Saturday, April 17, 2010

”რენომ” ელექტრომობილები კონვეიერისთვის მოამზადა

Renault Fluence Z.E. and Kangoo Van Z.E.

17 აპრილი

”რენომ” პრაქტიკულად დაასრულა სერიული წარმოებისთვის ორი ელექტრომობილის - ”ფლუენს Z.E.-ს” და ”კანგუ ვა Z.E.-ს” მომზადება. ამ ორი ავტომობილის სახელწოდებაში აღნიშვნა Z.E. ნულოვან გამონაბოლქვს აღნიშნავს, რაც ელექტრომობილებისთვისაა დამახასიათებელი.

სედანი ”ფლუენს Z.E.” ევროპული კლასიფიკაციით С კლასში ერთ-ერთი პირველი ავტომობილია, რომელსაც ელექტროძრავი ამუშავებს. მისი მთავარი აგრეგატის სიმძლავრე 94 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 226 ნიუტონმეტრია. ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომელიც თავის მხრივ, შევსებას ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ქსელიდან ღებულობს.

აკუმულატორები სრულად 6-7 საათში იმუხტება, მათი მეშვეობით კი ავტომობილის სვლის სიშორე 160 კილომეტრს აღწევს. ამასთან, ფრანგული კომპანია მალე მას სწრაფი დამუხტვის სისტემითაც აღჭურვავს, რომლის მეშვეობიტაც, ენერგიის სრულად შევსება ნახევარ საათში მოესწრება.

”ფლუენს Z.E.-ს” ფრანგული კომპანიის თურქული, ქალაქ ბურსას ქარხანა გამოუშვებს.

რაც შეეხება ”კანგუ ვა Z.E.-ს”, ის აღჭურვილია 59-ცხენისძალიანი ელექტროძრავით, რომლის მომენტიც 226 ნიუტონმეტრს აღწევს. სვლის სიშორე ამ შემთხვევაშიც 160 კილომეტრია.

სხვათა შორის, ორივე ელექტრომობილის შეკვეთა ევროპაში უკვე შესაძლებელია. შეკვეთების შესრულებას კი ”რენო” მერმისიდან შეუდგება.

ახალი ”ბრილიანს BS2-ის” დებიუტი პეკინში შედგება

Brilliance BS2

17 აპრილი

პეკინის საერთაშორისო მოტორ შოუსთვის, ჩინურმა საავტომობილო კომპანია ”ბრილიანსმა” თავისი კომპაქტურ ჰეჩბეკ BS2-ის ახალი ვერსია მოამზადა. ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები თვლიან, რომ პეკინში წარმოდგენილ შესაბამისი სეგმენტის ავტომობილებს შორის, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპონატი იქნება.

ახალი ”ბრილიანს BS2” თანამედროვე, მიმზიდველი დიზაინით და ფასთან მიმართებაში, აღჭურვის საკმაოდ კარგი დონით გამოირჩევა. განახლებულ ავტომობილს შეცვლილი ფორმის წინა და უკანა ბამპერები აქვს. მისი რადიატორი კი მოქრომილი დეკორითაა შემკული.

ახალი ჰეჩბეკის სალონი ხარისხიანი მასალითაა გაწყობილი და უფრო კომფორტულიცაა, ვიდრე მისი წინამორბედი. ავტომობილისთვის ძველი მოტორებია გათვალისწინებული, რომელთა მუშა მოცულობა 1.3, 1.5 და 1.8 ლიტრია.

”ოპელ მერივა” ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო

Opel Meriva

17 აპრილი

ხერხემლის ჯანმრთელობის საკითხზე სპეციალიზებულ ექიმ თერაპევტთა ასოციაციამ, ”ოპელის” ახალი ”მერივა” ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიიჩნია და მისთვის შესაბამისი სერტიფიკატი გასცა. ახალი ”მერივას” ერგონომიკის გასაუმჯობესებლად, გერმანული კომპანიის ინჟინრებმა მძღოლის და მგზავრების სავარძლები, ზურგის საყრდენი სპეციალური საშუალებებით აღჭურვეს.

ახალი ავტომობილის სავარძლებს გააჩნია სამი სისტემა, რომლებმაც მძღოლის და მგზავრების ზურგისთვის მოხერხებული გარემო უნდა უზრუნველყოს. ერთია სისტემა ”ფლექსსპეისი”, რომელიც უკანა სავარძლებისთვისაა, მეორე სისტემაა ”ფლქსდორზ”, რომელიც წინა და უკანა კარებებს ერთმანეთის საპირისპიროდ ხსნის და ამით, მანქანაში ჩაჯდომასა და იქიდან გადმოსვლას მოსახერხებელს ხდის. მესამე სისტემას კი სპორტული ყაიდის სავარძლების ერგონომიკა წარმოადგენს.

ოპციის სახით, მყიდველს შეუძლია სისტემა ”ფლექსფიქსის” შეძენა, რომელიც ველოსიპედისთვის განკუთვნილ სპეციალურ საბარგულს წარმოადგენს. ამ სისტემის ერგონომიულობა იმაში მდგომარეობს, რომ აღარ იქნება საჭირო ველოსიპედის სახურავის საბარგულზე დამაგრება, რის დროსაც, მანქანის პატრონს შეიძლება ზურგის კუნთი დაეჭიმოს.

”ოპელი” აცხადებს, რომ ის სულ მეორე ავტომწარმოებელია, რომელმაც ზემოთ დასახელებული ასოციაციის სერტიფიკატი მიიღო. პირველი იყო პრემიუმ სეგმენტის გერმანული კომპანია, რომლის დასახელებისგანაც რუსელსჰაიმელები თავს იკავებენ.

”მინოტაურო” - პირველი ელექტრული ”ლამბორგინი”

Minotauro, the First Electric Lambo

17 აპრილი

პრინციპში, ეს ჯერ მხოლოდ სტუდენტური პროექტია, რომელიც მილანის დიზაინის პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტმა ანდრეი ავარვარიიმ, ”ლამბორგინის” მთავარი იჟინრის, ფილიპო პერინის მეთვალყურეობით შექმნა. მაგრამ რა გარანტიაა იმისა, რომ იტალიური კომპანია მალე მსგავს ელექტრომობილს თავის მყიდველს არ შესთავაზებს? თანამედროვე ავტოინდუსტრიაში ხომ ყველაფერი ძალიან მოულოდნელად და სწრაფად ხდება...

პროექტის მიხედვით, ”მინოტაურო” (მინოტავრი) არის ელექტრომობილი, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხი ასინქრონული ელექტროძრავისგან ღებულობს. იმ ძრავების სიმძლავრე, რომლებიც წინა ბორბლებს ინდივიდუალურად ემსახურებიან, 75 ცხენის ძალაა, უკანებისა კი - 175 ცხენის ძალა. ოთხივეს ჯამური სიმძლავრე 500 ცხენის ძალა გამოდის.

გარდა ამისა, ავტომობილი ასევე აღიჭურვება ენერგიის რეკუპერაციის სისტემით (კერს-ი) და ლითიუმის ბრტყელი აკუმულატორების ბლოკით, რომლის გასაგრილებლადაც, იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ ავტომობილებში კაპოტია ხოლმე, ავტომობილს ჰაერის სამკუთხა ამღებები აქვს განლაგებული.

რამდენადაც შიდაწვის V12 ძრავის ადგილი გამოთავისუფლდა, პროექტის ავტორმა ჩათვალა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ამ სივრცეს სალონში მესამე სავარძლისთვის გამოიყენებდა. ამ ადგილზე მოთავსება პირველი მგზავრის მხრიდან შეიძლება. ჰო, ამის ართქმა დანაშაული იქნებოდა - ”მინოტაუროს” იტალიური ფირმის სტილის კარი აქვს, რომელსაც საყრდენი წინ აქვს და რომელიც ქვევიდან ზევით იხსნება. ერთი შეხედვით, ავტომობილი კომპაქტურის შეხედულებას ტოვებს, მაგრამ რეალურად, ის საკმაოდ დიდია. მისი სიგრძე 4604 მილიმეტრია. ანუ, ”მურსიელაგოზე” 6 მილიმეტრით მოკლე.

სანამ პროექტს დაიწყებდა, სტუდენტმა ”ლამბორგინისგან” სამი დავალება მიიღო, რომლებმაც არამხოლოდ ავტომობილის გარეგნობა, არამედ მისი ტექნიკური მხარე და პრაქტიკულობაც განაპირობეს. ესთეტიკური მხარე გულისხმობდა იმას, რომ დიზაინერს ”ლამბოს” თანამედროვე სტილისთვის მომრგვალებული ფორმები უნდა მიესადაგებინა. ტექნიკური დავალება ელექტრომობილის შექმნას ითვალისწინებდა. პრაქტიკულობა კი იმას გულისხმობს, რომ ასეთი ავტომობილის 2020 წელს გამოშვება უნდა იყოს შესაძლებელი.

თავად ავარვარიი კი იმედოვნებს, რომ ეს ავტომობილი ”პლეი სტეიშნის” შემდეგი თაობის თამაშში მოხვდება, რომელიც მოთამაშეს, ჯოისტიკის დახმარებით, რეალურ ტრასაზე რბოლის საშუალებას მისცემს...

Friday, April 16, 2010

”აუდი S8” ”ლამბორგინის” ძრავით

Audi S8

15 აპრილი

”აუდი” წარმოებისთვის თავისი ფლაგმანის, სედან A8-ს” სპორტულ ვერსია S8-ის მოდერნიზებულ ვერსიას ამზადებს, რომელიც ბაზარზე მერმისს გამოჩნდება. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ განახლებული სედანი გარეგნულად თითქმის არ შეიცვლება.

სამაგიეროდ, მისი ძრავების გამას ახალი, ყველაზე მძლავრი აგრეგატი დაემატება. ესაა ორი ტურბოკომპრესორით სღჭურვილი 5.2-ლიტრიანი V10, რომელიც ”ლამბორგინი გალიარდოზე” გამოიყენება (ორივე კომპანია ფოლკსვაგენის ჯგუფში შედის). მოდერნიზაციის შემდეგ, ამ ძრავის სიმძლავრე 600 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 745 ნიუტონმეტრს მიაღწევს.

ახალი S8-ს პრემიერა ან პარიზის ავტო შოუზე ჩატარდება, ან დეტროიტისაზე, რომელიც მერმისს გაიმართება. ავტომობილის გაყიდვები კი 2011 წლის ზაფხულში დაიწყება.

Thursday, April 15, 2010

”მაკლარენის” შეფი ”ბუგატი ვეირონს” ”საზიზღარ ღორს” უწოდებს

McLaren Boss Describes the Bugatti Veyron as "Pig Ugly"

15 აპრილი

”მაკლარენ ავტომოტივის” მთავარმა აღმასრულებელმა რონ დენისმა, ჟურნალ ”არაბიან ბიზნესთან” საუბრისას, ”ბუგატი ვეირონი” საკმაოდ უხამსად მოიხსენიალეგენდარულ სუპერ ავტომობილ F1-ის მწარმოებელი კომპანიის და ფორმულა 1-ის გუნდის პატრონმა მსოფლიოს უძვირესი სერიული ავტომობილი ყველასათვის მოულოდნელი სიტყვებით დაახასიათა.

”შემიძლია ვთქვა, რომ ”ბუგატი ვეირონი” ნაგავია. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ქალში შეიძლება მშვენიერების დანახვა, მაგრამ ”ბუგატი ვეირონს” როცა ვუცქერ, თავში მხოლოდ ერთი აზრი მომდის - ეს საზიზღარი ღორია. ”ვეირონი” ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. უკვე რამდენიმე წელია, ამ მანქანას ვხედავ და მისი ერთი ნაწილიც კი ვერ ვნახე ისეთი, რაც მომეწონება”, - ამბობს დენისი.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ”მაკლარენ ავტომოტივი” მალე დაიწყებს თავის სუპერ ავტომობილ MP4-12C-ის წარმოებას, რომელიც მართალია, ”ვეირონის” კლასის არაა, მაგრამ მაინც მის კონკურენტად მოიაზრება, შეიძლება დენისის ეს სიტყვები მეტოქის მისამართით ნასროლ ქვად ჩავთვალოთ. მაგრამ ასეთი განმარტება მაინც გასაოცარია.

დენისი კი ამას არ სჯერდება და ამბობს, რომ ”ვეირონის” დინამიკური მონაცემები არც ისეთი შთამბეჭდავია, როგორც საყოველთაოდაა მიჩნეული. თავისი შეხედულების გასამყარებლად, დენისს მაგალითად მოჰყავს სატელევიზიო გადაცემა ”ტოპ გიარის” მე-13 სეზონის მეორე ეპიზოდი, რომლის დროსაც, აბუ დაბიში ერთმანეთს ორი სუპერ ავტომობილი - ”ბუგატი ვეირონი” და ”მაკლარენ F1” შეაჯიბრეს.

”აბუ დაბიში ჩვენ ”ვეირონი” არაერთხელ დავამარცხეთ. როგორც ჩანს, გადამღები ჯგუფი ვარაუდობდა, რომ პირიქით იქნებოდა და ისინი გაწბილებულები დარჩნენ. დაახლოებით ათი ცდა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ”ვეირონს” კარგი სტარტი გამოსვლოდა და დაგვწეოდა. მანამდე კი, სტარტის ნიშანზე, მისი საბურავები ადგილზე სრიალებდნენ, როცა ჩვენი მანქანა წინ მიქროდა”, - ყვება დენისი.

”მაკლარენი” MP4-12C-ის წარმოებას მერმისს, წლის დასაწყისში დაიწყებს. დენისი თვლის, რომ ეს ავტომობილი მის კონკურენტებზე მსუბუქი, მძლავრი და კოხტაა და ამიტომ, თავის კლასში საუკეთესოა.

”ჯილიმ” თავისი ლიმუზინი გადააკეთა

Geely GE

15 აპრილი

პეკინის ავტო გამოფენაზე, უდიდესი ჩინური კერძო საავტომობილო კომპანია ”ჯილი”, რომელმაც ახლახანს შვედური ”ვოლვო” შეიძინა, თავისი პრემიუმ კლასის სედანის, GE-ს სახეშეცვლილ ვერსიას წარადგენს.

ცნობისათვის, ”ჯილიმ” ამ ავტომობილის პრემიერა შარშან, შანჰაის საერთაშორისო ავტო გამოფენაზე ჩაატარა. ავტომობილი ძლიერ ჰგავდა ”როლს როისის” სუპერ სედან ”ფანტომს”, რის გამოც, ინგლისურმა კომპანიამ ”ჯილი” პლაგიატში დაადანაშაულა და მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

იმისათვის, რომ პრობლემები თავიდან აეცილებინა, ”ჯილიმ” გადაწყვიტა, რომ თავისი ლიმუზინისთვის გარეგნობა შეეცვალა. შედეგი ისეთია, როგორიც ”როლს როისს” აბსოლუტურად დააკმაყოფილებს - ახალი GE მომრგვალებული ფორმებით გამოირჩევა და ”ფანტომს” აღარაფრით მოგვაგონებს.

ამ ავტომობილის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ”ჯილი” პეკინური გამოფენისთვის ინახავს.

პეკინში JAC-ი ”ტოიოტა iQ-ს” კონკურენტს წარადგენს

JAC Vision IV Concept

15 აპრილი

პეკინის საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე, ჩინური საავტომობილო კომპანია ”ძიანჰუაი ავტომობილი” (JAC) კონცეპტუალურ მინი ჰეჩბეკ ”ვიჟნ IV კონცეპტს” წარადგენს. ეს არის ახალი მინი ავტომობილის პროტოტიპი, რომელსაც გამონაბოლქვში CO2-ის მცირე შემცველობა აქვს.

ავტომობილი, რომლის დიზაინიც JAC-ის იტალიელმა დიზაინერებმა დაამუშავეს, გაბარიტებით ახლოსაა ”ტოიოტას” ცნობილ ჯუჯა iQ-სთან, რომლის ბაზაზეც ავტომობილის გამოშვებას მალე ”ასტონ მარტინიც” კი დაიწყებს.

ავტომობილი ელექტროძრავისა და მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავის ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რაც ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს და გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებს. ჯერჯერობით, ამ ავტომობილის შესახებ, რაიმე ტექნიკური მახასიათებლები არ ქვეყნდება.

Tuesday, April 13, 2010

ლონდონური ქები ჩინური ”ჯილისგან”

Geely Englon TXN

13 აპრილი

ჩინურმა საავტომობილო კომპანია ”ჯილიმ”, რომელიც ახლახანს შვედური ”ვოლვოს” მფლობელი გახდა, პეკინის საავტომობილო შოუსთვის კონცეპტუალური მოდელი ”ენგლონ TXN” შექმნა და მის შესახებ მწირი ინფორმაცია და ფოტოები, გამოფენის დაწყებამდე გამოაქვეყნა. ეს ავტომობილი იმითაა საინტერესო, რომ მალე მან ცნობილი ლონდონური შავი ქები უნდა შეცვალოს.

ამჟამად ლონდონურ ტაქსის კომპანია ”მანგანეს ბრონზ ჰოლდინგსის” შტო ”ლონდონ ტაქსის ინტერნეიშნლი” აწარმოებს. ”მანგანეს ბრონზ ჰოლდინგსის” აქციების 19.9 პროცენტი ”ჯილის” ეკუთვნის. მაგრამ ჩინური კომპანია ამას არ სჯერდება და მისი აქციების საკონტროლო პაკეტის დაუფლებას აპირებს.

