17 აგვისტო
იმ დროს, როდესაც „როლს როისის“ მომხმარებლები დაჟინებით აცხადებენ, რომ არ სურთ ამ მარკით, ეკოლოგიური ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების შეძენა, რის გამოც, ინგლისურმა კომპანიამ ჰიბრიდულ და ელექტრულ ამძრავ სისტემებზე უარი თქვა, „ბენტლი“ სულ სხვა გზას ირჩევს. გამოცემა „ქარ ენდ დრაივერთან“ საუბრისას, „ბენტლის“ მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დიურჰაიმერმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ უკვე შეიმუშავა დიზელის ძრავებით აღჭურვილი პროტოტიპები და მათს ტესტირებასაც შეუდგა. უფრო ადრე, მასვე ნათქვამი აქვს, რომ „ბენტლი“ პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემებით აღჭურვილ ავტომობილებსაც გამოუშვებს.
ამ მხრივ, „ბენტლის“ კარგი ზურგი აქვს
„ფოლკსვაგენის“ ჯგუფის სახით, რომელსაც დიზელის აგრეგატების და ჰიბრიდული
სისტემების დიდი არჩევანი აქვს. სავარაუდოდ, „ბენტლი“ იმ V8 დიზელს გამოიყენებს,
რომელიც „აუდის“ მოდელებზე გვხვდება. ასევე განიხილებოდა V6 და V12 დიზელების
გამოყენების მიზანშეწონილობა, თუმცა მათზე იმთავითვე უარი თქვეს. V6-ზე იმის გამო,
რომ „ბენტლისთვის“ მეტისმეტად პატარა და სუსტია, V12-ზე კი იმის გამო, რომ
გამონაბოლქვის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
თუმცა, ეს დროებითია, რადგან დიურჰაიმერი ამბობს,
რომ მას სურს, „ბენტლის“ ავტომობილები V12 ძრავებთან ასოცირდებოდეს. ამ
მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდება 6.75-ლიტრიან V8
ძრავზე უარის თქმა, აგრეგატზე, რომელიც „ბენტლის“ სიმბოლოდ აღიქმება. სავარაუდოდ, V12
დიზელს მოდიფიცირება ჩაუტარდება და მასაც „ბენტლის“ ავტომობილების კაპოტქვეშ
მიუჩენენ ადგილს.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment