ელექტრო ”სმარტი” წარმოებისთვის მზადაა
Electric smart
24 ივნისი
”დაიმლერმა” დაასრულა ბრიტანეთის გზებზე თავისი ელექტრული ”სმარტის” საგზაო ტესტირება და მათ შედეგებზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ ასეთი ავტომობილები შეზღუდული ტირაჟით 2010 წლიდან აწარმოოს.
ავტომობილი აღჭურვილია 40-ცხენისძალიანი ელექტროძრავით, რომელიც ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვილი ელექტროენერგიით სარგებლობს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 50 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად კი მას 6.5 წამი ჰყოფნის. ელექტრო ”სმარტის” ტრანსმისია საფეხურების შეცვლას არ საჭიროებს და ამდენად, ქალაქში მისი მართვა უმარტივესი საქმეა.
ბრიტანეთის გარდა, ”დაიმლერი” თავისი (მეორე თაობის) ელექტრო ”სმარტის” საჩვენებელ გამოცდებს რომში, მილანში, პარიზსა და აშშ-ის რამდენიმე დიდ ქალაქში გეგმავს, რის შემდეგაც, ამ ავტომობილს იქაურ მომხმარებელსაც (მეტწილად კორპორატიულს) მიაწვდის. მეორე თაობის ელექტრო ”სმარტს” წინამორბედთან შედარებით, სვლის გაზრდილი სიშორე ექნება, სრულად დასამუხტად მას ნაკლები დრო დასჭირდება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მას გაუმჯობესებული დინამიკური მახასიათებლები ექნება.
ისევე როგორც სხვა ელექტრომობილებს, ელექტრო ”სმარტსაც” არ აქვს სანთლები, ზეთის ფილტრი, გამოსაბოლქვი სისტემა, არ საჭიროებს ზეთის პერიოდულ შეცვლას და სხვა, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის საჭირო სერვისს. გარდა ამისა, ეს ავტომობილი ენერგიას საყოფაცხოვრებო ქსელიდან ივსებს, რის გამოც, ის ეგრეთ წოდებულ პლაგ-ინ კლასს მიეკუთვნება. ავტომობილს შედარებით მცირე რაოდენობით მოძრავი ნაწილები აქვს, რისი წყალობითაც, მას ნაკლები მომსახურება და მოვლა ესაჭიროება. შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდება (შიდაწვისძრავიან სმარტთან შედარებით) მისი საექსპლუატაციო ხარჯები. დაკიდევ, ”დაიმლერი” ირწმუნება, რომ ელექტრო ”სმარტში” გამოყენებული აკუმულატორი მინიმუმ ათი წელი მაინც იმუშავებს.
ამასთან, ელექტრო ”სმარტი” უსაფრთხოების ყველა იმ სისტემითაა აღჭურვილი, რომლებიც ჩვეულებრივ ”სმარტებზე” გამოიყენება. ეს სისტემებია ESP, ABS, ორი აირბალიში და უსაფრთხოების წინასწარი დამჭიმები.
ეკოლოგიურ ავტომობილებზე ბრიტანეთის მთავრობისა და ლონდონის მერიის მიერ დაწესებული სხვადასხვა შეღავათების წყალობით, ელექტრულ ”სმარტში” ლონდონელ კორპორატიულ მყიდველს 13 750 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.
No comments:
Post a Comment