”ოპელი” კაბრიოლეტ ”ასტრას” ამზადებს
Opel Astra
24 ივნისი
”ოპელს” ჯერ მეექვსე თაობის ”ასტრას” წარმოება არ დაუწყია და ამ ავტომობილის ბაზაზე უკვე სხადასხვაძარიან მოდიფიკაციებს ამზადებს, მათ შორის, კაბრიოლეტსაც. საერთოდ, წინა ”ასტრას” პლატფორმაზე ”ოპელი” რამდენიმე ვერსიას, მათ შორის, კუპეს, უნივერსალს, სედანს, ფურგონს და რა თქმა უნდა, კაბრიოლეტსაც აწარმოებს. გერმანული კომპანია ამ გამის შენარჩუნებას მომავალშიც აპირებს, თუმცა კაბრიოლეტი ოდნავ განსხვავებული, სპორტული ნირის ავტომობილი იქნება.
ინგლისურ ჟურნალ ”ავტოექსპრესის” ინფორმაციით, ”ასტრას” ბაზაზე ორადგილიანი კაბრიოლეტი დამზადდება, რომელიც ბაზარზე კონკურენციას ისეთ პოპულარულ ავტომობილებს გაუწევს, როგორებიცა ”მინის” და ”ფოლკსვაგენის” როდსტერებია.
იმისათვის, რომ პრემიუმ დონეზე ადგილი დაიმკვიდროს, როდსტერ ”ასტრას” მეტალის მოსახსნელი სახურავით, ქსენონის ფარებით და მოქრომილი გამოსაბოლქვი მილებით აღჭურვავენ. მისი ინტერიერი ჰეჩბეკის ბაზაზე შემუშავდება, თუმცა მის (სპორტულ) სავარძლებს უფრო ძლიერი გვერდითა დამჭერები ექნება.
ძრავების გამაში შევა 1.4-ლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავი, რომელიც 150 ცხენის ძალას ავითარებს და 2.0-ლიტრიანი CDTI, რომელზეც არჩევანს დიზელის ფანები შეაჩერებენ. ტოპ ვერსიისთვის გათვალისწინებულია ბენზინზე მომუშავე 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 270 ცხენის ძალას აღწევს, მისი მეშვეობით კი ავტომობილი 0-100 კმ/სთ აჩქარებას 6 წამზე ნაკლებში შეძლებს.
ჰეჩბეკ ”ასტრას” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის ავტო შოუზე (სექტემბერში) შედგება, მერმის კი ბაზარზე მის ბაზაზე დამზადებული უნივერსალი და კუპე გამოჩნდება. მხოლოდ ამის შემდეგაა როდსტერის (თუ ის ოთხადგილიანი იქნა, მაშინ კაბრიოლეტის ძარას მიიღებს) გამოჩენა მოსალოდნელი.
No comments:
Post a Comment