Saturday, February 6, 2010

ახალი ”ფორდ ფოკუს RS” ჰიბრიდული იქნება

Ford’s new RS twins

6 თებერვალი

”ფორდი” უახლოეს მომავალში, ბაზარზე თავის პოპულარულ ჰეჩბეკ ”ფოკუსის” სპორტული მოდიფიკაციის, RS-ი შემსუბუქებულ ვერსიას, სახელად ”კლაბსპორტს” და ”ფოკუსისვე” ყველაზე მძლავრ მოფიფიკაციას გამოიტანს, რომელიც ჰიბრიდული სისტემით იქნება აღჭურვილი.

”ფოკუს კლაბსპორტი” ხუთცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 350 ცხენის ძალა იქნება. მის სალონში მსუბუქი სავარძლები მოთავსდება. გარდა ამისა, ავტომობილი უფრო დაბალსა და ხისტ საკიდარსა და სპორტულ ბორბლებზე დადგება.

ინგლისურ ჟურნალ ”ავტო ექსპრესის” მონაცემებით, ”კლაბსპორტი” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით 5 წამში შესძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ჯერჯერობით უცნობია. ამ ავტომობილს ”ცისფერი ოვალი” მხოლოდ 500 ცალს დაამზადებს და მის გაყიდვებს ამ წლის ბოლოს დაიწყებს.

ჰიბრიდული ”ფოკუსი” კი ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავით (სერია ეკობუსტი) აღიჭურვება, რომელსაც საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემა და ტურბოკომპრესორი მოემსახურება. ეს ძრავი თავის მაბრუნ მომენტს წინა ბორბლებს გადასცემს. მის პარალელურად კი იმუშავებს ელექტროძრავი, რომელიც უკანა ბორბლებთან იქნება დაკავშირებული. ამ ორი ძრავის ჯამური სიმძლავრე, სავარაუდოდ, 300 ცხენის ძალას მიაღწევს.

ჰიბრიდული დანადგარის გარდა, ”ფოკუსის” ეს ვერსია ასევე ძრავის ავტომატურად გამორთვისა და ჩართვის სისტემითაც აღიჭურვება, ძრავს კი გადაბმის წყვილი ქუროს მეშვეობით, რობოტიზებული კოლოფი დაუკავშირდება. ეს ავტომობილიც ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 5 წამში მოასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ იქნება. იმავე ”ავტო ექსპრესის” ინფორმაციით, ასეთი ავტომობილის გაყიდვას ”ფორდი” სამი წლის შემდეგ დაიწყებს.

Friday, February 5, 2010

”ფერარიმ” სამომავლო გეგმა გამოაქვეყნა

Ferrari Lays Out Future Plans

5 თებერვალი

სიდნეიში, ”ფერარისა” და ”მაზერატის” ახალი სადილერო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე, იტალიური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ამედეო ფელისამ ”ფერარის” სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, მარანელოელები ოთხ ახალ მოდელს გამოუშვებენ.

ფელისას თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე, კომპანიის დილერები მიიღებენ მოდელ ”599 GTB ფიორანოს” გაძლიერებულ ვერსია GTO-ს, რომელიც 650 ცხენის ძალამდე გაძლიერებული 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით იქნება აღჭურვილი. მერმის იგეგმება მოდელ ”458 იტალიას” (სურათზე) ღია ვერსიის გამოშვება. სამაგიეროდ, ჯერჯერობით უცნობია, გამოუშვებენ თუ არა მარანელოელები ამავე ავტომობილის შემსუბუქებულ ვერსია ”სკუდერიას”.

ფელისამ ასევე დაადასტურა ის ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, ჟენევის ავტო შოუზე, ”ფერარი” მოდელ ”599 GTB ფიორანოს” ბაზაზე შექმნილი ჰიბრიდული ავტომობილის პროტოტიპს გამოფენს. ეს ავტომობილი უკვე ერთი წელია, რაც საგზაო გამოცდებს გადის. ფელისას განცხადებით, საბაზო ვერსიასთან შედარებით, ჰიბრიდული მოდელი 80 კილოგრამით მძიმეა. მანვე დასძინა, რომ ამ ავტომობილის გაყიდვები უახლოეს ხუთ წელიწადში არ დაიწყება.

”ჯერჯერობით, არც ჰიბრიდული ტექნოლოგიაა ბოლომდე შემუშავებული და არც მომწოდებლები არიან მზად. ჯერჯერობით, ყველაფერი დამუშავების პროცესშია. ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. ჯერ ისიც კი ვერ გადაგვიწყვეტია, თუ როდის დავიწყოთ ამ ავტომობილის წარმოება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენს აავტომობილებზე ჰიბრიდული დანადგარები, 2015 წელზე ადრე ვერ გამოჩნდება. ჰიბრიდული შეიძლება გახდეს წინა, შუამოტორიანი სპორტული ავტომობილები. ასევე მანქანები, რომლებიც V8 ან V12 ძრავებითაა აღჭურვილი. თუ ჩვენ ამ ტექნოლოგიის ათვისებას შევძლებთ, მაშინ მას ჩვენს ყველა ავტომობილზე გამოვიყენებთ”, - განაცხადა ფელისამ.

მანვე დასძინა, რომ პირველი მოდელი, რომელზეც ენერგიის დამზოგ სისტემებს გამოიყენებენ, მოდელი ”კალიფორნიაა”. ასეთი ავტომობილი ”ფერარის” სადილერო ცენტრებში მერმის გამოჩნდება. ის აღიჭურვება საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემით, სტოპ-სტარტით, ელექტროძრავებით, ცილინდრების გათიშვის სისტემით. მათი მეშვეობით, საერთო ჯამში, საწვავის ხარჯის 15 პროცენტით შემცირებაა შესაძლებელი.

დაბოლოს, უკვე შემუშავების პროცესშია ლეგენდარული ”ენცოს” შემცვლელი. წინასწარი ინფორმაციით, ახალი ავტომობილი V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 750-800 ცხენის ძალა იქნება. არც ისაა გამორიცხული, რომ მის ბაზაში 50-100 ცხენის ძალით სუსტი V8 აგრეგატი განლაგდეს. ამ ავტომობილის გაყიდვები უახლოეს ორ წელიწადში დაიწყება და ”ფერარი” მას, ისევე როგორც ”ენცოს” შემთხვევაში, მხოლოდ 500 ეგზემპლარს დაამზადებს.

”სეატმა” განახლებული ”იბიცა ST” დროზე ადრე გაგვაცნო

SEAT Ibiza ST

5 თებერვალი

ესპანურმა კომპანია ”სეატმა” თავისი უნივერსალი ”იბიცა სპორტ ტურერი” (ST) განაახლა და მის პრემიერას ჟენევის ავტო შოუზე გეგმავს, თუმცა რამდენიმე ფოტო და მწირი ინფორმაცია მის შესახებ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა.

როგორც მოსალოდნელი იყო, განახლებულ ავტომობილს არ გააჩნია ის ორიგინალური შტრიხები, რომლებითაც ფრანკფურტის შარშანდელ შოუზე, მისმა კონცეპტუალურმა ვერსია ”IBZ კონცეპტმა” მოგვაწონა თავი. ერთ-ერთი ასეთი შტრიხი იყო ძარის უკანა საყრდენებში ჩამალული კარის სახელურები, რომლებმაც სერიულ ვერსიაზე ჩვეული ადგილი (კარზე) დაიკავეს.

წინა მხრიდან, უნივერსალი პრაქტიკულად არ განსხვავდება ჰეჩბეკ ”იბიცასგან”. სამაგიეროდ, უკანა ნაწილით ის ”აუდი A3 სპორტბეკს” ჰგავს. ”იბიცა ST-ს” სიგრძე 4.320 მეტრია, რაც 0.180 მეტრით მეტია ჰეჩბეკ ”იბიცას” სიგრძეზე. უნივერსალის საბარგულის მოცულობა კი 430 ლიტრს აღწევს.

”იბიცა ST-სთვის” სამი ბენზინის და ამდენივე დიზელის ძრავია განკუთვნილი. მათ შორისაა ბენზინის 105-ცხენისძალიანი აგრეგატი (სერია TSI), რომლის მუშა მოცულობა 1.2 ლიტრია, დიზელის 1.6-ლიტრიანი TDI, რომლის სიმძლავრე 90 ცხენის ძალას აღწევს და იმავე მოცულობის TDI, რომლის სიმძლავრეც 105 ცხენის ძალაა.

”ოპელი” საქალაქო მინი ავტომობილს გამოუშვებს

Opel to Launch City Car

5 თებერვალი

როგორც კი ”ჯენერალ მოტორსის” ევროპულ შტოს ჩაუდგა სათავეში და ”ოპელისა” და ”ვოქსჰოლის” მთავარ აღმასრულებლად დაინიშნა, ნიკ რილიმ მაშინვე განაცხადა, რომ ორივე ბრენდისთვის მთავარი პრიორიტეტი მინი ავტომობილის წარმოების დაწყება გახდება. რილის არ დაუზუსტებია, თუ როდის მოხდება ეს, მაგრამ ინგლისური ჟურნალი ”ავტოქარი” ვარაუდობს, რომ მინი ავტომობილი, რომელიც კონცეპტუალური ”ტრიქსის” ბაზაზე შეიქმნება, ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება.

”გენერლებმა” პირველად ”ტრიქსი” 2004 წელს წარმოადგინეს და მას შემდეგ, ამერიკული კომპანია ამ ავტომობილის საწარმოო ვერსიის შექმნაზე მუშაობს. მაგრამ სამუშაო შარშან შეჩერდა, როცა ”ჯენერალ მოტორსმა” გაკოტრების შესახებ განაცხადა და ”ოპელისა” და ”ვოქსჰოლის” გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ზოგიერთი მონაცემებით, ”ტრიქსის” საწარმოო ვერსიას პირველად პარიზის წლევანდელ ავტო შოუზე ვიხილავთ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით, ამერიკული კომპანიის მიერ დადასტურებული არაა.

”ჩვენს საწარმოო პროგრამაში არის ნაპრალები, რომლებსაც სასწრაფოდ ამოვსება სჭირდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კი მინი ავტომობილია. გარდა ამისა, აუცილებლად გვესაჭიროება მსუბუქი კომერციული ავტომობილების წარმოება, რომელსაც ჩვენს ბიზნესში სოლიდური ადგილი უკავია”, - ამბობს რილი, რომელიც ასევე დასძენს, რომ აუცილებელია ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარებაც. ამ მხრივ, პირველი მოდელი, რომელიც ”გენერლების” ევროპული შტოს საწარმოო პროგრამაში გამოჩნდება, ”ამპერაა”. თავიდან ამ ავტომობილს ძველ კონტინენტზე ამერიკიდან შეიტანენ, თუმცა მომავალში, მას ევროპაში გამოუშვებენ.

”ლამბორგინის” ახალი სუპერ სათამაშო - ჯოტა

Lamborghini Jota

5 თებერვალი

სუპერ ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია ”ლამბორგინის” რამდენიმე მიზანი აქვს დასახული. ამათგან ერთი ისაა, რომ აღარ გაიზარდოს ძრავების სიმძლავრე და ავტომობილების დინამიკური მახასიათებლები მეტწილად მათი შემსუბუქების ხარჯზე გაუმჯობესდეს. მეორე ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაა, რომლის ერთ-ერთი პირველი გამოვლინება ისაა, რომ კომპანიის საწარმოს სახურავზე, ფოტოელემენტები დამონტჟდა. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, საწარმოო პროგრამის გამრავალფეროვნებაა.

მალე კომპანია შეწყვეტს თავის სუპერ მოდელ ”მურსიელაგოს” წარმოებას, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია მის შემცვლელზე, რომელსაც ”ჯოტას” დაარქმევენ, სახელს, რომელიც იტალიურმა კომპანიამ პირველად 1970-იან წლებში, მოდელ ”მიურას” სატესტო ვერსიისთვის გამოიყენა.

რა თქმა უნდა, მომავალი სიახლის შესახებ, კომპანიისგან ჯერჯერობით მხოლოდ მწირი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ინტერნეტით უკვე გავრცელდა მისი სავარაუდო მონაცემები და კომპიუტერით შედგენილი ფოტო-რობოტიც კი (სურათზე). სავარაუდოდ, ის ”მურსიელაგოზე” მსუბუქი უნდა იყოს და აღიჭურვება 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით, რომლის სიმძლავრეც, 700-დან 800 ცხენის ძალამდე იქნება (უფრო სავარაუდო 700 ცხ.ძ-ა).

ასევე სავარაუდოდ, ”ჯოტა” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3 წამზე ნაკლებს მოანდომებს. რამდენი ექნება მაქსიმალური სიჩქარე, ამაზე ვარაუდიც კი ძნელია.

იტალიური კომპანია ”ჯოტას” პლატფორმაზე, რომლის მზიდი ტანი ალუმინისა და კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება, კიდევ ორ მოდელს შექმნის. პირველი იქნება უფრო დიდი და ძლიერი ”ურუსი”. ამის შასის მზიდი ელემენტი მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან შეიქმნება. ამასთან, ”ურუსი” უფრო მძლავრი ძრავით აღიჭურვება და მასთან ერთად, უკეთესი აეროდინამიკის წყალობით, დინამიკური მაჩვენებლებიც უკეთესი ექნება. შედარებით სუსტი და იაფი უნდა იყოს მეორე ავტომობილი, რომლის სავარაუდო სახელიც კი, ჯერ ცნობილი არაა. თუმცა, ისიც V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალას მიაღწევსა.

Wednesday, February 3, 2010

21-ე საუკუნის ”ფორდ T”

21st Century Ford Model T

4 თებერვალი

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰენრი ფორდის კომპანიამ ავტომობილის კონვეიერული წარმოება დაიწყო და ამ ტექნოლოგიით, პირველად მოდელი T გამოუშვა, რომელიც ”პაწია ლიზის” სახელითაც იყო ცნობილი. და ამ საუკუნის განმავლობაში, ბევრი დიზაინერისთვის, ეს პატარა ავტომობილი კვლავაც შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

ერთ-ერთი ასეთი დიზაინერია ბრაზილიელი ედუარდუ ოლივეირა, რომელმაც მიზნად თანამედროვე ”პაწია ლიზის” შექმნა დაისახა და რა გამოუვიდა, თავად განსაჯეთ. რა გამოუვიდა და სრულიად თანამედროვე კომპაქტური ქროსოვერი, რომელსაც, წარმოებაში რომ დაინერგოს, თავისუფლად შეუძლია პოპულარობის მოპოვება. მითუმეტეს, თუ მის სახელწოდებაში, დიდი წინაპრის სახელიც შევა. თან, ისიც საინტერესოა, რომ ბრაზილიური T ”ფორდის” ახლანდელ კორპორატიულ სტილშია შესრულებული.

თუმცა, ისიც აშკარაა, რომ ორიგინალურ და ბრაზილიურ T-ს შორის სხვაობა გაცილებით მეტია, ვიდრე მსგავსება. თუ მსგავსებაზე ვილაპარაკებთ, უნდა აღინიშნოს ოლივეირას კონცეპტუალური მოდელის საბორბლე თაღები, რომლებიც სწორედ ”პაწია ლიზის” სტილშია შესრულებული. ამ მანქანას ბორბლებიც ისე აქვს კიდეებისკენ გარიყული, როგორც T-ს ჰქონდა. მსგავსება შეიძლება დავინახოთ იმაშიც, რომ თანამედროვე T-ს კუდი ”ლიზისავით” ქვემოთ აქვს ”ჩაჭრილი” და იქ სათადარიგო საბურავია დამაგრებული. ავტომობილის სიგრძე 4.2 მეტრია, რაც ”ლიზის” სიგრძეს მნიშვნელოვნად სჭარბობს. თან მას ოთხი კარი აქვს, რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო მხარეს იღება.

პროექტის ავტორის თქმით, თანამედროვე მოდელ T-ს ყველაზე მეტად ბენზინზე მომუშავე 4-ცილინდრიანი ძრავი მიესადაგება. თუმცა, ყველაზე უკეთესი ალბათ, თანამედროვე მოდის შესაფერისი ჰიბრიდული აგრეგატი იქნებოდა...

”პეჟო 207”, როგორც რალის ავტომობილი

Peugeot 207 S16

4 თებერვალი

”პეჟომ” თავისი საქარხნო გუნდის საპატივცემულოდ, რომელმაც შარშანდელ სეზონში, რალის საერთაშორისო ჩემპიონატი (IRC) მოიგო, თავის პოპულარულ ჰეჩბეკ 207-ის სპეციალური ვერსია შექმნა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. ავტომობილი, რომელმაც ინდექსად აღნიშვნა S16 მიიღო, სულ 250 ცალი დამზადდება.

გასპორტულებული 207 რამდენიმე ახალი აეროდინამიკური ელემენტით აღიჭურვა, რომელთაგან ყველაზე თვალსაჩინო წინა და უკანა სპოილერები და უკანა დიფუზორია. ეს უკანასკნელი უბრალო ბუტაფორიაა და არანაირი რეალური დატვირთვა არ გააჩნია. ”პეჟო 207 S16-ს” ასევე გამოარჩევს მის უკანა ნაწილზე დატანილი ნახატი, რომელიც IRC-ს ჩემპიონატში მონაწილე მანქანაზეცაა გამოსახული.

სპეციალური ვერსია 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, წინა ბამპერის გარშემო რადიატორის ბადეა შემოვლებული, შუშები დამუქებულია, სალონში კი სპეციალური დაფაა, რომელზეც IRC-ის ჩემპიონ კრის მიკის სახელია ამოქარგული.

სპეციალურ ვერსიაზე, 207-ს ცვლილებები მეტწილად გარეგნულად შეეხო, მისი ტექნიკური აღჭურვილობა კი თითქმის არ შეცვლილა. მის კაპოტქვეშ 1.6-ცილინდრიანი ბენზინის ძრავი დგას, რომელიც 120 ცხენის ძალას ავითარებს. ”პეჟოს” მონაცემებით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 10.7 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 201 კმ/სთ-ია.

”პეჟო 207 S16” მხოლოდ ბრიტანეთში გაიყიდება და იქ ის სტანდარტულ ”პეჟო 207-ზე”, რომელიც 14 695 გირვანქა სტერლინგი ღირს, 1 200 სტერლინგით მეტი ეღირება.

”ქარზ 2” კინოთეატრებში მერმის გამოვა

Cars 2 Coming

4 თებერვალი

კინოკომპანია ”დისნეიმ” გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს პოპულარულ ანიმაციურ ფილმ ”ქარზ-ის” მეორე ფილმის გადაღება და მისი პრემიერა მერმის შედგება. ამასთან, კომპანიამ ახალი ფილმის რამდენიმე ნახატიც გამოაქვეყნა. ”დისნეის” მიერ გამოქვეყნებულ რელიზში წერია, რომ მეორე ფილმში ”ლაითნინგ მაკქუინის” გუნდი იაპონიაში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ინგლისში, ”ჩემპიონთა რბოლებში” მიიღებს მონაწილეობას.

ხუთივე ქვეყანაში, ფილმის მთავარი პერსონაჟები მსოფლიო კლასის მრბოლების წინააღმდეგ იასპარეზებენ, რომელთა შორისაც, ფორმულა 1-ის მანქანებიც ”იქნებიან” (სურათზე).

