Tuesday, September 11, 2012

„მერსედესი“ მანი კურზე ახალ გამოსაბოლქვს ცდის

Mercedes trials new exhaust layout on opening day of Magny Cours test
11 სექტემბერი
საფრანგეთის მანი კურზე მიმდინარეობს ახალგაზრდა მრბოლთა ოფიციალური ტესტები, რომლის დროსაც, „მერსედესმა“ ახალი გამოსაბოლქვი გამოსცადა. ბოლიდზე, რომელსაც ბრიტანელი სემ ბირდი მართავდა, ახალი გამოსაბოლქვი სისტემაა დაყენებული.
ეს არის ეგრეთ წოდებული კოანდას (აეროდინამიკის რუმინელ ჰენრი კოანდას მიერაა აღმოჩენილი და შესწავლილი) სტილის გამოსაბოლქვი, რომელიც გამონაბოლქვი აირისთვის სასურველი მიმართულების მიცემის საშუალებას იძლევა. სხვათა შორის, მსგავს სისტემას უკვე დიდი ხანია იყენებენ „მაკლარენი“, „ზაუბერი“, „ფერარი“ და „რედ ბული“.
კოანდას ეფექტი ვლინდება მაშინ, როდესაც ჰაერის ან წყლის ჭავლი მხებ ზედაპირს მიუყვება. ამ ეფექტის წყალობით, როდესაც მხებ ზედაპირს გასცდება, ჭავლი მას არ სწყდება და სწორხაზოვან მოძრაობას არ აგრძელებს. არამედ, ნაწილობრივ მხები ზედაპირის ბოლოს სწყდება სწორხაზოვან ტრაექტორიას და თითქოს, ზედაპირმა მიიზიდაო, მისკენ გარკვეული კუთხით იხრება.
ახალი გამოსაბოლქვი სისტემა სწორედ ამ პრინციპს იყენებს. კერძოდ, გამოსაბოლქვი მოთავსებულია ერთგვარ ამონაბორცვში, რომლის მომრგვალებული ბოლოც, რადიატორის კორპუსიდან და რადიატორიდან მომავალ ჰაერის ჭავლს შიგნით „ითრევს“, ეს ჭავლი კი თავისკენ იზიდავს გამობოლქვილ ცხელ აირს. ამგვარად, ეს აირი აღარ აცხელებს საბურავს, რაც „მერსედესის“ მანქანებზე საბურავების ინტენსიურ ცვეთას უწყობდა ხელს. მეორეც, ჰაერის უფრო ძლიერი ნაკადი მიემართება მანქანის შიდა მხარეს და იქ გაუხშოებულ არეს აღარ ტოვებს. რაც მთავარია, ჰაერის მოწესრიგებული ჭავლი, მანქანის უკანა ნაწილში არსებული აეროდინამიკური ელემენტების უკეთეს მუშაობას განაპირობებს.
„მერსედესის“ შეფი როს ბრაუნი იმედოვნებს, რომ ახალი გამოსაბოლქვი სისტემა მანქანის კონკურენტუნარიანობას გააუმჯობესებს. თუ ტესტებზე მისი უპირატესობა გამოვლინდა, მაშინ სინგაპურში სამქიმიანები მას აუცილებლად გამოიყენებენ. ბრაუნის თქმით, ეს სისტემა განსაკუთრებით სასარგებლო ნელ მოსახვევებში უნდა იყოს და მანვე საბურავების დეგრადაციასთან დაკავშირებული პრობლემებიც უნდა მოხსნას.
„ვფიქრობ, ამ სისტემას მნიშვნელოვანი უპირატესობის მოცემა დაბალ სიჩქარეებზე შეუძლია. მაღალ სიჩქარეზე ეფექტი მინიმუმზე დადის. ნელ მოსახვევებში ის ბალანსსაც აუმჯობესებს, რაც საბოლოო ჯამში, სიჩქარის გაზრდის საშუალებას იძლევა“, - ამბობს ბრაუნი.
ახალი გამოსაბოლქვის გარდა, „მერსედესი“ ასევე „ლოტუსის“ მსგავსი ორმაგი DRS-ის ექსპერიმენტებს ატარებს. ასეთი სისტემის ზოგიერთი ნაწილი გუნდმა ჯერ კიდევ ბელგიური დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე გამოსცადა.
„მერსედესის“ გარდა, მანი კურის ტრეკზე ტესტებს ასევე „ფორს ინდია“ და „ფერარიც“ ატარებენ. ინდური გუნდის მანქანით ბრაზილიელი ლუიზ ტადეუ რაზია ვარჯიშობს, მარანელოელებმა კი თავიანთი ბოლიდი ფრნაგ ჟიულ ბიანკის ჩააბარეს.



ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html


ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს

No comments:

Post a Comment