ცნობისათვის, ”ლონდონ ტაქსის ინტერნეიშნლი” ლონდონურ ქებს 1948 წლიდან აწარმოებს. მისი ქარხანა, სადაც ქების ძარებს ამზადებენ, ქოვენთრიში მდებარეობს, თუმცა მას შემდეგ, რაც ”ჯილი” ”მანგანეს ბრონზს” დაეუფლება, ახალი ავტომობილის წარმოებას ალბათ ჩინეთში გადაიტანს. ამის გამო, ქოვენთრის ქარხანაში სამუშაო ადგილს 60 ადამიანი დაკარგავს. თუმცა, ამ ქარხანაში ტრადიციული ქების გამოშვება კვლავაც გაგრძელდება.

”ჯილიმ” და ”მანგანეს ბრონზმა” ქების შანჰაიში წარმოების შესახებ ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ახალ საწარმოში ჩინური კომპანია 100 მილიონ დოლარს დააბანდებს. ამასთან, ერთობლივ საწარმოში ბრიტანული კომპანიის წილი 38 პროცენტი იქნება. შანჰაის ქარხანაში წლიურად დაახლოებით 20 000 ავტომობილის წარმოება იგეგმება. შედარებისთვის, ბრიტანული ქარხნის წარმადობა მხოლოდ 2 500 ავტომობილია.

”ფიატ 500C” - კაბრიოლეტი ”დიზელისგან”

Fiat 500C by Diesel

13 აპრილი

იტალიურმა კომპანიებმა - ”ფიატმა” და ჯინსების მწარმოებელმა ”დიზელმა” ერთობლივად შეიმუშავეს პოპულარულ მოდელ 500-ის კაბრიოლეტის ძარიანი ვერსიის ახალი დიზაინი, რომლის სახელწოდებასაც ”დიზელი” დაერთვება. ავტომობილის პრეზენტაცია იაპონიაში, ”ფიატ კაფე ინ აოიამაში” (ტოკიო) ჩატარდა და მას ”დიზელის” დამაარსებელი, რენცო როსოც დაესწრო.

”ფიატ 500C დიზელი” ევრო 5 სტანდარტის შესაბამის ოთხ ძრავს მიიღებს. ესენია: 1.2-ლიტრიანი 69 ცხენის ძალით, 1.4-ლიტრიანი და 16-სარქველიანი 100 ცხენის ძალით, 1.3-ლიტრიანი მულტიჯეტი 75 ცხენის ძალით და 1.3-ლიტრიანი მულტიჯეტი 95 ცხენის ძალით. ძრავებს 5, ან 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფები შეუწყვილდება.

ავტომობილი ფერების სამი კომბინაციით შეიღებება. ერთია მწვანე შავი სახურავით, მეორე შავი წითელი, ან შავი სახურავით და მესამე - ლურჯი (ეგრეთ წოდებული შუაღამის ინდიგო) სპილოს ძვლისფერი სახურავით. ეს უკანასკნელი ”დიზელის” სპეციალისტებმა შეიმუშავეს და სწორედ ჯინსის ფერს მოგვაგონებს.

ავტომობილის ექსტერიერის გასაფორმებლად უხვადაა გამოყენებული ქრომირებული დეტალები. ქრომის სიუხვე სალონშიც შესამჩნევია. ავტომობილი მისთვის უზარმაზარ, 16-დუიმიან, ორიგინალური დიზაინის ბორბლებზე დგას, რომელთა შიგნითაც, (ყველაზე მძლავრი ძრავით აღჭურვილ ვერსიაზე) ყვითელი ფერის სამუხრუჭე სუპორტები (დამჭერები) ჩანს.

ბორბლების ცენტრში, გადაცემათა კოლოფის საფეხურების გადამრთველ ბერკეტსა და ძარის სახურავის ცენტრალურ საყრდენებზე, ”დიზელის” ემბლემებია გამოსახული, რაც ავტომობილის ექსკლუზიურობას უსვამს ხაზს. სავარძლები ჯინსის მსგავსი ნაჭრითაა შეკერილი, რომლებსაც, ჯინსისვე სტილში, ნაკერები ყვითელი ძაფით აქვს გაკეთებული.

”ფიატი” ამ ავტომობილს მთელს მსოფლიოში გაჰყიდის. მის გაყიდვებს კი მაისში, იტალიაში დაიწყებს. ”ფიატ 500C დიზელის” საბაზო ღირებულება 18 000 ევრო იქნება.

ავტომობილი, რომელიც ჟანგბადს გამოჰყოფს

SAIC’s Leaf Concept Car

13 აპრილი

ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ავტომობილის გამონაბოლქვზე უმკაცრეს სტანდარტებს აწესებენ. უფრო მეტიც, მათ, ვინც ამ სტანდარტებს ვერ დაიცავს, სერიოზული ჯარიმების გადახდა მოუწევს. ავტომწარმოებლების ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი პროდუქცია ახალ, უაღრესად მკაცრ მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე მათგანს ისეთი ავტომობილი შეექმნას, რომელიც ჰაერში გამონაბოლქვის სახით ჯანგბადს გამოჰყოფს. უფრო სწორედ, პირველი ასეთი შემთხვევის მომსწრენი, პეკინის საავტომობილო შოუს დამსწრენი გახდებიან. კომპანიას კი, რომელიც ასეთი უჩვეულო ქმნილებით გაგვაოცებს, ”შანჰაი ავტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნი” (SAIC) ჰქვია.

იმ კონცეპტუალური ავტომობილის შესახებ, რომელიც SAIC-მა პეკინური ავტო რანდევუსთვის მოამზადა, პირველი ინფორმაცია და ფოტოები ჩინურმა საინტერნეტო გამოცემა ”ჩაინა ქარ ტაიმსმა” გამოაქვეყნა. მისი ცნობით, ღია ავტომობილს მეტად უჩვეულო სახურავი აქვს, რომლის მთავარი დანიშნულებაც ჟანგბადის გამომუშავებაა. სახურავს ფოთლის ფორმა აქვს და მართალია, SAIC-ი მისი მუშაობის პრინციპის შესახებ არაფერს გვეუბნება, თუმცა აშკარაა, რომ ის ფოთლისვე პრინციპით (ფოტოსინთეზით) ახერხებს ჟანგბადის გამოყოფას. ჰო, მართლა, ავტომობილს სახელადაც ”ლიფ” (ფოთოლი) შეარქვეს.