პირველი ”ქარზის” კინოეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მისი სამი გამხმოვანებელი, მათ შორის, ლეგენდარული კინოვარსკვლავი, ავტომრბოლი და ინდი ქარის სერიის სარბოლი გუნდის მეპატრონე პოლ ნიუმენი (მისი პერსონაჟი იყო დოკ ჰადსონი) გარდაიცვალა. ამიტომ, მეორე ფილმის გახმოვანებაში რამდენიმე ახალი მსახიობი მიიღებს მონაწილეობას.

”სუზუკი სუიფტ” პლაგ-ინ ჰიბრიდს ჟენევაში ვიხილავთ

Plug-in Hybrid Suzuki Swift to Attend 2010 Geneva

4 თებერვალი

ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე, ”სუზუკის” ერთ-ერთი ექსპონატი პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი კომპაქტური ჰეჩბეკი ”სუიფტი” იქნება, რომელიც პირველად იაპონურმა კომპანიამ შინაური ბაზრისთვის შარშან, ტოკიოს შოუზე წარადგინა.

ამ ავტომობილისთვის წამყვან მაბრუნ მომენტს 54-კილოვატიანი (72.4 ცხენისძალიანი) ელექტროძრავი გამოიმუშავებს, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან ღებულობს. გარდა ამისა, ჰიბრიდულ სისტემაში შედის 660 კუბ.სმ მოცულობის მქონე შიდაწვის ძრავი, რომელთან შეწყვილებული გენერატორიც აკუმულატორებს მუხტავს.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მწირი ინფორმაციით, აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 20 კილომეტრის გავლა შეძლოს. ამგვარად, ეს ავტომობილი მისწრებაა მათთვის, ვისაც დღის განმავლობაში დიდი მანძილის გავლა არ უწევს. რამდენად ზრდის გენერატორი ჰიბრიდული ”სუიფტის” სვლის სიშორეს, ეს მონაცემი ჯერჯერობით უცნობია.

”კია სპორტეჯის” პირველი სურათები

Kis Sportage First Official Images

4 თებერვალი

გასული წელი ”კიასთვის” მთელ მსოფლიოში მეტად წარმატებული იყო. კრიზისის მიუხედავად, კორეულმა კომპანიამ გაყიდვებიც გაზარდა და მეოთხე კვარტალი რეკორდული მოგებითაც (520 მილიონი დოლარი) დაასრულა. ეგ კიდევ არაფერი, კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გაყიდვების ზრდა წელსაც გაგრძელდება, რაშიც მას ხელს სამოდელო რიგის განახლება და ახალი მოდელების წარმოების დაწყება შეუწყობს.

ახლახანს ”კიამ” თავისი უგზოობის პოპულარული მოდელის, ”სპორტეჯის” განახლებული ვარიანტის ფოტოები გამოაქვეყნა. ამ ავტომობილის გარეგნობა ”აუდის” ყოფილი დიზაინერის, პეტერ შრაიერის ხელმძღვანელობით შემუშავდა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ახალი ”სპორტეჯი” ”კიას” ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული და თავისი წინა ნაწილით (განსაკუთრებით რადიატორის ბადით) ის თავის თანამოძმეებს ჰგავს.

რაც მთავარია, ახალი ”სპორტეჯი” ”ჰიუნდაი ix35-ის” პლატფორმაზეა ბაზირებული (კია ჰიუნდაის ჯგუფში შედის) და თავის წინამორბედზე დიდია. კორეულ კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია, თუ რა ძრავებით აღიჭურვება მისი სიახლე. თუმცა, სავარაუდოა, რომ ”სპორტეჯის” ამერიკული ვარიანტი 2.0 და 2.4-ლიტრიან, ოთხცილინდრიან ძრავებს და 6-საფეხურიან კოლოფებს მიიღებს, რომლებითაც ჩრდილოამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი ”ტუსანია” (იგივე ix35) აღჭურვილი. ევროპულ ვერსიაზე კი მოსალოდნელია 1.7 და 2.0-ლიტრიანი დიზელების და 1.6 და 2.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავების გამოყენება, როგორც ix35-ზე.

ახალი ”სპორტეჯის” მსოფლიო პრემიერა ჟენევის ავტო შოუზე გაიმართება, მისი გაყიდვები კი მოგვიანებით დაიწყება. ჟენევაში კორეული კომპანია ამ ავტომობილის შესახებ, დაწვრილებით ინფორმაციას გაავრცელებს.

ჟენევაში ”რენოს” ”ქარი” დაუბერავს

Renault Wind Revealed

4 თებერვალი

ჟენევის ავტო შოუზე, ფრანგული კომპანია ”რენო” ორადგილიან კუპე კაბრიოლეტ ”უინდს” წარადგენს. ჰეჩბეკ ”ტვინგოს” ბაზაზე აგებული ამ ავტომობილის გაყიდვები ევროპაში ზაფხულში დაიწყება.

”უინდის” ყველაზე საინტერესო დეტალი მისი დასაკეცი სახურავია. სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც დასაკეც სახურავებში სახსრულ მექანიზმს იყენებენ, ფრანგულმა კომპანიამ ცენტრალური საყრდენი ღერძი გამოიყენა. ასეთი მექანიზმი სახსრულთან შედარებით მარტივია და საბარგულში, სადაც დაკეცვის შემდეგ თავსდება, ნაკლებ ადგილს იკავებს. სახურავი დაკეცილია, თუ გახსნილი, საბარგულის მოცულობა უცვლელი რჩება და 270 ლიტრს შეადგენს, რაც ”ტვინგოს” საბარგულის მოცულობაზე 40 ლიტრით მეტია. სულ რაღაც, 12 წამია საკმარისი იმისათვის, რომ სახურავი დაიკეცოს.

”უინდის” სიგრძე 3.83 მეტრია, ამგვარად, ის ”ტვინგოზე” 230 მილიმეტრით გრძელია. სახელიდანაც ჩანს, რომ ”რენო” ”უინდს” ჰეჩბეკ ”ტვინგოსგან” განსხვავებულ მოდელად გვთავაზობს, რაც ავტომობილის სახელშიც აისახება - ”რომბებს” შეეძლოთ, მისთვის მარტივად ”ტვინგო CC” (CC - კუპე კაბრიოლეტ) ეწოდებინათ. არადა, მართალია, სიახლის ტექნიკური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წინასწარ ცნობილია, რომ ამ ორ ავტომობილს ბევრი რამ, პირველ რიგში, პლატფორმა და აგრეგატები, საერთო ექნება.

