21 ივლისი
MP4-12C-ს პრემიერიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ,
ამ სუპერ ავტომობილმა სახურავი „დაკარგა“ – „მაკლარენმა“ მისი ღია ვერსია - „MP4-12C
სპაიდერი“ გაგვაცნო, ავტომობილი, რომელსაც ბაზარი მოუთმენლად ელოდა. ავტომობილი
ავტომატურად გასახსნელი მყარი სახურავითაა აღჭურვილი, დაახლოებით ისეთით,
როგორითაც მისი მთავარი მეტოქე მარანელოდან, „ფერარი 458 იტალია სპაიდერი“.
სახურავი მეტალისაა და მის ავტომტურ რეჟიმში გახსნა/დახურვას 17 წამი სჭირდება. სახურავით ოპერირება, ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული გადასართველით ხდება. „მაკლარენის“ ინფორმაციით, სხვა კომპანიების მსგავსი კონსტრუქციებისგან განსხვავებით, მისი სახურავის სისტემა მაშინაც მოქმედებს, როდესაც მანქანის სიჩქარე 30 კმ/სთ-ს აღწევს.
სავარძლების უკან მოთავსებულია უკანა საქარე შუშა,
რომელიც ასევე ავტომატურად მართვადია და ქარის დეფლექტორის მოვალეობასაც ასრულებს.
უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, უკანა საყრდენების კონსტრუქციაში ინტეგრირებულია
დამცავი რკალები, რომლებიც მძღოლს და მგზავრს მანქანის გადაბრუნების შემთხვევაში
დაიცავს. ამასთან ადგილს, სადაც დაკეცილი სახურავი თავსდება, საბარგულადაც
გამოიყენებთ. ამ პატარა სათავსოს მოცულობა მხოლოდ 52 ლიტრია.
ინგლისური კომპანიის ინფორმაციით, მიუხედავად
იმისა, რომ მანქანა ღიაა, მისი შასი არ გაძლიერებულა, რადგან მზიდ ელემენტს მონოკოკური
სტრუქტურა (ის მხოლოდ 75 კილოგრამს იწონის) აქვს. და მაინც, „MP4-12C სპაიდერი“
კუპე ვერსიაზე 40 კილოგრამით მძიმეა. ოღონდ დამძიმება მხოლოდ სახურავის
გასახსნელმა მექანიზმმა და ამ სახურავის შესანახი სეგმენტის დამატებამ გამოიწვია.
სულ კი ავტომობილი 1474 კილოგრამს იწონის.
„მაკლარენ ოტომოტივის“ მმართველი დირექტორი ენტონი შერიფი
ამბობს, რომ „MP4-12C სპაიდერის“ მახასიათებლები, სპორტქარისასგან პრაქტიკულად არ
განსხვავდება. თუმცა, მას არ დაუზუსტებია, დახურულ სახურავიან „MP4-12C სპაიდერს“
გულისხმობდა, თუ გახსნილ სახურავიანს. რაც მტავარია, ღია ავტომობილს ყველა ის
ცვლილება ეხება, რომელსაც „მაკლარენი“ MP4-12C-ს როგორც ძველი, ისე განახლებული
ვარიანტის მყიდველს სთავაზობს.
„MP4-12C სპაიდერი“ აღჭურვილია 3.8-ლიტრიანი V8
წყვილ ტურბოიანი ძრავით, რომელიც 616 ცხენის ძალას (7500 ბრ/წთ-ზე) და 600
ნიუტონმეტრს (3000-7000 ბრ/წთ დიაპაზონში) ავითარებს. ძრავი ბაზაშია მოთავსებული
და ის გამჭვირვალე კაპოტის ქვეშ ჩანს. მასთან წყვილი ქუროს დახმარებით, 7-საფეხურიანი
რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული, რომლის საფეხურებიც, საჭის რგოლის უკან
მოთავსებული ბერკეტების დახმარებით იცვლება. რა თქმა უნდა, წამყვანის მოვალეობას
უკანა ბორბლები ასრულებს.
„მაკლარენის“ ინფორმაციით, „MP4-12C სპაიდერს“,
კუპეს მსგავსად, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.1 წამში შეუძლია. სამაგიეროდ,
0-200 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 0.2 წამით მეტი, 9.0 წამი სჭირდება. მილის მეოთხედსაც
(დაახლოებით 400 მეტრი) 0.2 წამით ნელა, 10.8 წამში გადის. მაქსიმალური სიჩქარე 329
კმ/სთ-ს აღწევს, რაც კუპეს მაქსიმალურ სიჩქარეზე 4 კმ/სთ-ით ნაკლებია.
„MP4-12C სპაიდერის“ შეკვეთა ახლავე შეიძლება
კომპანიის 38 სადილერო პუნქტის მეშვეობით, რომლებიც მსოფლიოს 22 ქვეყანაში მუშაობს.
დილერები შეკვეთილი ავტომობილების მიწოდებას ნოემბერში დაიწყებენ.
ბრიტანეთში,
„MP4-12C სპაიდერი“ 195 500 გირვანქა სტერლინგი ღირს, ანუ კუპეზე 19 500 გირვანქა
სტერლინგით მეტი.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment