ფორმულა 1: ტექნიკური სიახლეები
Formula 1
და ისევ ”რედ ბული”. იმას, რომ ლიდერთა შორისაა, ეს გუნდი ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის უნდა უმადლოდეს. ორი რბოლა დასჭირდა ამ უნიჭიერეს ინჟინერს იმისათვის, რომ მონაკოში გამოყენებული ”უმი” ორმაგი დიფუზორი ჭკუაზე მოეყვანა, რის შემდეგაც, ამ გუნდის ორივე პილოტს მდევრის როლი დევნილის როლით შეეცვალა. არავინ იცის, თბილ ამინდსა და სილვერსტოუნთან შედარებით, მრავალფეროვან ტრასებზე როგორ იმუშავებს მეტოქე ”ბრაუნის” მანქანები, მაგრამ ფაქტია, რომ ბრიტანულ რბოლაზე ”რედ ბული” უახლოეს მდევრებზე ერთი თავით წინ იყო.
მონაკოს შემდეგ, ”რედ ბულის” ორმაგმა დიფუზორმა მნიშვნელვანი ცვლილება განიცადა. ის მაქსიმალურად გაგანიერდა და თითქმის უკანა ბორბლებამდე მივიდა. ამგვარად, ავტომობილის ძირიდან გამოსული ჰაერის უფრო დიდ ნაკადს უყრის თავს და ამგვარად, მთლიანად მანქანის აეროდინამიკურ დატვირთვას ზრდის, რითაც სწრაფ მოსახვევებში მის უკეთეს მდგრადობას უზრუნველყოფს. ცნობისათვის, ბრიტანეთამდე, ”რედ ბულის” დიფუზორებს (ორმაგსაც და ერთმაგსაც) უკანა ფრთის სიგანე ჰქონდა. ეს ორი ელემენტი კვლავ ხისტად უკავშირდება ერთმანეთს, მაგრამ ფრთის ვერტიკალური ფირფიტები დიფუზორის გარე კედლების როლს აღარ ასრულებენ.
გარდა ამისა, ამიერიდან ოდნავ ზევითაა აწეული ძრავის სეგმენტის ”კაბა”, რითაც ძრავის სეგმენტისგან ცხელი აირის უფრო ინტენსიური არიდება ხდება. იგივე მიზანს ემსახურება უკანა ფრთის ქვედა ჰორიზონტალური სეგმენტის ცენტრში გამოტანილი ოვალური ღრიჭო. დიფუზორის ზედა სიბრტყეშია გადმოტანილი გამოსაბოლქვი მილების დაბოლოებებიც, რაც მანქანის უკანა ნაწილში ჰაერის ნაკადის მოწესრიგებას უწყობს ხელს.
No comments:
Post a Comment