რედ ბული
ავსტრიულმა გუნდმა თავისი ბოლიდის კონსტრუქციაში პირველი სერიოზული აეროდინამიკური ცვლილება ჯერ კიდევ მონაკოს ეტაპისთვის შეიტანა, როცა ორმაგი დიფუზორი პირველად გამოიყენა. მაგრამ ეს სიახლე ფრაგმენტული იყო და სასურველი შედეგი არ მოუტანია. სამაგიეროდ, ბრიტანული ეტაპისთვის გუნდმა რადიკალურად შეცვლილი მანქანა მოამზადა.
ცვლილებათაგან, გარეგნულად ყველაზე შესამჩნევი ბოლიდის ახალი, უფრო გაგანიერებული და კიდევ უფრო ზეაწეული ცხვირია, რომელიც ავტომობილის წინ ჰაერის ნაკადის უფრო ეფექტურად ”შეგროვებას” და ძირისკენ მიმართვას უწყობს ხელს. მაქსიმალურად წინაა გამოტანილი სეგმენტი, რომელზეც ვიდეოკამერები მაგრდება ხოლმე. ამიერიდან, ამ სეგმენტს აეროდინამიკური დატვირთვაც აქვს და იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც გაგანიერებული ცხვირი. გარდა ამისა, ავტომობილის წინა ნაწილის ქვეშ, იქ სადაც ძირი იწყება, ჰაერმჭრელზე დაყენებულია სენსორი, რომლიც ჰაერის ნაკადის ოპტიმალურობას აკონტროლებს. ეს ელემენტი მხოლოდ თავისუფალ პრაქტიკებზე გამოიყენეს, კვალიფიკაციასა და რბოლაზე კი მოხსნილი იყო, რადგან ზედმეტ აეროდინამიკურ წინააღმდეგობას ქმნის.
No comments:
Post a Comment