალე დაიწყებს უახლესი სუპერ ავტომობილის - ”ლექსუს LFA-ს” წარმოებას. ამ ავტომობილის კაპოტქვეშ მოთავსებულია 4.8-ლიტრიანი V10 ძრავი, რომლის მეშვეობითაც, მისი მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ/სთ-ს აღწევს. ამ ავტომობილს მხოლოდ 500 ცალს დაამზადებენ და თითოეული მათგანი 375 000 დოლარად გაიყიდება.

ამ კლასის ავტომობილს, სახელად NSX, ”ჰონდა” 1990-იან წლებში აწარმოებდა და ის მეტად პოპულარული იყო ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე. დღეს ეს ნიშა ”ჰონდას” აუთვისებელი აქვს. სხვათა შორის, NSX-ის შემუშავებას სწორედ იტო ხელმძღვანელობდა და ახლა, როცა მთელი კომპანიის სათავეში იმყოფება, ის ცარიელი ნიშის შევსებას აპირებს.

ასეთი ავტომობილის შემუშავების გადაწყვეტილება ”ჰონდამ” კრიზისამდე მიიღო (აკურას მარკით - სურათზე), მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, პროექტი დროებით შეჩერდა. ახლა კი ამ პროექტს ძირეული გადაკეთება ელის, რადგან გადაწყდა, რომ ავტომობილი ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს და იმავდროულად, ისეთივე დინამიკური შესაძლებლობები ჰქონდეს, როგორიც შიდაწვისძრავიან სუპერ ავტომობილებს აქვთ.

”მაზდას” ახალი ძრავები

Mazda

23 ოქტომბერი

ტოკიოს საავტომობილო შოუზე ”მაზდას” რამდენიმე ახალი ტექნოლოგია აქვს გამოფენილი, ბენზინზე მომუშავე ძრავი SKY-G საწვავის პირდაპირი შეფრქვევით, SKY-D დიზელის ”სუფთა” აგრეგატი და მაღალეფექტური ტრანსმისია SKY-დრაივ. ამათ გარდა, იაპონური კომპანიის სტენდზე ასევე გამოფენილია კომპაქტური კონცეპტუალური მოდელი ”კიორა”, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, 100 კილომეტრის გასავლელად სულ რაღაც 3.1 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

”მაზდას” განცხადებით, ბენზინის ახალი ძრავი SKY-G, ამავე კომპანიის 2.0-ლიტრიან აგრეგატთან შედარებით, თითქმის 15 პროცენტით ეკონომიურია. იაპონური კომპანიის განმარტებით, ასეთი ეკონომიურობა მიღწეულია იმით, რომ ძრავი საწვავის ახალი თაობის ფრქვევანებით და უზუსტესი გაზგამანაწილებელი სისტემითაა აღჭურვილი, რომელსაც ცვალებადი, კომპიუტერის მიერ რეგულირებადი, შეშვება-გამოშვების ფაზები აქვს. ასეთი ძრავის წყალობით, ამიერიდან ”მაზდა3” ისეთივე ეკონომიური გახდება, როგორიც მასზე პატარა ”მაზდა2-ია”.

დაახლოებით, იმავე ეფექტურობით გამოირჩევა დიზელის აგრეგატი SKY-D (არც ბენზინის და არც დიზელის ძრავების ლიტრაჟი არ გამოქვეყნებულა), რომელიც ”მაზდასივე” 2.2-ლიტრიან აგრეგატზე თითქმის 20 პროცენტით ეკონომიურია. SKY-D-ს მეშვეობით, ”მაზდა6-ს” ისეთივე მცირე აპეტიტი აქვს, როგორიც ”მაზდა2-ს”.

საწვავის ეკონომიურად ხარჯვაზეა მოწოდებული ტრანსმისია SKY-დრაივიც. მისი მეშვეობით, ავტომობილის ეკონომიურობა 5 პროცენტით უმჯობესდება. ”მაზდას” განცხადებით, ტრანსმისიის ეკონომიურობა მისმა სრულიად ახალმა, რაციონალურმა კონსტრუქციამ განაპირობა, რომლის წყალობითაც, მნიშვნელოვნადაა შემცირებული დეტალებს შორის ხახუნი. გადაბმის ქურიში კი, ფრიქციულ ელემენტებს შორის უქმე მოსრიალება მინიმიზებულია. ”მაზდა” ირწმუნება, რომ ეს ქურო ისევე ეფექტურია, როგორც ორდისკოიანი ქუროები.

Thursday, October 22, 2009

”ფიატი” ”ბერტონეს” ქარხანას აამუშავებს

Fiat Bertone

22 ოქტომბერი

”ფიატი” მის მიერ შეძენილი ატელიე ”ბერტონეს” კუთვნილი ტურინული ქარხნის ამოქმედებას გეგმავს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ეს ქარხანა, ”კრაისლერის” ორ მოდელს გამოუშვებს. თუმცა, იტალიური კომპანია ჯერ არ აზუსტებს ამ მოდელების სახელებს.

ის, რომ ”ბერტონეს” ქარხანა ”კრაისლერის” ორ მოდელს გამოუშვებს, პირველად ერთი თვის ”ფიატის” მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ განაცხადა. თუმცა, მანვე ამ მოდელების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. მას არც ის დაუზუსტებია, თუ როდის დაიწყება მათი წარმოება.

გამოცემა ”აუტომოტივ ნიუს იუროპმა” მოიპოვა კონფიდენციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ბერტონეს” ქარხანა, რომელიც ტურინის გარეუბან გრულიასკოში მდებარეობს, 2011 წლიდან ამოქმედდება. პირველი ავტომობილი, რომლის წარმოებაც იქ დაიწყება, ”კრაისლერ 300C-ს” (სურათზე) ევროპული ვერსია იქნება. ამ ავტომობილის ამერიკული დებიუტი იმავე წელს იგეგმება.

აქამდე 300C-ს ევროპულ ვერსიას, ”კრაისლერის” დაკვეთით, კანადურ-ავსტრიული ”მაგნა შტეირის” გრაცის (ავსტრია) ქარხანა უშვებს. იგივე ქარხანა ასევე ”კრაისლერის” ჯგუფში შემავალი ”ჯიპის” უგზოობის პოპულარულ მოდელ ”გრანდ ჩეროკისაც” აწარმოებს (ევროპისთვის). გრაცის ქარხანას ამ ავტომობილების წარმოებაზე კონტრაქტი მერმის უმთავრდება.

იტალიურ საავტომობილო პრესაში ასევე გამოითქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ”ფიატი” მოდელ 300C-ს პლატფორმას თავის ჯგუფში შემავალი იტალიური კომპანია ”ლანჩას” ფლაგმან ”თეზისის” ახალი ვერსიის საწარმოებლად გამოიყენებს. ცუდი გაყიდვების გამო, ამ ავტომობილის წარმოება წელს შეწყდა.

მეორე მოდელი, რომელსაც ”ბერტონეს” ქარხანა გამოუშვებს, ”ჯიპ გრანდ ჩეროკია”, რომელსაც დაშლილი სახით ჩაიტანენ იტალიაში და გრულიასკოში ააწყობენ.

Tuesday, October 20, 2009

”ვერმოტმა” როდსტერ ”ვერიტას RS III-ის” წარმოება დაიწყო

Veritas RS III Roadster

20 ოქტომბერი

პატარა გერმანულმა კომპანია ”ვერმოტმა” გამოაცხადა, რომ იწყებს სპორტულ ავტომობილ ”ვერიტას RS III-ის” წარმოებას, რომელიც მხოლოდ 30 ცალი დამზადდება. თითო ავტომობილს 15 ადამიანი აწყობს და ისინი საქმეს დაახლოებით 8 კვირას უნდებიან.

ავტომობილს საკმაოდ უცნაური ჩასაჯდომი ფორმულა აქვს - 1+1, ანუ ერთი ადგილი მძღოლისთვის და ერთიც, მგზავრისთვის. ოღონდ, თუ ეს მეორე ადგილი თავისუფალია, ის ძარის დამატებითი ელემენტით იფარება ისე, რომ გკუვი ზედაპირი შექმნას და ჰაერის ნაკადის შეშფოტებას არ შეუწყოს ხელი. აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად გაღებული ხარკია ასევე ისიც, რომ ავტომობილს საქარე მინა არ აქვს.

