Marchionne Says Fiat May Close Two Italian Plants if U.S. Export Plans Fail
26 თებერვალი
მართალია, „ფიატის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ, იტალიის პროფკავშირებთან ურთიერთობა დაალაგა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მაინც ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა დასჭირდეს და ამის მიზეზი, ევროპის ბაზარზე გაყიდვების კლება გახდება. სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებს ის გარემოება, რომ თავად მარკიონე, მდგომარეობის სწრაფ გამოსწორებას არ ელის.
იმავდროულად, ის ამბობს, რომ „კრაისლერის“ ამერიკული ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობს, რაც ამერიკაში „ფიატის“ ჯგუფის მიერ წარმოებული ავტომობილების კანადური, მექსიკური და ევროპული ქარხნებიდან შეტანის საჭიროებას ზრდის. ამ შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ამერიკაში მოთხოვნის მესამედის დაკმაყოფილება.
გაზეთ „კორიერე დელა სერასთან“ საუბრისას, მარკიონემ განაცხადა, რომ ეს შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ იტალიური ქარხნები მაქსიმალურად დაიტვირთოს და ევროპულ ბაზარზე წარმოქმნილი პრობლემები დააბალანსოს. მაგრამ ამერიკაში იტალიიდან ავტომობილების ექსპორტის ჩაფლავებას, იტალიური კომპანიისთვის სავალალო შედეგების მოტანა შეუძლია.
„ყველა ქარხანა იქ დარჩება, სადაც ახლა მდებარეობს, მაგრამ თუ ამერიკაში ექსპორტი შეფერხდა, ან ვერ მოხერხდა, ხუთიდან ორის დახურვა მოგვიწევს“, - ამბობს მარკიონე. ის არ აკონკრეტებს, თუ რომელ ორ ქარხანას გულისხმობს, თუმცა გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპი“ ვარაუდობს, რომ ლაპარაკია ტურინის მირაფიორის და ცენტრალურ იტალიაში მდებარე კასინოს ქარხანა.
მირაფიორის ქარხნის სიმძლავრე წლიურად 200 000 ავტომობილია. ამჟამად იქ „ფიატ პუნტოს“, „ალფა რომეო მიტოს“ და „ლანჩა მუსას“ აწარმოებენ. და გავრცელებული ინფორმაციით, იქვე მალე „ჯიპის“ უგზოობის კომპაქტური ავტომობილის წარმოებასაც დაიწყებენ, რომელიც ევროპისა და ამერიკის გარდა, სხვა ბაზრებზეც გაიყიდება.
კასინოს ქარხნის სიმძლავრე წლიურად 300 000 ავტომობილია. იქ „ფიატ ბრავოს“, „ალფა ჯულიეტას“ და „ლანჩა დელტას“ აწარმოებენ. ამათგან მალე „ჯულიეტა“ ამერიკის ბაზარზე უნდა შევიდეს, რის გამოც, მისი წარმოება უნდა გაიზარდოს. მაგრამ ეს ამ ქარხნის გადასარჩენად საკმარისი არაა. თუ იქ სხვა მოდელებსაც არ გამოუშვებენ, დახურვა გარდაუვალი იქნება.
ამამად მარკიონეს მთავარი საზრუნავი სწორედ „ალფა რომეოს“ ამერიკის ბაზარზე დაბრუნებაა. ამასთან, იქ „ფიატმაც“ ფეხის მოკიდება უნდა შეძლოს. გარდა ამისა, „კრაისლერის“ რამდნიმე მოდელის ევროპაში გაყიდვებიც იგეგმება. ყველაფერი ეს კი იმის იმედს იძლევა, რომ იტალიური ქარხნები უკეთ დაიტვირთება და მათი დახურვა საჭირო აღარ გახდება.
No comments:
Post a Comment