Tuesday, August 14, 2012

„ტოიოტა“ WRC-ს „იარისით“ უბრუნდება

Toyota Develops Affordable Yaris R1A Rally Car
14 აგვისტო
გერმანიის რალიზე, რალის მსოფლიო ჩემპიონატს „ტოიოტა“ ოფიციალურად დაუბრუნდება. იაპონურ კომპანიას ამისათვის ხელმისაწვდომი სარბოლი „იარის R1A“ აქვს მომზადებული. გერმანიის ADAC-ის რალი 24-26 აგვისტოს ჩატარდება. იაპონური კომპანიის ეკიპაჟი რბოლაში ნულოვან ეკიპაჟად მიიღებს მონაწილეობას, რაც ნიშნავს, რომ მისი შედეგები ოფიციალურ კლასიფიკაციაში არ შევა.
ნულოვანი ეკიპაჟის დანიშნულებას ტრასის გახსნა წარმოადგენს, ის ყოველ სპეცმონაკვეთზე პირველი გადის და მისი დანიშნულება, ტრასის მდგომარეობის შემოწმებაა. ფინიშთან მიღწევის შემდეგ, მისი ეკიპაჟი მსაჯებს ატყობინებს, შეიძლება თუ არა სპეცმონაკვეთის სარბოლოდ გახსნა.

რალისთვის მომზადებული „იარის R1A“ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) რეგლამენტის სრული დაცვითაა შემუშავებული. ეს რეგლამენტი, სერიული ავტომობილების მინიმალურად გადაკეთების უფლებას იძლევა. რა თქმა უნდა, მოდიფიკაციის მიზანს, მანქანის ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ რეგლამენტის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ 1.4-ლიტრიანი ძრავების გამოყენება.


„ტოიოტა მოტორსპორტს GmbH-ს“ მიერ მომზადებულ პაკეტში შედის: სარბოლო გამოსაბოლქვი სისტემა, კატალიზური კონვერტორი, გადაცემათა კოლოფის დამოკლებული უმაღლესი საფეხური, სპორტული საკიდარი ადაპტირებადი ზამბარებით და კლირენსის მარეგულირებელი.
რა თქმა უნდა, სარბოლი „იარისის“ სალონი სპეციალური დამცავი (ასაწყობი) კარკასით გაამაგრეს. ძრავის ძირი სპეციალური დამცავით დაიფარა, შეიცვალა საწვავის ავზი და საწვავის მიწოდების სისტემა, სტანდარტული სავარძლების ადგილი კი რალის სპეც-სავარძლებმა დაიკავა. სავარძლები სპეციალური ღვედებითაა აღჭურვილი.
აღსანიშნავია, რომ კატეგორია R1A ახალია და მისი შესაბამისი ჰომოლოგაცია FIA-ს ჯერ არცერთ ავტომობილზე არ გაუცია. „ტოიოტა“ იმედოვნებს, რომ ამ ჰომოლოგაციას პირველი სწორედ მისი სარბოლო „იარისი“ მიიღებს. საინტერესოა, რომ ეს ავტომობილი გამოდგება როგორც რეგიონული და ეროვნული დონის, ასევე საერთაშორისო სერიებისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც კი.
„ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატს ვუბრუნდებით, სადაც წარსულში დიდი მიღწევები გვქონდა. „იარის R1A“ სრულიად განსხვავებული მანქანაა იმათგან, რომლებითაც ადრე ვასპარეზობდით. ეს არის ხელმისაწვდომი, თუმცა ძალიან კარგად მომზადებული ავტომობილი, რომელიც რალის რბოლებს ბევრისთვის ხელმისაწვდომს გახდის. თავისი დაბალი ფასის გამო, ამ ავტომობილზე უკვე არაერთი მოთხოვნა გვაქვს მიღებული. რალის სამყარო „ტოიოტას“ მოუთმენლად ელოდა და ჩვენც დაბრუნების მოლოდინში ვართ. ვიმედვნბთ, რომ „ტოიოტა მოტორსპორტს GmbH-სთვის“ ახალი ეპოქა იწყება“, - განაცხადა „ტოიოტა მოტორსპორტს GmbH-ს“ (TMG) პრეზიდენტმა იოშიაკი კინოშიტამ.
TMG აცხადებს, რომ „იარის R1A-ზე“ შეკვეთების მიღება უკვე დაწყებული აქვს. დონორი ავტომობილი (საბაზო იარისი) და რალის პაკეტი, გადასახადების და პაკეტის დაყენების საფასურის გარეშე, 22 500 ევრო (!) ღირს. ფასის გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მალე ეს ავტომობილი, სხვადასხვა ჩემპიონატების სხვადასხვა ყველაზე მასობრივი მონაწილე გახდება...

ასევე წაიკითხეთ

რის მილენი და „ჰიუნდაი“ პაიკს პიკის რეკორდსმენები არიან (ვიდეო)


No comments:

Post a Comment