მოსალოდნელია, რომ ”ქარი” 1.6-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც 133 ცხენის ძალას ავითარებს. ამ ძრავს ”რენო” ჰეჩბეკ ”ტვინგოს” ტოპ ვერსია RS-ზე იყენებს. არც ისაა გამორიცხული, რომ ”უინდმა” ”რენოსპორტ” ვერსიაც მიიღოს.

”რენო უინდის” სავარაუდო ფასი 20 000 ევროს სიახლოვეს იქნება.

Tuesday, February 2, 2010

კაბრიოლეტი ”ალფა რომეო 8C 2300 კასტანია”

Alfa Romeo 8C 2300 Castagna Cabriolet

2 თებერვალი

”ალფა რომეომ” რომ 1923 წელს ”ფიატიდან” ინჟინერი ვიტორიო იანო გადაიბირა, მაშინ მას ისეთი სარბოლი ავტომობილების შექმნა დაავალა, რომლითაც მილანელები რბოლებში გამარჯვებებს შეძლებდნენ. მაგრამ ორი, მეტად წარმატებული სეზონის შემდეგ, ”ალფამ” რბოლები მიატოვა და იანოც საგზაო ავტომობილების კონსტრუირებაზე გადაერთო.

პირველი საგზაო ავტომობილი, რომელიც იანოს ხელმძღვანელობით შეიქმნა, ”ალფა 6C1500 იყო, რომლის დებიუტი 1927 წლის დასაწყისში შედგა. ამ მანქანის ის ვერსია, რომელიც 6-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, საერთო სარგებლობის გზებისთვის შეიქმნა, თუმცა მისი უფრო მძლავრი ვერსიები კვლავ მონაწილეობდნენ რბოლებში და საკმაოდ წარმატებითაც - 6C-მ ზედიზედ სამჯერ მოიგო მილე მილიას რბოლა.

ამ წარმატებებმა ”ალფა რომეოს” რბოლებში დაბრუნებისკენ უბიძგა. 1930 წლის სეზონისთვის კვლავ P2-ის გამოყენება გადაწყდა, შემდგომი სეზონისთვის კი კომპანიის ხელმძღვანელობამ იანოს სრულიად ახალი სპორტული მანქანის შექმნა დაავალა. პირველი ცდა, რომლის შედეგიც ორძრავიანი მონსტრი გახდა, საკმაოდ წარუმატებელი გამოვიდა. სამაგიეროდ, მომდევნო - 8C 2300 ნამდვილი შედევრი გახდა.

იანომ აქცენტი ისევ ძრავზე გააკეთა, რომელიც დიდმოცულობიანი უნდა ყოფილიყო, რათა მანქანას, სარბოლ ტრასებზე მზარდი კონკურენციისთვის დიდხანს გაეძლო. ისევე როგორცP2-ის შემთხვევაში, მან ამჯერადაც თავისი არჩევანი ერთ რიგში განლაგებულ 8 ცილინდრზე შეაჩერა და აგრეგატის პროექტირება სუფთა ფურცლიდან დაიწყო. ძრავი ორი ოთხცილინდრიანი ბლოკისგან დამზადდა, რომელთა შორისაც, ძრავის ზედა ნაწილში მომუშავე გამანაწილებელი მექანიზმის ამძრავი მოთავსდა. ამით იანომ ის მოიგო, რომ განახევრდა გამანაწილებელი მექანიზმის ლილვების სიგრძე. გაუყოფელი ლილვები ადრე ხშირად დეფორმირდებოდა, რაც ძრავის რესურსს ამცირებდა, გაყოფილი ლილვი კი ამ მხრივ ნაკლებ პრობლემას შექმნიდა.

თავიდან ბლოკებს თუჯისგან ასხამდნენ, მაგრამ მოგვიანებით, ეს მასალა ალუმინის შენადნობმა შეცვალა, რითაც ბლოკების წონა მნიშვნელოვნად შემცირდა. სხვათა შორის, ბლოკებს შორის განთავსდა მექანიკური დამჭირხნის ამძრავიც. ძრავის მუშა მოცულობა 2.3ლიტრზე ოდნავ მეტი გამოვიდა. მას დგუშის დიდი სვლა - 88 მმ ჰქონდა, რითაც გაიზარდა მაბრუნი მომენტი. შედარებისთვის, წინა ძრავის დგუშის სვლა მხოლოდ 65 მმ იყო და ის ბრუნთა მაღალი რიცხვით გამოირჩეოდა. სტანდარტული შესრულებით, აგრეგატის სიმძლავრე 155-165 ცხენის ძალა იყო, მისი სარბოლი ვერსიის სიმძლავრე კი 180 ცხენის ძალას აღწევდა.

ძრავის გარდა, 8C-ს წარმატებულობის კიდევ ერთი მიზეზი მისი მსუბუქი შასიც გახდა. ეს იყო 6C-ს მცირედ გადაკეთებული კონსტრუქცია, რომელიც ორ - მოკლე (2750 მმ) და გრძელბაზიანი (3100 მმ) ვერსიების სახით მზადდებოდა. საკიდარი იმ დროს გავრცელებული ტიპის იყო. მასში რხევების ჩაქრობას ნახევრად ელიპტიკური ზამბარები და ფრიქციული ამორტიზატორები ემსახურებოდა. მუხრუჭები კი დოლური იყო, რომლებსაც მძღოლი კაბელით მართავდა. ძრავი წინა ღერძის უკან განთავსდა. მას 4-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი შეუწყვილეს. სრულად დაკომპლექტებული მოკლებაზიანი შასი სულ რაღაც 1 000 კილოგრამს იწონიდა.

ამ ავტომობილისთვის ”ალფა რომეო” ძარას თავად არ აწარმოებდა. ამ საქმეში მისი პარტნიორები ძარების წარმოებაზე სპეციალიზებული ფირმები - ”ტურინგი” და ”ძაგატო” იყვნენ, რომლებიც 8C-ს ძარებს საგზაო და სარბოლი ვერსიებისთვის აწარმოებდნენ. 1931 და1934 წლებს შორის, სულ 188 შასი დამზადდა, რომელთა უმეტესობა რბოლებში მონაწილეობდა.