”SAIC ლიფი” ელექტრომობილია. ის ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ენერგიით აკუმულატორების ბლოკი კვებავს. თავის მხრივ, აკუმულატორები ენერგიას სახურავ-ფოთოლზე დამონტაჟებული ფოტოელემენტებიდან ივსებენ. გარდა ამისა, ენერგიის შევსებასვე ემსახურება ქარის მცირე ზომის ტურბინები, რომლებიც ამ უჩვეულო ავტომობილის ბორბლებშია განლაგებული.

პეკინური გამოფენის დაწყებამდე, SAIC-ი თავისი უჩვეულო ავტომობილის შესახებ არანაირ ტექნიკურ ინფორმაციას არ ავრცელებს.

Monday, April 12, 2010

ბუგატი ტაიპ 46S რაინბოლდტ უნდ კრისტი

Bugatti Type 46S Reinboldt & Christie Cabriolet

12 აპრილი

ეტორე ბუგატიმ თავისი ყველაზე დიდი ოცნება - შეექმნა ულტრა ლუქსის კლასის ავტომობილი, პირველად 1929 წელს აისრულა, როდესაც მოდელი ”ტაიპ 41 როიალი” დაამზადა. მაგრამ ეს ავტომობილი უზარმაზარი, 8-ცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ვილინდრებით) 12-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომლის მუშა მოცულობაც ოთხჯერ და მეტად აღემატებოდა კომპანიის ძრავების გამაში ყველაზე დიდი აგრეგატისას.

დიდი ძრავი სერიოზულ პრობლემას ქმნიდა, როდესაც კაპოტქვეშ მისი განლაგების დრო დგებოდა. ამიტომ, ეტორემ სასწრაფოდ შეიმუშავა უფრო ზომიერი და არანაკლებ მდიდრული ავტომობილი - ”ტაიპ 46, რომელიც რეალურად, გიგანტური ”როიალის” დაპატარავებული ვერსია იყო, რის გამოც, მას ხშირად ”პეტიტ როიალს” (პატარა როიალს) უწოდებდნენ.

ისევე როგორც ”როიალი”, ”ტაიპ 46-იც” 8-ცილინდრიანი აგრეგატით აღიჭურვა, ოღონდ მისი მუშა მოცულობა ”მხოლოდ” 5.3 ლიტრი იყო. მართალია, ისეთივე კონსტრუქცია ჰქონდა, როგორიც წარმატებულ სარბოლ ”ტაიპ 35-ის” ძრავს, მაგრამ ეს აგრეგატი მაინც მოკრძალებული სიმძლავრით გამოირჩეოდა - მისი მაქსიმუმი სულ რაღაც 140 ცხენის ძალას შეადგენდა. სამაგიეროდ, დგუშის დიდი სვლის წყალობით, დაბალ ბრუნთა რიცხვებზევე შეეძლო მაღალი მაბრუნი მომენტის განვითარება. ძრავს ერთადერთი გამანაწილებელი ლილვი ჰქონდა, რომელიც თითო ცილინდრში სამ-სამ სარქველს ემსახურებოდა. ამ სამიდან ორი შემშვები იყო, ერთი კი - გამომშვები.

”ტაიპ 46-ის” შასიც ”ბუგატის” სტილში იყო შესრულებული. მზიდი სისტემა ფოლადისგან იყო შეკრული, საკიდარის ძირითადი დრეკადი ელემენტის მოვალეობას კი ფოლადის დრეკადი ღერძები ასრულებდნენ. გარდა ამისა, წინა საკიდარში რხევების ჩაქრობას ნახევრად ელიპტიკური, უკან კი მეოთხედელიპტიკური რესორები ემსახურებოდა.

”ბუგატიმ” კონსერვატიზმი სამუხრუჭე სისტემასთან დაკავშირებითაც შეინარჩუნა. კერძოდ, დოლური მუხრუჭების მართვა ისევ კაბელების მეშვეობით ხორციელდებოდა. ეს იმ დროს, როდესაც ფრანგული კომპანიის თითქმის ყველა კონკურენტი უკვე ჰიდრავლიკურ სისტემებს იყენებდა. ამასთან, წინა მუხრუჭებს ერთი ცუდი თვისება ჰქონდა - დრეკადი ღერძის გრეხვის დროს, მუხრუჭი თავისით მოქმედებდა, რაც მძღოლს ბევრ პრობლემას უქმნიდა. ამის აღმოსაფხვრელად, ინჟინრებმა სპეციალური სისტმა შეიმუშავეს, რომელიც თვითდამუხრუჭებას ხელს უშლიდა.

ისევე როგორც ”როიალი”, ”ტაიპ 46-იც” სამსაფეხურიანი კოლოფით აღიჭურვა, რომელთანაც უშუალოდ იყო დაკავშირებული დიფერენციალი. ვერავინ იტყვის, რამ აიძულა ”ბუგატის” ინჟინრები, რომ მათ ასეთი უჩვეულო კონსტრუქცია გამოეყენებინათ, რომლის მსგავსიც სხვა არცერთი კომპანიის არცერთ ავტომობილზე არ გვხვდებოდა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ეტორე ბუგატის იდეა ფიქსი იყო, რომ ის და მისი მანქანები სხვებისგან გამორჩეულები უნდა ყოფილიყვნენ.

”ბუგატიმ” თავისი ახალი ლუქსის კლასის ავტომობილი 1929 წლის პარიზისა და ლონდონის საავტომობილო შოუებზე გამოფინა. ”ტაიპ 46, თავისი 3.5-მეტრიანი ბაზით, აშკარად არ იყო პატარა ავტომობილი, თუმცა გაბარიტებით, ”როიალთან” ახლოსაც ვერ მიდიოდა. სამაგიეროდ, ”როიალისგან” განსხვავებით, პირველივე ჩვენების შემდეგ, პოპულარული გახდა - ”ბუგატიმ” მასზე არაერთი შეკვეთა მიიღო. ოღონდ, ამ შეკვეთებს ”ბუგატი” მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებდა - ფრანგული კომპანია მხოლოდ სრულად დაკომპლექტებულ შასის აწარმოებდა. დანარჩენ საქმეს კი ”ბუგატის” პარტნიორი (ქოუჩბილდერ) კომპანიები ასრულებდნენ, რომლებიც ძარების წარმოებაზე იყვნენ სპეციალიზებულნი. ძარების მხრივ კი არჩევანი დიდი იყო - მყიდველს შეეძლო შეეკვეთა სედანი, კუპე, კაბრიოლეტი და სხვა ტიპის, იმ დროს გავრცელებული ძარები.