მწარმოებელი ირწმუნება, რომ ”ვერიტას RS III” შესანიშნავი დინამიკური თვისებებით გამოირჩევა. ”მექანიკური, თუ ავტომატური ტრანსმისიით, სარბოლი, თუ საგზაო ვერსია, დამხმარე სისტემების გარეშე, თუ ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით - ”ვერიტას RS III” ისეთსავე სიამოვნებას მოგანიჭებთ, როგორსაც სარბოლი ავტომობილი”, - ნათქვამია ”ვერმოტის” რელიზში.

”ვერიტას RS III-ის” მზიდი ელემენტი ფოლადის მილებისგან შეკრული სივრცული ჩარჩოსა და კარბონის კომპოზიტის კომბინაციას (ეგრეთ წოდებული მონოკოკური სისტემა) წარმოადგენს და დიდი სიხისტით გამოირჩევა. მონოკოკის უკანა ტორსზე ხისტადაა დამაგრებული (როგორც სარბოლ ავტომობილებში) ”ბეემვეს” წარმოების 5.0-ლიტრიანი V10 აგრეგატი, რომელიც 507 ცხენის ძალას (7 750 ბრ/წთ-ზე) და 520 ნიუტონმეტრს (6 100 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით, 1 080-კილოგრამიანი ”ვერიტას RS III” მაქსიმუმ 347 კმ/სთ-ს ავითარებს, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად კი 3.2 წამი სჭირდება.

სტანდარტულ კომპლექტაციაში, ძრავს 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უწყვილდება, მყიდველის სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია ამ კოლოფის 6-საფეხურიანით შეცვლა. ავტომობილი ასევე აღჭურვილია კომპანია ”ოლინსის” წარმოების საკიდარით, ”რეკაროს” სპორტული ყაიდის სავარძლებით და ”დანლოპის” წარმოების საბურავებით, რომელთა ზომებია: 325/25 უკან და 255/30 წინ.

დაბოლოს, ”ვერმოტი” ირწმუნება, რომ ”ვერიტას RS III-ზე” 8 შეკვეთა უკვე მიღებული აქვს. მყიდველები მონაკოდან, ბრიტანეთიდან და ავსტრალიიდან არიან. უკვე დაწყებულია სამი ავტომობილის აწყობა. თითოეულის საბაზო ღირებულება 345 000 ევროა.

Sunday, October 18, 2009

უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ელექტრომობილი

Audi R4

18 ოქტომბერი

”აუდის” კონცეპტუალურმა ელექტრომობილმა e-ტრონმა ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე სპეციალისტების და დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რის პასუხადაც, შოუს დასრულებისთანავე, გერმანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ამ რლრქტრომობილის სერიულ წარმოებას აპირებს.

გავიდა კიდევ ორი კვირა და ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმავე კონცეპტუალური მოდელის ბაზაზე, ინგოლშტადტელები კომპაქტურ კუპესა და როდსტერსაც გამოუშვებენ, რომელიც მათს სამოდელო გამაში, TT-სა და R8-ს შორის დაიკავებს ადგილს, მისი სახელი კი R4 იქნება.

ახალი ავტომობილის შესახებ, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისთვის ახალი პლატფორმა შეიქმნება, რომელსაც ასევე ”პორშე” თავისი მომდევნო თაობის ”ბოქსსტერისა” და ”კაიმანისთვისაც” გამოიყენებს. R4 იქნება როგორც ელექტრომობილი, ასევე ის შიდაწვის ძრავითაც აღიჭურვება. საერთოდ, ”აუდის” გეგმა ითვალისწინებს, რომ მომავალში, მისი ყველა ავტომობილის ბაზაზე ელექტრომობილებიც დამზადდება.

ელექტრული R4 ოთხი ელექტროძრავით აღიჭურვება - თითო ძრავი თითო ბორბალს მოემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე 300 ცხენის ძალას მიაღწევს. ისინი ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან მიიღებენ, რომლებიც ავტომობილის ცენტრალურ სეგმენტში განთავსდება. აკუმულატორების ბლოკის წონა 470 კილოგრამს მიაღწევს, ავტომობილისა კი - 1.5 ტონას.

ელექტრული R4-ის ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 4.8 წამი დასჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 220 კმ/სთ-ით შეიზღუდება. დაკიდევ, სრულად დამუხტული აკუმულატორების მეშვეობით, ავტომობილი 240 კილომეტრის გავლას შესძლებს.

R4-ის შიდაწვისძრავანი ვარიანტები იმავე აგრეგატებს მიიღებს, რომლებსაც ინგოლშტადტელები ”აუდი TT-ზე” იყენებენ. მათ შორისაა 2.5-ლიტრიანი, ხუთცილინდრიანი მოტორი, რომელიც 340 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მოდიფიკაცია RS-ზე გამოიყენება.

Saturday, October 17, 2009

”ნისანის” ”მიწაზე მონარნარე” ტოკიოში დებიუტისთვის ემზადება

Nissan Prepares Land Glider Concept for Tokyo

16 ოქტომბერი

რამდენიმე დღის წინ, ”ბეემვეს” უჩვეულო კონცეპტუალური ავტომობილი ”სიმპლ-ი” გაგაცანით, რომელიც რეალურად, მოტოციკლისა და ავტომობილის ერთგვარ სინთეზს წარმოადგეს. იმ ავტომობილს ბავარიული კომპანიის სამუზეუმო ექსპონატობა უწერია.
მსგავს კონცეპტუალურ ავტომობილს, იაპონური ”ნისანი” მალე ტოკიოს ავტო შოუზე წარმოადგენს. ავტომობილს, ეფრო საწორედ ელექტრომობილს, ”ლენდ გლაიდერი” (მიწაზე მონარნარე, მოლივლივე) უწოდეს. ”სიმპლ-ის” მსგავსად, ისიც მოხვევისას გვერდზე იხრება, მასში კი მძღოლი და მგზავრი ეგრეთ წოდებული ტანდემური განლაგებით სხდებიან. ესე იგი, მგზავრის სავარძელი მძღოლის სავარძლის უკანაა მოთავსებული.
”ლენდ გლაიდერს” მოსახვევში 17 გრადუსით დახრა შეუძლია და თუ კომპანიის ოფიციალურ პრეს რელიზს დავუჯერებთ (რატომ არ უნდა დავუჯეროთ), დახრის სისტემის მეშვეობით, ელექტრომობილს მკვეთრი მოსახვევების მაღალი სიჩქარით გავლაც კი შეუძლია.
რაღაცით ”ლენდ გლაიდერი” თვითმფრინავსაც, უფრო სწორედ, სამხედრო თვითმფრინავის იმ სეგმენტს ჰგავს, სადაც პილოტის კაბინა მდებარეობს - ელექტრომობილის სალონი თვითმფრინავის სანთელს ჰგავს. სავარძლების ტანდემური განლაგებაც სამხედრო თვითმფრინავთან მსგავსების მანიშნებელია. დაბოლოს, საჭე - საჭის რგოლის ნაცვლად, ”მონარნარე” შტურვალით იმართება.

ამ შტურვალით მძღოლი მოხვევის მიმართულებას და სიმკვეთრეს არეგულირებს, ავტომობილის დახრის კუთხეს კი ელექტრონიკა განსაზღვრავს. მრავალი გადამწოდისგან მიღებულ ინფორმაციას კომპიუტერი გადაამუშავებს, რომელიც ელექტრომობილის მოძრაობის სიჩქარეს, საჭის მოხვევის კუთხეს, ვერტიკალური ღერძის მიმართ მოძრაობის კუთხურ სიჩქარეს ითვალისწინებს და ამ მონაცემების მიხედვით, დახრის ყველაზე ოპტიმალურ კუთხეს თავად არჩევს.

დაბოლოს, ”ლენდ გლაიდერი” ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი (ავტომობილის უკანაა განლაგებული), რომლებსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს. თავის მხრივ, ამათი დამუხტვა უკონტაქტო მოწყობილობით ხდება.

”ნისანი” აღიარებს, რომ ”ლენდ გლაიდერის” სერიული წარმოება არ იგეგმება. სამაგიეროდ, მასში გამოყნებული ტექნოლოგიებიდან ზოგიერთი მალე მასობრივ წარმოებაში დაინერგება.