პირველი ორი 8C 2300-ის დამზადება 1931 წლის მილე მილიას სტარტამდე მოესწრო. ეს ათასმილიანი რბოლა სრულყოფილი მანქანებისთვისაც ძალიან ძნელად გასაძლები იყო, რომ არაფერი ვთქვათ მანქანაზე, რომელსაც ტესტებში მონაწილობა პრაქტიკულად არ მიეღო. რბოლისთვის ორი ავტომობილი მომზადდა, რომლებსაც ძარა ”ძაგატომ” დაუმზადა. ერთის საჭე ლეგენდარულ იტალიელ ტაციო ნუვოლარის ჩააბარეს, მეორისა კი - ასევე იტალიელ ლუიჯი არკანჯელის. ახალი ავტომობილი ძალიან სწრაფი გამოდგა. რბოლის განმავლობაში ორივეს პრობლემებს მხოლოდ საბურავები უქმნიდა, რისი წყალობითაც, ლიდერობა 7.1-ლიტრიანი ”მერსედეს-ბენც SSK-თი” მოასპარეზე ლეგენდარულმა გერმანელმა რუდოლფ კარაჩიოლამ იგდო ხელთ, რომლის უპირატესობამაც მალე 17 წუთს მიაღწია. ნუვოლარიმ სიჩქარეს უმატა და მალე ლიდერს დაეწია კიდეც, მაგრამ კარაჩიოლას მანქანის მიერ დატოვებულ მტვრის კორიანტელში, იტალიელი შეცდა და მანქანა დაამტვრია. რევანში მალე, არანაკლებ პოპულარულსა და რთულ რბოლაზე - ტარგა ფლორიოზე (ეს რბოლა სიცილიაში, პალერმოს გარშემო ტარდებოდა) შედგა, რომლის დროსაც განუწყვეტლივ წვიმდა. ამ გამარჯვების ჩათვლით, 8C 2300 ამ ორივე რბოლაზე, გამარჯვებას ზედიზედ სამი წელი არავის უთმობდა.

ტარგა ფლორიოზე მონაწილე ორივე მანქანას ოდნავ განსხვავებული სპეციფიკაცია ჰქონდა და შემცირებული ბაზის მქონე შასიზე (2650 მმ) იდგა. მილანელებმა ეს იმისათვის გააკეთეს, რომ სანამ 8C 2300-ს სარბოლი ვერსიის, ტიპო A-ს მომზადება მოესწრებოდა, დიდი პრიზების ტიპის ავტომობილებთან ჰანდიკაპი შეეცირებინათ.

25 მაისს, იტალიის დიდ პრიზზე, რომელიც მონცას ავტოდრომზე ჩატარდა, ”ალფამ” ორივე ამ მოდელით იასპარეზა. სამწუხაროდ, თავისუფალი პრაქტიკის დროს, ”ტიპო A-თი” მოასპარეზე არკანჯელის ფატალური ავარია მოუვიდა და დაიღუპა. ამ ტიპის კიდევ ორმა ავტომობილმა ათსაათიან რბოლაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ასპარეზობა მალევე შეწყვიტა. ნუვოლარიმაც რბოლა ”ტიპო A-თი” დაიწყო, მაგრამ სტარტიდან ორი საათის შემდეგ, 8C 2300-ზე გადაჯდა და ფინიშთან პირველი მივიდა. მეორე ადგილიც ”ალფათი” მოასპარეზე იტალიელმა ჯუზეპე კამპარიმ დაიკავა. ამ გამარჯვების აღსანიშნავად, დიდი პრიზების სპეციფიკაციით მომზადებულ 8C 2300-ს მილანელებმა ”მონცა” უწოდეს. 8C 2300-მა კიდევ არაერთი დიდი რბოლა მოიგო, მომდევნო სეზონში კი ის ”ტიპო B მონოპოსტომ” შეცვალა.

იტალიის დიდ პრიზს ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოჰყვა, რომლისთვისაც ”ალფა რომეომ” 8C 2300-ს მცირე მოდიფიკაცია ჩაუტარა. ამ შემთხვევაში, კონსტრუქტორებმა შასის გრძელბაზიანი ვერსია აირჩიეს, რათა რბოლის მთავარი მოთხოვნა შეესრულებინათ და შასიზე ოთხადგილიანი ძარა დაედგათ. ამჯერედაც საქმე ”ძაგატოს” დაევალა, რომელმაც ძარა ალუმინისგან დაამზადა. რბოლისთვის სამი მანქანა მოამზადეს, მაგრამ მათგან სტარტზე მხოლოდ ორმა შეძლო დადგომა, რადგან ერთს პრაქტიკების დროს ძრავი დაეწვა.

მთავარი კონკურენტი ამჯერადაც ”მერსედეს-ბენცი” იყო თავისი SSK-თი, რომელსაც სარტეს ტრასის გრძელი სწორი მონაკვეთები უკეთ შეეფერებოდა. ”ალფა” რბოლაზე საქარხნო გუნდით არ გასულა. მილანელებმა ამისათვის სხვა გუნდები შეარჩიეს, რომელთაგან ერთი ბრიტანული იყო. ერთი ეკიპაჟი რბოლას 99-ე რბოლაზე გამოეთიშა. ბრიტანულმა ეკიპაჟმა, რომლის საჭესთანაც ლორდ ჰოუ იჯდა და მას ყოფილი ”ბენტლი-ბოი” ტიმ ბირკინი ენაცვლებოდა, 24-საათიანი რბოლა ყოველგვარი ტექნიკური პრობლემის გარეშე დაასრულა და რაც მთავარია, ყველაზე სწრაფ ”მერსედესს” ფინიშთან 100 კილომეტრით მიასწრო. ამ ტრიუმფის შემდეგ, 8C-მ ლე მანის რბოლა შემდგომ სამ სეზონშიც მოიგო. უფრო მეტიც, 1933 წელს, პირველი სამი ადგილი ”ალფა რომეოს” ეკიპაჟებმა დაიკავეს. მილანელებს ამ რბოლის მოგება ზედიზედ მეხუთედ, 1935 წელსაც შეეძლოთ, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ.

საერთოდ, მიჩნეულია, რომ ”ბუგატი ტაიპ 35 ყველაზე წარმატებული სარბოლი მანქანაა, ”ალფა რომეო 8C 2300 კი მეორე ყველაზე წარმატებულია. თუმცა, უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ ამ ორი ლეგენდარული ავტომობილის მიღწევები თანაბრად წარმატბულად ჩათვლილიყო. ხუმრობა ხომ არაა სამ-სამი გამარჯვება მილე მილიასა და ტარგა ფლორიოზე და ოთხი ტრიუმფი ლე მანზე, ასევე ერთი გამარჯვება იტალიის დიდ პრიზზე - მთელი ეს მონაგარი ხომ იანოს ქმნილების ანგარიშზეა. თუმცა, ტაიპ 35-მა რომ 8C 2300 დაჩრდილა, ამაში უფრო ამ უკანასკნელის შთამომავალი - არანაკლებ ლეგენდარული სპორტული მოდელი 8C 2900 და ამის სარბოლი ვერსია სარბოლი ტიპო B მონოპოსტოა.

