ავტორბოლები მოყვარულებისთვის
24 ივნისი
ბევრის ოცნებაა, რომ ღიაბორბლიანი ავტომობილების რბოლებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ამ სურვილის ასრულება ძალიან ძვირი ჯდება - ჯერ ერთი, სარბოლი ავტომობილია შესაძენი, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება და რომელსაც პროფესიონალის მომსახურება (ასევე საკმაოდ ძვირი) სჭირდება. მეორეც, ტრასიდან ტრასაზე გადაადგილებასაც უამრავი თანხა სჭირდება.
მაგრამ ამიერიდან, ამერიკელ მეოცნებეებს, თავიანთი ოცნებების ასრულებაში ბობ ბონდურანის სარბოლო სკოლა დაეხმარებათ. ბონდურანი ოდესღაც ფორმულა 1-ის ჩემპიონატში გამოდიოდა, GT-ს კლასში კი ლე მანის 24-საათიანი რბოლის გამარჯვებულიც იყო. შემდეგ კი საკუთარი სახელობის სარბოლო სკოლა ჩამოაყალიბა და დღემდე ამ ბიზნესს საკმაოდ წარმატებით უძღვება - ამერიკაში მისი სკოლა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია. ამიერიდან კი მისი კომპანია მისივე სახელობის ჩემპიონატს გაუწევს ორგანიზებას.
ბონდურანის პირველი ჩემპიონატი სტარტს სექტემბერში აიღებს. ის 9 ეტაპისა და 18 რბოლისგან შედგება (ყოველ ეტაპზე ორ-ორი რბოლა ჩატარდება). თითოეულ ეტაპზე მონაწილეობა 3 495 დოლარი ჯდება, რაშიც შედის როგორც სარბოლი ავტომობილის დაქირავება, ასევე ეტაპის მსვლელობისას მისი მომსახურებაც. რაც შეეხება რბოლებს, ყველა მათგანს ფინიქსის (შტატი არიზონა) საერთაშორისო ავტოდრომი უმასპინძლებს, რომელსაც სამი სხვადასხვა კონფიგურაცია აქვს.
ჩემპიონატისთვის ბონდურანის სკოლამ სპეციალურად შეიძინა ფორმულა ”მაზდას” სარბოლი ბოლიდები, რომლებიც ”მაზდას” წარმოების, 1.3-ლიტრიანი როტორული ძრავებითაა აღჭურვილი და ეკიპირებულია კომპანია ”ჰიულანდის” წარმოების 4-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფებითა და ”გუდიარის” წარმოების ”სლიკ” საბურავებით.
No comments:
Post a Comment