სხვათა შორის, ეტორე ბუგატის შვილი ჟანი სწორედ დიზაინის საქმეში გაიწაფა და არაერთი საინტერესო პროექტითაც გამოიჩინა თავი. ის თავისი მამის ავტომობილებისთვის მეტწილად სპორტული სტილის აეროდინამიკურ (ნოჩბეკებს და ჰანჩბეკებს) ძარებს ამზადებდა. თუმცა, ”ბუგატის” არასპორტული ავტომობილების უმეტესობა მაინც კონსერვატიული, ტრადიციული დიზაინით გამოირჩეოდა.

1931 წელს, ”ტაიპ 46-ის” ძარების გამას სპორტული ვერსია დაემატა, რომელსაც ამის აღსანიშნავად, სახელწოდებაში ასო S მიუწერეს. ძარის გარდა, სტანდარტული ვერსიისგან ამ მოდელს ისიც განასხვავებდა, რომ მის ძრავს მექანიკური დამჭირხნი ემსახურებოდა. კომპანია ”ზენიტის” კარბურეტორებისა და ”რუტსის” დამჭირხნის დახმარებით, ძრავის სიმძლავრე 20 ცხენის ძალით გაიზარდა. ეს არ გამოდგა სიმძლავრის საკმარისი ზრდა იმისათვის, რომ მყიდველს მასში ზედმეტი თანხა გადაეხადა. ამიტომ, ”ტაიპ 46 S-ზე” კომპანიამ მხოლოდ 20 შეკვეთა მიიღო.

”ტაიპ 46 S-ის” პარალელურად, მალე ”ბუგატიმ” ახალი ლუქს მოდელის, ”ტაიპ 50-ის” წარმოებაც დაიწყო. ესეც პრაქტიკულად იმავე შასიზე იყო ბაზირებული, რომელსაც კომპანია ”როიალისა” და ”ტაიპ 46-ის” წარმოებისას იყენებდა. სამაგიეროდ, ძრავი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამჯერად, კაპოტქვეშ განალაგეს რვაცილინდრიანი ძრავი, რომლსაც ორი გამანაწილებელი ლილვი ჰქონდა. მისი მუშა მოცულობა 5.0 ლიტრამდე შემცირდა, თუმცა მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, ის 200 ცხენის ძალას იძლეოდა.

”ტაიპ 46-ის” და ”ტაიპ 50-ის” წარმოება 1936 წლამდე გაგრძელდა, მერე კი კომპანიამ ისინი სრულიად ახალი ავტომობილით - ”ტაიპ 57-ით” შეცვალა. მართალია, ეს უკანასკნელი ”ბუგატის” უშუალო კონკურენტ ”დელაჟის” ანალოგიურ მოდელზე თითქმის ორჯერ ძვირი ღირდა, თუმცა ”ბუგატიმ” მაინც 400 ცალი ”პეტიტ როიალის” გაყიდვა შეძლო.

სამწუხაროდ, დღეს ეტორე ბუგატის საყვარელი მოდელის სულ რამდენიმე ეგზემპლარიღაა შემორჩენილი, რომლებიც მეტწილად კერძო კოლექციონერების ფარეხებში დგანან.

”ჰამერის” შეძენა ამერიკულ კომპანიას სურს

Hummer

12 აპრილი

მას შემდეგ, რაც ჩინურ ინდუსტრიულ გიგანტ ”სიჩუან ტენჯონს” ”ჰამერის” მიყიდვაზე უარი უთხრა, ”ჯენერალ მოტორსმა” უგზოობის ავტომობილების ამ მარკის ლიკვიდაციაზე დაიწყო ზრუნვა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ბოლო მომენტში მაინც გადაიფიქროს და ”ჰამერს” ახალი პატრონი შეურჩიოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რეალური მყიდველი გამოჩნდება.

”ჰამერის” შეძენა დღესაც რამდენიმე კომპანიას სურს, რომელთა შორისაცაა ამერიკული ”რეიზერ ტექნოლოჯიზი”. ამ კომპანიას ”გენერლებისთვის” ”ჰამერის” შეძენის საკითხზე უკვე ორჯერ მიუმართავს, მაგრამ ორივე შემთხვევაში უარი მიიღო. პირველ შემთხვევაში, ეს იმის გამო მოხდა, რომ ”ჯენერალ მოტორსი” მოლაპარაკებას ”სიჩუან ტენჯონთან” აწარმოებდა. მაგრამ ეს მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, რადგან ჩინეთის კანონმდებლებმა ჩინური კომპანიისგან ”ჰამერის” შეძენის პერსპექტივა არ მოიქონეს.

ჩინელებთან მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ, ”რეიზერ ტექნოლოჯიზმა” ”ჯენერალ მოტორსს” კიდევ ერთხელ მიმართა. მისი ხელმძღვანელობა მზად იყო, ”ჰამერში” იმაზე მეტი თანხა გადაეხადა, ვიდრე ჩინური კომპანია იხდიდა (სიჩუან ტენჯონი ჰამერს 150 მილიონ დოლარად ყიდულობდა).

”რეიზერ ტექნოლოჯიზი” შტატ იუტაშია ბაზირებული და მისი საქმიანობის ძირითადი სფერო ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა წყაროების (უფრო კონკრეტულად, გეოთერმული წყლების გამოყენება) ათვისებაა. კომპანიის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ”ჰამერის” შეძენის შემთხვევაში, მას ”მწვანე” ბრენდად გადააქცევს, რაშიც მას საკუთარ ბიზნესში დაგროვილი გამოცდილება დაეხმარება.