ასეთი მიღწევების შემდეგ, რაღა გასაკვირი უნდა იყოს, რომ 8C 2300-ს საგზაო ვერსიაზე დიდი მოთხოვნილება იყო. სურათებზე რომ ავტომობილს ხედავთ, კაბრიოლეტი ”ალფა რომეო 8C 2300 კასტანიაა”, რომლის ძარაც ”ძაგატომ” დაამზადა.

ახალი ”ფორდ ფოკუსის” დეტროიტული დებიუტი

Ford Focus

2 თებერვალი

იყო დრო, როდესაც დიდი საავტომობილო შოუების დამთვალიერებლები იქ უამრავ სრულიად ახალ ავტომობილს ნახულობდნენ, რომელთა შესახებაც, ადრე არაფერი სმენოდათ. მაგრამ ინტერნეტის განვითარებამ, ეს ტრადიცია შეცვალა - დღეს თითქმის ყველა ავტომწარმოებელი თავის სიახლეზე ინფორმაციას გამოფენებამდე აქვეყნებს, ან ამ ინფორმაციის ”შემთხვევით” გაჟონვას უწყობს ხელს, რათა პოტენციური მყიდველის წინასწარი დაინტერესება გამოიწვიოს. მაგალითად, უკვე დღეს, შეიძლება იმის გაგება, თუ რას ნახავთ ჟენევის საავტომობილო შოუზე, რომელიც მარტში გაიმართება.

იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, რომ ზოგი მწარმოებელი ბოლომდე ინახავს თავის სიახლეს და საპრეზენტაციო პრესკონფერენციამდე, მის შესახებ არაფერს გვამცნობს. ასე რომ, გამოფენაზე მისულ ჟურნალისტებს ეჭვიც კი არ აქვთ იმაზე, თუ რა შეიძლება ნახონ. ყველაზე ხშირად, სიურპრიზების მეთოდს ”ფორდი” იყენებს, რომელმაც დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე თავისი ბესტსელერის, ”ფოკუსის” ერთბაშად ორი - ჰეჩბეკის და სედანისძარიანი ვერსია წარმოადგინა.

”ფოკუსი” ეგრეთ წოდებული ”გოლფის” კლასის, ევროპული C სეგმენტის ერთ-ერთი ლიდერია და ბუნებრივია, მისი გაყიდვების მოცულობაზე ბევრადაა დამოკიდებული ”ცისფერი ოვალის” კეთილდღეობა. ამ სეგმენტში მისი მეტოქეები ”ფოლკსვაგენ გოლფი” და ”ოპელ ასტრაა”, რომელთაგან პირველის მეექვსე თაობის მოდელი ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა, მეორის მეოთხე თაობის მოდელის დებიუტი კი შარშან, ფრანკფურტის გამოფენაზე შედგა.

ბუნებრივია, მთავარი კონკურენტების ასეთი აქტიურობა ”ცისფერ ოვალს” უპასუხოდ არ უნდა დაეტოვებინა და დირბორნელებმაც არ დააყოვნეს - დეტროიტის ავტო შოუს დამთვალიერებელს მათ ”ფოკუსი” ერთდროულად, სედანის და ჰეჩბეკის ძარით უჩვენეს. სხვათა შორის, სამივე ავტომობილი გერმანიაშია შექმნილი და ამიტომ, გასაკვირი სულაც არაა, რომ სამივე თავ-თავისი მწარმოებლის გაყიდვების ლიდერია.

ახალი ”ფოკუსი” სრულიად ახალ, გლობალურ პლატფორმაზე დგას, რომელიც ძველი მოდელის პლატფორმის ძირეულად გადაკეთებული ვარიანტია. იგივე პლატფორმა ”ფორდმა” კიდევ ორ მოდელზე - С-MAX-სა და ”გრანდ С-MAX-ზე” გამოიყენა, რომელთა გაყიდვებიც წლის მეორე ნახევარში დაიწყება. მთავარი ცვლილება უკანა საკიდარს შეეხო, რომლის ბორბლებსაც ძალიან მცირე კუთხით შეუძლია მობრუნება.

ახალ ”ფოკუსზე” საჭის მექანიზმიც შეცვლილია - მას ახალი ელექტროგამაძლიერებელი აქვს. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ვერსია გამწევი ძალის წამყვან ბორბლებს შორის გამანაწილებელი სისტემითაა (დინამიკ ქორნერინგ კონტროლ) აღჭურვილი, რომელიც დაახლოებით ისევე მუშაობს, როგორც ღერძებსშორისი დიფერენციალის ბლოკირების სისტემა.
ახალი ”ფოკუსი” ძრავების ახალ გამასაც მიიღებს. მისი ევროპული ვერსიისთვის მთავარი აგრეტატია ბენზინზე მომუშავე 1.6-ლიტრიანი ტურბომოტორი (სერია ეკობუსტი). ამერიკული ვერსიისთვის კი მთავარი აგრეგატი იქნება 2.0-ლიტრიანი ძრავი საწვავის პირდაპირი შეფრქვევით, რომელიც 155 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ძრავი წინამორბედზე 20 პროცენტით ეკონომიური და 10 პროცენტით ეკოლოგიურია. ძრავს ან 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ამდენივე საფეხურის მქონე ნახევრად ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება. ამ უკანასკნელსა და ძრავს შორის ”შუამავლად” კი გადაბმის ორმაგი ქურო იმუშავებს.

ახალ ”ფოკუსს” სრულიად განახლებული ინტერიერიც ექნება. მასზე შეცვლილია ცენტრალური დაფა, რომელზეც მაჩვენებლებს განსხვავებული განლაგება აქვს. დაფის ცენტრალურ ნაწილში კი დიდრონი მონიტორია მოთავსებული. სალონში სიახლეა მულტიმედიური კომპლექსი ”მაიფორდ”, რომელიც ამერიკული ბაზარისთვის განკუთვნილ ვერსიაზე, საკომუნიკაციო სისტემა SYNC-თანაა ინტეგრირებული. ამ სისტემის დახმარებით, მძღოლი სისტემების უმრავლესობის მართვას 8-დუიმიანი სენსორული მონიტორის მეშვეობით შესძლებს.

