ფორმულა 1 გახლეჩას გადაურჩა
Formula 1
24 ივნისი
დღეს პარიზში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) შტაბ-ბინაში, ფორმულა ერთის ბედი წყდება - ფედერაცია ავტოსპორტის მსოფლიო საბჭოს სხდომას მართავს, რომლის მთავარი საკითხიც ფორმულა 1-ის მომავალზე მსჯელობაა. საბჭოზე მონაწილეობას ფედერაციის პრეზიდენტი მაქს მოსლი და მისი მთავარი ოპონენტები - ფორმულა 1-ის გუნდების ასოციაციის (FOTA) წევრებიც მიიღებენ.
შეხვედრის დაწყებამდე კი მოსლი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ ახარა, რომ მოქიშპე მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და რომ ფორმულა ერთს ორ მეტოქე სერიად დაყოფა აღარ ემუქრება.
”ჩვენ კვლავაც ერთიან ჩემპიონატს ჩავატარებთ. რიგ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. რაც მთავარია, შევთანხმდით ხარჯების შეკვეცის საკითხზე. FOTA-ს წევრმა გუნდების შემწეობით, ჩვენ გამოსავალს მივაგენით. მიზნად კი ყველანი ერთად ხარჯების შემცირებას ვისახავთ. მიღწეული შეთანხმებით, ორ წელიწადში, ხარჯები 90-იანი წლების დასაწყისის დონეზე უნდა ჩამოვიდეს”, - განაცხადა მოსლიმ, ვინც ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრასაც აღარ აპირებს და ეს გუნდების წინაშე გაწეული კომპრომისის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია.
არაოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ მოსლი, FOTA-ს აღმასრულებელი და ”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა კორდერო დი მონტეძემოლო და ფ1-ის კომერციულ უფლებათა გამგებელი ბერნი ეკლსტოუნი წუხელ და დღეს დილით, რამდენჯერმე შეხვედრიან ერთმანეთს და ინტენსიური მოლაპარაკება გაუმართავთ.
მიღწეული შეთანხმებით, გუნდები უარს იტყვიან ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზებაზე და თანხმობის ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რომელიც 2012 წლამდე იმოქმედებს. შეხვედრების შედეგით კმაყოფილი დარჩა ეკლსტოუნი, ვისი თქმითაც, ”საღმა აზრმა გაიმარჯვა”.
ავტოსპორტის მსოფლიო საბჭოს სხდომა მოგვიანებით დასრულდება და სავარაუდოდ, მასზე ფორმულა ერთის მომავალი გადაწყდება.
სურათზე: მაქს მოსლიმ ფაქტობრივად, მარცხი აღიარა
No comments:
Post a Comment