Friday, August 17, 2012

ნიუი: ჩასაბერი დიფუზრის აკრძალვამ „რედ ბული“ დააზარალა

Adrian Newey says blown diffusers ban has hurt Red Bull in 2012
17 აგვისტო
„რედ ბულის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი აღიარებს, რომ ამ სეზონში მისი გუნდის პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, სეზონის წინ, ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზრის აკრძალვამ გამოიწვია. სწორედ ეს ელემენტია წინა ორ სეზონში „რედ ბულის“ გამარჯვებათა მთავარი მიზეზი.


ავსტრიულმა გუნდმა ჩასაბერი დიფუზორის კონცეპცია ჯერ კიდევ 2010 წლის სეზონში გამოიყენა, გასულ სეზონში კი ის სრულყო. სწორედ ამის შედეგია ის, რომ აღნიშნულ ორ სეზონში „რედ ბულის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა მსოფლიო ჩემპიონის ზედიზედ ორი ტიტული მოიპოვა, გუნდმა კი კონსტრუქტორთა თასი ასევე ორჯერ მოიგო.
გუნდმა ამ სეზონში, ჩასაბერი დიფუზორის თუნდაც მინიმალური ეფექტის მიღება ძრავის მუშაობის პარამეტრების შეცვლით სცადა, თუმცა ახლახანს, FIA-მ რეგლამენტი დააზუსტა და „წითელ ხარებს“ ეს შანსიც ხელიდან გამოაცალა. სხვათა შორის, ამჯერად „რედ ბული“ გამონაბოლქვ აირებს სამუხრუჭე ჰაერსადინარებში იყენებდა, რასაც მცირე, მაგრამ ეფექტი მაინც ჰქონდა. თუმცა, ავსტრიულმა გუნდმა ამ სეზონში მაინც მხოლოდ სამი გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ამის მიუხედავად, კონსტრუქტორთა პირველობაზე „რედ ბული“ მაინც სეზონის ლიდერია და ის უახლოეს მდევარს 53 ქულით უსწრებს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გასულ სეზონში, 11 ეტაპის შემდეგ, „წითელი“ ხარების უპირატესობა 103 ქულა იყო...
„ამ სეზონის დასაწყისში, სწორედ ამის გამო ვიყავით ყველაზე მეტად შეშფოთებულნი. გასული ორი სეზონის განმავლობაში, აეროდინამიკაში გამონაბოლქვის გამოყენების ტექნოლოგია ზედმიწევნით შევისწავლეთ და დავხვეწეთ. მაგრამ შემდეგ მისი გამოყენება აგვიკრძალეს. გარდა ამისა, წინა ფრთის დრეკადობაზე ტესტის მოთხოვნებიც გამკაცრდა და ამან ჩვენს მანქანაზე უარყოფითად იმოქმედა. ალბათ, ამ აკრძალვამ ჩვენ სხვებზე მეტად გვაზარალა, რადგან ამ ტექნოლოგიებს სხვებზე დიდხანს ვიყენებდით. მერე კი დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ დაგვეზუსტებინა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა დანაკარგის საკომპენსაციოდ“, - ყვება ნიუი.
ის დასძენს, რომ მის გუნდს ჯერ ძრავის ახალ კომპიუტერულ უზრუნველყოფასთან შეგუებაც არ დაუსრულებია. შეგახსენებთ, რომ რეგლამენტში შესაბამისი კორექტივები ახლახანს, უნგრული ეტაპის დღეებში შევიდა ძალაში. ბუდაპეშტში ფეტელმა მეოთხე ადგილი კი დაიკავა, მაგრამ მან გამარჯვებულ ლუის ჰამილტონის და „ლოტუსების“ ტემპის აყოლა ვერ შეძლო.


ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment