Tuesday, August 14, 2012

„ლამბორგინი“ პებლ ბიჩში „ურუსით“ და „სესტო ელემენტოთი“ წარსდგება

Lamborghini Urus and Sesto Elemento Concepts Heading to Pebble Beach
14 აგვისტო
„ურუსი“ და „სესტო ელემენტო“ ის ორი კონცეპტუალური ავტობობილია, რომლებითაც „ლამბორგინიმ“ საყოველთაო ყურადღება მიიქცია. მათგან „ურუსი“ მალე იტალიური კომპანიის მეორე უგზოობის ავტომობილი გახდება, „სესტო ელემენტომ“ კი სანტ’აგატა ბოლონეზელების რამდენიმე სტილისტური სიახლე და ტექნოლოგიური მიღწევა წარმოგვიდგინა.
და აი, მალე ეს ორი ავტომობილი პირველად გამოჩნდება ამერიკის მიწაზე. იტალიური კომპანია პებლ ბიჩის კლასიკური ავტომობილების ფესტივალზე, სწორედ „ურუსით“ და „სესტო ელემენტოთი“ წარსდგება. საოცარია, მაგრამ იმ ორი წლის განმავლობაში, რაც „მეექვსე ელემენტს“ საავტომობილო სამყარო იცნობს, მას ამერიკელები პირველად ნახავენ.
შეგახსენებთ, რომ „სესტო ელემენტო“ მხოლოდ სატრეკო დანიშნულების მანქანაა და მას „ლამბორგინი“ ძალიან შეზღუდული რაოდენობით - 20 ცალს დაამზადებს. თანაც, თითოეულის ფასი 2.2 მილიონი დოლარი იქნება. მისი წარმოება 2013 წელს დაიწყება. ეს ავტომობილი კარბონის კომპოზიტის უახლესი ტექნოლოგიებითაა აწყობილი, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა „ბოინგის“ სპეციალისტებმაც მიიღეს. ამის წყალობით, ავტომობილი მხოლოდ 999 კილოგრამს იწონის. ის 5.2-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 570 ცხენის ძალას ავითარებს. მისი დახმარებით, „სესტო ელემენტოს“ ადგილიდან ასის აკრეფა 2.5 წამში შეუძლია.
რაც შეეხება „ურუსს“, მასზე უკვე ბევრი დაიწერა, არადა ბაზარზე ის მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გამოჩნდება. თუმცა უკვე საყოველთაო ყურადღების ცენტრშია - „ლამბორგინისთვის“ ეს მხოლოდ მეორე უგზოობის (პირველი იყო LM002) ავტომობილია.
პებლ ბიჩის ელეგანტურობის ფესტივალმა სტარტი 13 აგვისტოს აიღო.


ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია

No comments:

Post a Comment