Sunday, February 26, 2012

„SCI ჰაიმოდ“ - რუმინული კონცეპტუალური მოდულური ჰიბრიდი

Romanian Team Dreams up a 6-Seater Modular Hybrid Concept Called SCI hyMod
26 თებერვალი

ელექტრომობილები თანდათან მკვიდრდება საავტომობილო ბაზარზე. სიძვირის მიუხედავად, ასეთი ავტომობილების მთავარ უარყოფით თვისებად, მათი სვლის შეზღუდული სიშორეა, რასაც თანამედროვე აკუმულატორების მახასიათებლები განაპირობებს. ყოველივეს გამო, ბევრი ავტომწარმოებელი ჯერჯერობით მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას ამჯობინებს, რომლებიც არც ისეთი სიძვირით გამოირჩევიან და სვლის სიშორითაც თითქმის არ ჩამოუვარდებიან შიდაწვისძრავიანებს.

რუმინელმა ენთუზიასტებმა კი ელექტრომობილისა და ჰიბრიდის ერთგვარი კომბინაციის პროექტი შეიმუშავეს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სუფთა ელექტრომობილი, ასევე ჰიბრიდიც. ამისათვის, მათ ავტომობილი იმგვარად დააპროექტეს, რომ მასში აგრეგატების შენაცვლება ადვილად ხდებოდეს. და ამისათვის სპეციალური, ნახევრად ავტომატური მოწყობილობაც შეიმუშავეს, რომლის წყალობითაც, მანქანის მფლობელი, დახმარების გარეშე შეძლებს ავტომობილზე მისთვის სასურველი აგრეგატის დაყენებას.
ენთუზიასტთა ჯგუფი სამი წევრისგან შედგება. მათგან ერთი - დან სკარლატი, საავტომობილო სფეროს ჟურნალისტია, მარიან ჩილიბეანუ დიზაინერია, კრისტიან იონესკუ კი - ავტოინჟინერი. მათ შეიმუშავეს მოდულური ჰიბრიდული ავტომობილის პროექტი, სახელად „SCI ჰაიმოდ“. სახელში აბრევიატურა, პროექტის ავტორთა გვარების აბრევიატურაა, „ჰაიმოდ“ კი მოდულურ ჰიბრიდს ნიშნავს.
პერსპექტივაში, ამ ავტომობილის მყიდველი, ერთდროულად, ელექტრომობილსაც შეიძენს და ჰიბრიდსაც. პირველ შემთხვევაში, ავტომობილი 64-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი (წინ მდებარეობს და წინა ხიდთანაა დაკავშირებული), რომელსაც ენერგიით მანქანის ძირში მოთავსებული აკუმულატორის ბლოკი (ტევადობა 5 კილოვატსაათი) კვებავს. ჰიბრიდულად გადაკეთების შემთხვევაში, შიდაწვის ძრავი, მანქანის უკან თავსდება და მას მოძრაობაში უკანა ბორბლები მოჰყავს. ამ აგრეგატის სიმძლავრე 83 ცხენის ძალაა და ის ელექტროძრავთან ერთად მუშაობს. ელექტრომობილად გადაკეთების შემთხვევაში, იმ ადგილას, სადაც შიდაწვის ძრავი უნდა იყოს, აკუმულატორის დამატებითი ბლოკი თავსდება, რომლის ტევადობაც 17 კილოვატსაათია.
„SCI ჰაიმოდის“ გაბარიტებია: სიგრძე 4100 მილიმეტრი, სიგანე 1840 მილიმეტრი, სიმაღლე 1680 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2740 მილიმეტრი. პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ განიერი სალონისა და ბრტყელი ძირის წყალობით, ავტომობილის სალონში ექვსი მგზავრი მოთავსდება. პატარა საბარგული მანქანის წინ მოთავსდება და მისი მოცულობა მხოლოდ 250 ლიტრია, თუმცა უკანა ორი სავარძლის ამოღების შემთხვევაში, მანქანაში გაცილებით მეტი ბარგის ჩადება იქნება შესაძლებელი. ავტომობილის წონა 1400 კილოგრამს მიაღწევს. თითოეული მოდულის წონა კი 250 კილოგრამია.
ელექტრომობილის რეჟიმში, „SCI ჰაიმოდის“ სვლის სიშორე 140 კილომეტრია, ცენტრალური აკუმულატორის ამოქმედების შემთხვევაში, მანძილი 40 კილომეტრით გაიზრდება. ამ შემთხვევაში, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 130 კმ/სთ იქნება, ადგილიდან ასის აკრეფას კი ის 18 წამს მოანდომებს.
SCI ჰაიმოდ“ზე „ჰიბრიდული მოდულის დაყენების შემთხვევაში, სვლის სიშორე 620 კილომეტრამდე იზრდება (როცა საწვავის 35-ლიტრიანი ავზი სავსეა). ასამდე ასაჩქარებლად 10 წამია საკმარისი, მაქსიმალური სიჩქარე კი 170 კმ/სთ-ია.
აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდულ მოდულს სამ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ერთია „ავტო“ (ელექტრო), მეორე 4X4 (წინა ბორბლებს ელექტროძრავი ატრიალებს, უკანებს კი - შიდაწვისა), მესამე კი - „სიტი სმარტ“ (მბიძგველ ძალას ელექტროძრავი იძლევა, შიდაწვისა კი გენერატორთან ერთად, ენერგიას გამოიმუშავებს).
პროექტის ავტორების გათვლებით, ავტომობილის საბაზო ფასი 25 500 ევრო იქნება, თუმცა ის მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუ მყიდველი ყველა მოდულის და მათი დასაყენებელი მოწყობილობის შეძენას გადაწყვეტს. თუმცა, ამ შემთხვევაში, რუმინელი ენთუზიასტები მოდულების ლიზინგით გაყიდვას ამჯობინებენ.

No comments:

Post a Comment