17 აგვისტო
მნიშვნელობა არ აქვს, მოგეწონათ, თუ არა ეს
ავტომობილი. მთავარია, რომ მის ერთადრთ მფლობელს მოსწონს, რომლის შეკვეთითაც ის „მაკლარენმა“
შეიმუშავა. ესეც რომ არა, პატივი უნდა მიაგოთ იმ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც
ამ უცნაური გარეგნობის ავტომობილის შექმნისას უოკინგელებმა გამოიყენეს. ბოლოს და
ბოლოს, ყველა შედვრი ვერ იქნება გარეგნულად დახვეწილი და ლამაზი. და სიმახინჯეშიც
შეიძლება სილამაზის დანახვა!
სხვათა შორის, ერთჯერად პროექტებზე მუშაობის კარგი
გამოცდლება აქვს „მაკლარენის“ მთავარ და პრინციპულ კონკურენტ „ფერარის“, რომელსაც
ასეთი არაერთი შეკვეთა აქვს შესრულებული. ავტომობილს, რომელსაც ბრიტანული კომპანია
პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე რამდენიმე საათში წარადგენს, X-1
ეწოდა. ის „მაკლარენის“ სპეციალური ოპერაციების (MSO) დივიზიონის
მიერაა შექმნილი, რომელიც სწორედ ასეთი, ექსკლუზიური შეკვეთების შესრულებაზეა
სპეციალიზებული.
„ერთ-ერთმა ჩვენმა კლიენტმა, რომელიც უკვე ფლობს „მაკლარენ
F1-ს“, „მერსედეს-ბენც SLR მაკლარენს“ და 12C-ს, მისთვის უნიკალური ავტომობილის
შექმნა გვთხოვა. სამი წლის წინ, მან ამ თემაზე მოლაპარაკება ჩვენს აღმასრულებელ თავმჯდომარე
რონ დენისთან დაიწყო. იმ დროს, 12C-ს წარმოებაც კი არ გვქონდა დაწყებული. კლიენტს
სურდა ავტომობილი, რომელსაც 12C-ს თვისებების გარდა, უნიკალური ძარაც ექნებოდა,
რომელიც მის სურვილებსა და პირად მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა“, - ამბობს დივიზიონ MSO-ს
დირექტორი პოლ მაკკენზი.შეთანხმების მიღწევის შემდეგ კლიენტს, რომლის სახელიც არ გახმაურებულა, მაკკენზიმ და დიზაინის დირექტორმა ფრენკ სტივენსონმა, ავტოსამყაროს, არქიტექტურის, მოდის, ინდუსტრიული დიზაინის ნიმუშები და ჰოლივუდის ფილმებიც კი აჩვენეს, რათა ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდათ იმისა, თუ დაახლოებით როგორი ავტომობილის შეკვეთა სურდა მას.
არჩევანი 1961 წლის „ფასელ ვეგაზე“, 1953 წლის „შევროლე დ’ელეგანს გიაზე“, 1959 წლის „ბიუიკ ელექტრაზე“, 1939 წლის „მერსედეს-ბენც 540K-ზე“ და 1971 წლის „სიტროენ SM-ზე“ შეჩერდა. შეკვეთილი ავტომობილის სტილზე მუშაობისას, დიზაინერებს შთაგონება სწორედ ამ ავტომობილებისგან, ასევე არქიტექტურული ქმნილებებისგან (როგორებიცაა ნიუ იორკის და ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმები და სხვა) უნდა მიეღოთ.
საბოლოოდ, „მაკლარენის“ კორეული წარმოშობის დიზაინერ ჰონ იეოს მიერ შექმნილი კონცეპტუალური ნამუშევარი აარჩიეს, რომლის საფუძველზეც, სტივენსონის ხელმძღვანელობით, მასტერ მოდელი შეიქმნა და შემდგომში, საბოლოო დიზაინი დამუშავდა.
მუშაობის პროცესში, ყველაზე დიდი სირთულე მაშინ შეიქმნა, როდესაც წინაძრავიანი კლასიკური ავტომობილების დიზაინის ელემენტების და პროპორციების, თანამედროვე შუაძრავიანი ავტომობილის პლატფორმასთან და შეთანწყობასთან შეხამება გახდა საჭირო. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ამ პროცესს 18 თვე დასჭირდა.
პროექტის ავტორი ჰონ იეო თავის ნამუშევარს
შემდეგნაირად განმარტავს: „X-1 „მაკლარენის“ ფასეულობათა განსახიერებაა. მასში
ყველა ნაწილს თავისი დანიშნულება აქვს. ისინი მხოლოდ ვიზუალური მიზნით არ
შექმნილა, ყველა მათგანს საკუთარი ფუნქცია გააჩნია. მე მომწონს განიერი ძარა
უკანა, პონტონების მსგავსი ფრთასხმულობით, რაც ისეთ ვიზუალურ ეფექტს ქმნის, თითქოს
ავტომობილი მიცურავს, როგორც სუპერგმირის ლაბადა“.
„მაკლარენი“ ირწმუნება, რომ ავტომობილი სუფთა ფურცლიდან შეიქმნა. ყველაფერი ინდივიდუალურია - კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული პანელებიდან დაწყებული, ფარებიტა და ბორბლებით დამთავრებული. მის ბევრ ელემენტს ტესტები და ჰომოლოგაცია დასჭირდა, რადგან X-1 საგზაო დანიშნულების მანქანაა. და რაც მთავარია, მას სუპერ ავტომობილის სიჩქარე და დინამიკა აქვს. ავტომობილის შექმნა მანამ დაიწყო, სანამ შემკვეთთან სტილის ასპექტებს საბოლოოდ შეათანხმებდნენ. სამუშაოს დასრულებას კი 2.5 წელი დასჭირდა. X-1-ის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტი მისი უკანა, გასახსნელი ფრთასხმულობაა, რომელიც ჩვეულებრივ, ბორბლებს ფარავს.
X-1-ის გაბარიტებია: სიგრძე 4659 მილიმეტრი, სიგანე (სარკეებით) 2097 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1199 მილიმეტრი. ამგვარად, ის MP4-12C-ზე 109 მილიმეტრით გრძელი და 188 მილიმეტრით განიერია. ძარის ელემენტები კარბონისგანაა დამზადბული, რისი წყალობიტაც, ავტომობილი მსუბუქია - ის 1400 კილოგრამს იწონის.
სალონის საბაზო აგებულება MP4-12C-სგანაა შენარჩუნებული, თუმცა განსხვავებული მასალების და ფერთა შეხამების წყალობით, ის მაინც ინდივიდუალური გამოვიდა. რაც შეეხება ავტომობილის აღჭურვილობას, ამ მხრივაც MP4-12C-სთან ნათესაობა სახეზეა - ბაზაში 3.8-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოიანი ძრავია მოთავსებული, რომელიც 616 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
„მაკლარენი“ აცხადებს, რომ მონტერეიში წარდგენის
შემდეგ, X-1 უოკინგში, კომპანიის ტექნიკურ ცენტრში დაბრუნდება, სადაც ბოლო
შემოწმებას და სხვა აუცილებელ პროცედურებს გაივლის და ბოლოს, შემკვეთის საკოლექციო
ფარეხში გადაინაცვლებს.
ვიდეო
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment