Wednesday, June 24, 2009

პორშე კარერა GT-ს შემცვლელზე ფიქრობს

Porsche Carerra GT

24 ივნისი

”პორშეს” ხელმძღვანელობა ახალი სუპერავტომობილის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, რომლითაც შუამოტორიანი ”კარერა GT” უნდა შეიცვალოს. ეს ავტომობილი არცთუ დიდი ხნის წინ, სიძვირის მიუხედავად, პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ იმის გამო, რომ თავიდანვე მისი შეზღუდული რაოდენობით წარმოება იყო გათვალისწინებული, სამი წლის წინ წარმოებიდან მოიხსნა.

ფრანგული ჟურნალი ”ლ’აუტომობილი” ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალი ავტომიბილი იქნება იმ სარბოლი ”სპაიდერ RS-ის” (სურათზე) საგზაო ვერსია, რომლითაც ”პორშე” ლე მანის 24-საათიან რბოლებში და ლე მანის სერიის ჩემპიონატებში მონაწილეობს.

ინგლისური ”აუტოქარი” ადასტურებს ცნობას იმის შესახებ, რომ გერმანული კომპანია ახალ სუპერავტომობილს ამზადებს. თუმცა უარყოფა ფრანგული ჟურნალის ვარაუდს იმის შესახებ, რომ შტუტგარტელები ახალი ავტომობილის ბაზისად სარბოლი ბოლოდის პლატფორმას გამოიყენებენ. პარალელურად, LMP2 კლასის ”სპაიდერ RS-ს” ახალი სარბოლი ავტომობილის ბაზისად გამოიყენებენ.

სამაგიეროდ, ორივე გამოცემის ინფორმაცია ერთმანეთს იმ საკითხში ემთხვევა, რომ ახალი ავტომობილი ღია იქნება, მისი შასი (მონოკოკი) ნახშირბადოვანი კომპოზიტისგან დამზადდება და მას წამყვანი უკანა ბორბლები ექნება. ასევე, კოკპიტის უკან დამონტაჟდება 3.4-ლიტრიანი V8 ძრავი, რომელსაც ორი ტურბოკომპრესორი მოემსახურება. ეს ის ძრავი, რომლის მეშვეობითაც, ”სპაიდერ RS-მა” ლე მანის წლევანდელ 24-საათიან რბოლაში, LMP2 კლასში გაიმარჯვა. ამ ძრავის სიმძლავრე 480 ცხენის ძალაა, თუმცა სერიულ ავტომობილზე გამოყენების წინ, მას დეფორსირება ჩაუტარდება, რის შემდეგაც მაქსიმალური სიმძლავრე 400 ცხენის ძალამდე ჩამოვა. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი სამუშაო რესურსი. ძრავს 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება, ამ აგრეგატებს კი ორსაფეხურიანი გადაბმულობის ქურო დააკავშირებს.

”ლ’აუტომობილისვე” ინფორმაციით, ”პორშეს” ახალი სუპერავტომობილის სიგრძე 4.65 მეტრი, სიგანე 2.00 მეტრი და სიმაღლე 1.10 მეტრი იქნება. ”კარერა GT-ს” მსგავსად, ახალ ავტომობილსაც შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ, მისი წარმოება კი ქალაქ ლაიპციგის (გერმანია) ქარხანაში 2012 წელს დაიწყებენ.

No comments:

Post a Comment