სხვათა შორის, ”რეიზერ ტექნოლოჯიზმა” შარშან ჰიბრიდული ”ჰამერ H3-ის” პროტოტიპი დაამზადა, რომელიც ერთ-ერთმა პირველმა შტატ კალიფორნიის გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა გამოსცადა (სურათზე).

”დაიმლერმა” და ”რენო-ნისანმა” ალიანსი ჩამოაყალიბეს

Renault-Nissan, Daimler announce alliance

12 აპრილი

7 აპრილს, ტოკიოში, ”დაიმლერმა” ერთის მხრივ და ”რენოსა” და ”ნისანის” ალიანსმა მეორეს მხრივ, ახალი გლობალური ალიანსი ჩამოაყალიბეს. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ისინი ერთმანეთს თავიანთ აქციებს გაუცვლიან და რაც მთავარია, კომპაქტური და კომერციული ავტომობილების, ასევე მომავლის ძრავების შემუშავებაზე ითანამშრომლებენ.

შეთანხმების მიხედვით, ”დაიმლერი” ”რენოსა” და ”ნისანის” აქციების 3.1-3.1 პროცენტს დაეუფლება, თავის მხრივ კი თითოეულს თავისი ავტომწარმოებელი შტოს აქციების 1.55 პროცენტს გადასცემს. სქციების პროპორციულად გადანაწილების საკითხი იყო ბოლო წინაღობა, რომლის გადალახვის შემდეგაც, სამმა ავტომწარმოებელმა ახალი ალიანსის ჩამოყალიბება შეძლო.

ალიანსის შექმნა თავიდანვე იყო ”რენოსა” და ”ნისანის” მთავარი აღმასრულებლის, კარლოს გონის იდეა, რომელიც ამ გხით, საწარმოო ხარჯების შემცირებას და ამ გზით, ბიზნესის რენტაბელობის გაუმჯობესებას ესწრაფვის. ამ ეტაპზე, ალიანსის მთავარი მიზანი ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაა, რომელიც სამივეს გამონაბოლქვზე ახალი, მეტად გამკაცრებული სტანდარტების დაკმაყოფილებას შეაძლებინებს.

ამგვარად, წელს ავტოსამყაროში სამი ახალი ალიანსი წარმოიქმნა. პირველი ორი ”ფიატმა” და ”კრაისლერმა”, ასევე ”ფოლკსვაგენმა” და ”სუზუკიმ” ჩამოაყალიბეს. და ამ ალიანსების შექმნის მთავარი მიზანიც საწარმოო დანახარჯების, ახალი ტექნოლოგიების და ავტომობილების შემუშავების ღირებულების შემცირებაა.

ცნობისათვის, ფრანგულმა ”რენომ” და იაპონურმა ”ნისანმა” ალიანსი 1999 წელს ჩამოაყალიბეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ალიანსი სხვადასხვა ქვეყნების ავტომწარმოებელთა შორის. ”დაიმლერკრაისლერისგან” განსხვავებით, ”რენო-ნისანის” ალიანსი გამართულად მუშაობს და ორივე კომპანიისთვის დიდი ხეირი მოაქვს.

აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ, ”რენო-ნისანს” ალიანსის ამერიკულ კომპანიასთან ჩამოყალიბება სურდა. მაშინ, ამერიკელ მილიარდერ კირკ კერკორიანის შუამდგომლობით, პარტნიორად ”ჯენერალ მოტორსი” შეირჩა, მაგრამ ხანგრძლივ მოლაპარაკებათა შემდეგ, მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა. ”გენერლებმა” კრახისგან თავი მართვადი გაკოტრებით და სახელმწიფოსგან უზარმაზარი კრედიტის აღებით გადაირჩინეს, ”რენო-ნისანის” შეფმა გონმა კი ამერიკის ნაცვლად, ახალი პერტნიორი ძველ კონტინენტზე მოძებნა.

”კანონმდებლებისა და მომხმარებლების მხრიდან, მუდმივად ვგრძნობთ ახალი ტექნოლოგიების შემუშავების აუცილებლობას. ამიტომ, აუცილებელია მუდმივად სიახლეების, მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავება, რათა კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ, ამ საქმეში კი დიდ კომპანიებს შორის თანამშრომლობას მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია”, - ამბობს გონი.

”დაიმლერის” მთავარი აღმასრულებელი დიტერ ცეტშე ამბობს, რომ ამ ალიანსით, მისი კომპანია მხოლოდ მოგებული დარჩება: ”ჩვენი შესაძლებლობები ერთმანეთის მოთხოვნილებებს საუკეთესოდ მიესადაგება. ამ მომენტიდან, ჩვენ კომპაქტური ავტომობილების სეგმენტსა და გამონაბოლქვში CO2-ის შემცირების საქმეში, ჩვენი კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გავზარდეთ და ამას ხანგრძლივი ეფექტი ექნება”.

გონის თქმით, ”დაიმლერთან” მჭიდრო თანამშრომლობა მის ორივე კომპანიას უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, მინიმუმ 2 მილიარდ ევროს დაუზოგავს. მომავალში კი ალიანსის ფინანსური ეფექტი კიდევ უფრო სოლიდურ თანხებს მიაღწევს. დაახლოებით იგივე ხეირის მოლოდინშია ცეტშეც.

ალიანსის შექმნასთან დაკავშირებულ პრეს კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ამჯერად, ”დაიმლერი” დაზღვეულია იმისგან, რომ ”კრაისლერთან” განცდილი წარუმატებლობა კვლავ გამოსცადოს. ამასთან, ისიც დასძინა, რომ ამერიკულ კომპანიასთან ალიანსის ჩაშლის მთავარი მიზეზი ერთობლივი პროექტების არგანხორციელება გახდა. ამასთან, ”რენო-ნისანთან” აქციების მინორული პაკეტების გაცვლას მან სიმბოლური უწოდა.