უნდა ითქვას, რომ ”ფოკუსის” ახალ გლობალურ პლატფორმაზე, ”ფორდი” კიდევ 10 ახალი ავტომობილის წარმოებას გეგმავს (ამ მოდელებს შორის არ იგულისხმება ზემოთ ნახსენები С-MAX-ი და გრანდ С-MAX-ი). რაც მთავარია, ამერიკული და ევროპული ბაზრებისთვის განკუთვნილ მოდელებს შორის სხვაობა 20 პროცენტზე მეტი არ იქნება.

”ფორდი” ახალი ”ფოკუსის” წარმოებას ამ წლის ბოლოს დაიწყებს, გაყიდვები კი მომავალი წლის ბოლოს დაიწყება. მერმისვე მოსალოდნელია ბაზარზე ”ფოკუსის” ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილის გამოჩენაც. ამ უკანასკნელს და მასთან ერთად, ახალ პლატფორმაზე ბაზირებულ კიდევ შვიდ ავტომობილს, რომლებიც ამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, მიჩიგანის ქარხანაში დაამზადებენ. ამ შვიდეულს შორის აუცილებლად იქნება С-MAX-ი და ”ისკეიპი”, ასევე ”მერკური მარინერი” და ამ მარკის კიდევ ერთი ავტომობილი (ჯერ დაზუსტებული არაა). დანარჩენ სამზე ჯერ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ამ სამეულში შევა ”ლინკოლნის” პირველი კომპაქტური ავტომობილი, რომლითაც პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი ეს ბრენდი კონკურენციას ”მერსედეს ბენცისა” და ”ბეემვეს” შესაბამის მოდელებს გაუწევს.

დაბოლოს, ”ფორდი” იმედოვნებს, რომ ახალი ”ფოკუსის” პლატფორმაზე ბაზირებული ავტომობილების გაყიდვების მოცულობა 2012 წელს ორ მილიონს გასცდება.

Monday, February 1, 2010

”მიცუბიში” ჟენევაში კომპაქტურ ქროსოვერს გვაჩვენებს

Mitsubishi ASX Compact Crossover

1 თებერვალი

”მიცუბიში” მალე იაპონიაში თავისი სრულიად ახალი კომპაქტური ქროსოვერის გაყიდვებს დაიწყებს, მოგვიანებით კი, ჟენევის ავტო შოუზე, მას ევროპელი მყიდველების სამსჯავროზე გამოიტანს. ავტომობილის სახელია ASX, თუმცა ევროპული პრემიერის წინ, ის შეიძლება შეიცვალოს.

ქროსივერი ”მიცუბიში ASX” ხუთადგილიანია და ის მოდელ ”ლანსერის” პლატფორმაზეა აგებული. ის 1.8-ლიტრიანი ტურბოდზელითაა აღჭურვილი, რომელიც ევრო-5 სტანდარტს შეესაბამება. ძრავს საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა აქვს. მასთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, ტრანსმისია კი, მყიდველის სურვილის შესაბამისად, შეიძლება იყოს როგორც წინა წამყვანბორბლიანი, ასევე სრულამძრავიანი.

საწვავის ეკონომიურობის გასაუმჯობესებლად და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შესამცირებლად, ავტომობილი სისტემა სტოპ-სტარტითაა აღჭურვილი, რომელიც გაჩერებისას, ძრავს ავტომაურად თიშავს და აქსელერატორის სატერფულზე ფეხის დაჭერისთანავე რთავს.

”მიცუბიშის” სამოდელო გამაში, ახალი ქროსოვერი ”აუტლანდერზე” ერთი საფეხურით დაბალ ადგილს დაიკავებს. ASX-ის ფასი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.

”პაგანი” ახალ სუპერ ახალ ავტომობილს ამზადებს

Pagani C9

1 თებერვალი

არგენტინულ ინტერნეტ გამოცემა ”არგენტინა აუტო ბლოგთან” საუბრისას, იტალიურ ფირმა ”პაგანის” ხელმძღვანელმა ჰორაციო პაგანიმ თავისი ფირმის ახალი სუპერავტომობილის შესახებ ისაუბრა და მის შესახებ ზოგიერთი დეტალი გამოჰყო. მისი თქმით, ახალ ავტომობილს C9 დაერქმევა და ის ევროპულ ბაზარზე ამ წლის ბოლოს გამოჩნდება. ამასთან, ”პაგანი” მას წლიურად მხოლოდ 40 ცალს დაამზადებს.

პაგანის განცხადებით, კონცეპციისა და აგებულების მხრივ, სუპერ ავტომობილ ”ძონდას” შთამომავალი სრულიად ახალი მანქანა იქნება. კერძოდ, ავტომობილის წონა ღერძებს შორის სულ სხვა პროპორციით გადანაწილდება. C9-ს კონსტრუქციაში ახალი მასალები იქნება გამოყენებული და წინამორბედთან შედარებით, მას გაცილებით უკეთესი ტექნიკურ დინამიკური მახასიათებლები ექნება.

”ძონდასგან” განსხვევიბით, C9 3 770 ახალ დეტალს მიიღებს, რომელთაგან ყველაზე მსხვილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული შასია. სიახლეებში შევა სპეციალურად ამ მანქანისთვის, ”პირელის” მიერ შექმნილი საბურავები და ”ბოშის” ელექტრონიკა.

რაც მნიშვნელოვანია, ახალი ავტომობილი აშშ-ში მოქმედ უსაფრთხოების სტანდარტებს და კალიფორნიულ უმკაცრეს ეკოლოგიურ ნორმებს სრულად დააკმაყოფილებს.

C9 აღიჭურვება გერმანული AMG-ს წარმოების 6.0-ლიტრიანი ძრავით, რომელიც მაქსიმუმ 700 ცხენის ძალას და 1 000 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს იძლევა. ოღონდ, პაგანი ჯერ არ ამბობს, თუ რა დინამიკური მახასიათებლები ექნება მისი ფირმის ახალ სუპერ ავტომობილს.

ჰორაციო პაგანიმ ასევე განაცხადა, რომ მისი ფირმა ”ძონდას” წარმოებას წელს, სექტემბერში შეწყვეტს. თუმცა ცნობილია, რომ ”პაგანი” ამ ავტომობილზე შეკვეთებს კვლავაც ღებულობს. ამიტომ, ანალიტიკოსები მოელიან, რომ მისი წარმოება მომავალშიც გაგრძელდება.

რაც შეეხება ”პაგანი C9-ს”, მისი სავარაუდო ფასი 900 000 ევრო იქნება.