Saturday, September 1, 2012

„ფოლკსვაგენი“ სუპერ ეფექტურ XL1-ს წაროებისთვის ამზადებს

Volkswagen's Super-Efficient XL1 Diesel-Electric Hybrid Getting Ready for Production
1 სექტემბერი
დიზელ-ელექტრულ კონცეპტუალურ ავტომობილს, სახელად XL1, რომელიც შარშან, ყატარის მოტორ შოუზე წარადგინა, „ფოლკსვაგენი“ წარმოებისთვის ამზადებს. დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება გერმანული ავტოგიგანტის ისტორიაში ყველაზე რადიკალური გარეგნობის მქონე ავტომობილი. ამის მიუხედავად, „ფოლკსვაგენის“ მთავარმა აღმასრულებელმა მარტინ ვინტერკორნმა მისი წარმოების გადაწყვეტილება ყატარშივე გამოაცხადა.


ამ ავტომობილის ორი საცდელი პროტოტიპი ესპანეთში გადის ტესტირებას, სადაც გამოცემა „ქარსკუპის“ რეპორტიორებმა გამოიჭირეს. მთგან ერთი შეუღებავია და მას სარკეები აქვს, მეორეე კი სარკეების მოვალეობას, ვიდეოკამერები ასრულებს. რაც მთავარია, კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. არც თოლიას ფრთის სტილის კარები შეუცვლიათ. თუმცა, ერთი სიახლეც შესამჩნევია - უკანა ბორბალი დაფარული აღარაა.
სერიულ ავტომობილს გაბარიტებიც კონცეპტუალურისა ექნება: სიგრძე 3888 მილიმეტრი, სიგანე 1665 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1156 მილიმეტრი. სალონში მხოლოდ ორი სავარძელია, რომლებიც გვერდიგვერდაა მოთავსებული. ავტომობილის კონსტრუქციაში უხვადაა გამოყენებული ისეთი მსუბუქი მასალები, როგორებიცაა მაგნიუმის და ალუმინის შენადნობები, კერამიკული მასალები და კარბონის ბოჭკოთი არმირებული კომპოზიტები. ამის წყალობით, ავტომობილი მხოლოდ 795 კილოგრამს იწონის.
XL1 აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც 0.8-ლიტრიანი დიზელის ორცილინდრიანი ტურბოძრავი და ელექტრო ძრავი შედის. პირველის სიმძლავრე 47 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 27 ცხენის ძალა. ამგვარად, დანადგარის ჯამური სიმძლავრე 74 ცხენის ძალას აღწევს. შიდაწვის და ელექტრულ ძრავებს შორის 7-საფეხურიანი DSG ავტომატური კოლოფია მოთავსებული, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის. კონცეპტუალურ ავტომობილზე, ელექტროძრავი დამოუკიდებლადაც მუშაობს და დიზელთან ტანდემშიც. ამასთან, მეორე შემთხვევაში, დიზელის ძალას მანქანის ასაჩქარებლად იყენებს. სავარაუდოდ, სერიული ავტომობილის შეთანწყობაც იგივე იქნება.
„ფოლკსვაგენის“ ინფორმაციით, მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებისას, XL1-ის მაქსიმალური სიჩქარე 35 კმ/სთ-ს აღწევს, რის შემდეგაც მას საქმეში დიზელიც ერთვება. ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარებას ჯამში 11.9 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ ნიშნულითაა შეზღუდული. ოღონდ, ეს მონაცემები კონცეპტუალური ავტომობილისაა და სავარაუდოდ, ისინი შეიცვლება.
დაბოლოს, გერმანული კომპანიის ინფორმაციით, სატესტო პროტოტიპის ხარჯი ას კილომეტრზე 0.9 ლიტრია, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს მხოლოდ 24 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.
„ფოლკსვაგენი“ XL1-ს ძალიან შეზღუდული რაოდენობით დაამზადებს. მისი ფასი ჯერ განსაზღვრული არაა, თუმცა წინდაწინ ცნობილია, რომ ავტომობილი ძვირი ეღირება. დაკიდევ, ის ბაზარზე მერმისს გამოჩნდება.



ასევე წაიკითხეთ

ბასკური „ჰირიკო ფოლდი“ მოქმედებაში (ვიდეო)

No comments:

Post a Comment