”როდესაც ჩვენ ”კრაისლერთან” გავერთიანდით, მაშინ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ბევრი არ გვიფიქრია. ამიტომ, ეს სრულიად არაფრის მომტანი გაერთიანება გახდა და ამის გამო დაიშალა. ამჯერად კი სულ სხვა მიზნები გვამოძრავებს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც სპეციფიკურ პროექტებზე ერთობლივად ვმუშაობთ”, - ამბობს ცეტშე.

ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელსაც ახალი ალიანსის წევრები ერთობლივად შეიმუშავებენ, შემდეგი თაობის ”სმარტ ფორ თუ” და ”რენო ტვინგოა”, რომლებიც ერთ პლატფორმაზე აიგება. ორივე ავტომობილის ბაზარზე გამოჩენა 2013 წელს არის მოსალოდნელი და დებიუტისთანავე, ორივე ელექტროძრავებით იქნება აღჭურვილი.

კომპაქტური ავტომობილების გარდა, ახალი ალიანსის წევრები მცირელიტრაჟიან, ბენზინის და დიზელის სამ და ოთხცილინდრიან ძრავებსაც შეიმუშავებენ. ამ ძრავებს ორივე კომპანია კომპაქტურ ავტომობილებში გამოიყენებს. პარალელურად, ”ნისანის” პრემიუმ ბრენდი ”ინფინიტი” ”მერსედეს ბენცის” ოთხ და ექვსცილინდრიან ბენზინის და დიზელის ძრავებს თავის მოდელებზე გამოიყენებს. გონის თქმით, ამ ძრავების დახმარებით, ”ინფინიტი” აშშ-ის, ჩინეთისა და განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაიმყარებს პოზიციებს.

თანამშრომლობა ასევე მსუბუქ კომერციულ ავტომობილებსაც შეეხება. ამ შემთხვევაში საბაზო გახდება ”რენოს” ვენი, რომლის ბაზაზეც, ”მერსედესი” საკუთარ ვენს 2012 წელს გამოუშვებს. ამავე ვენისთვის, გერმანული კომპანია ”რენო-ნისანისგან” დიზელის ძრავებსაც შეიძენს.

გონი და ცეტშე ამბობენ, რომ ალიანსის ჩამოყალიბება აქციების გაცვლის გარეშეც შეიძლებოდა, თუმცა პაკეტების გაცვლით, ისინი ერთმანეთს პარტნიორობის მოტივაციას გაუძლიერებენ. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მათ აქციების უფრო მსხვილი პაკეტები არ გაცვალეს.

Sunday, April 11, 2010

ყველა დროის ყველაზე სწრაფი ”ფერარი”

Ferrari 599 GTO

11 აპრილი

სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია ”ფერარიმ” ინტერნეტით თავისი ახალი მოდელის, 599 GTO-ს (გრან ტურიზმო ომოლოგატას) შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა. ამ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ეს არის მარანელოელთა ისტორიაში ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილი.

”ფერარი” ამ ავტომობილს შეზღუდული ტირაჟით, 599 ცალს დაამზადებს. მის მსოფლიო პრემიერას კი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდსა და უდიდეს ავტობაზარზე - ჩინეთში, პეკინის მოტორ შოუს დროს ჩაატარებს.

”ფერარი 599 GTO” 6.0-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც დაახლოებით 670 ცხენის ძალას (8 250 ბრ/წთ-ზე) და 620 ნიუტონმეტრს (6 500 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ეს აგრეგატი აქამდე ”ფერარი 599 GTB ფიორანოზე” გამოიყენებოდა. ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი, რომელიც გადაცემების 60 მილიწამში გადართვას უზრუნველყოფს.

ავტომობილი 1605 კილოგრამს იწონის, რაც მისი წინამორბედის წონაზე 85 კილოგრამით ნაკლებია. წონისა და სიმძლავრის ფარდობა კი, თითოეულ ცხენის ძალაზე 2.23 კილოგრამს შეადგენს. ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 17.5 ლიტრი ბენზინი სჭირდება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს 411 გრამი CO2-ით აბინძურებს.

”ფერარის” მონაცემებით, 599 GTO-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.35 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ია. რელიზში ასევე მითითებულია, რომ ეს ავტომობილი ფიორანოს სარბოლი ტრეკის ერთ წრეს წუთსა და 24 წამში გადის, რაც 2.5 წამით ნაკლებია იმ დროზე, რაც იმავე წრის გასავლელად, ”599 GTB ფიორანოს” სჭირდება.

გაუმჯობესებული აგრეგატების გარდა, ყველაზე სწრაფი ”ფერარი” ასევე აღჭურვილია აეროდინამიკური ელემენტებით, რომელთა მსგავსებიც პირველად მარანელოელებმა სატრეკო მოდელ ”ფერარი 599XX-ზე” გამოიყენეს. მაგალითად, ესაა წინა და უკანა ბამპერების ქვეშ მოთავსებული ჰაერის ამღებები და ”სასუნთქები” (უკანას შემთხვევაში), კაპოტში ამოჭრილი დამატებითი სავენტილაციო ღრიჭოები, უზარმაზარი უკანა დიფუზორი და ახალი უკანა სპოილერი. რელიზში ნათქვამია, რომ ამ ელემენტების წყალობით, 200 კმ/სთ სიჩქარეზე, ავტომობილის დინამიკური დატვირთვა დაახლოებით 144 კილოგრამით იზრდება.

ახალი ავტომობილი ასევე აღჭურვილია მოდერნიზებული სამუხრუჭე სისტემით, რომლის წინ 398-მილიმეტრიანი, უკან კი 360-მილიმეტრიანი დისკოებია განლაგებული. ავტომობილი 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 285/30 (წინ) და 315/35 (უკან) საბურავებითაა შემოსილი.

ერთადერთი ინფორმაცია, რომლის შესახებაც მარანელოელები ჯერჯერობით სდუმან, 599 GTO-ს ფასია. სამაგიეროდ, დასავლური ავტორიტეტული გამოცემები ვარაუდობენ, რომ ავტომობილის საბაზო ღირებულება 267 136 ევრო იქნება.