პირველი დეტალები ”აუდი A5 სპორტბეკის” შესახებ
Audi A5 Sportback
17 ივნისი
”აუდი” აგრძელებს თავისი სამოდელო რიგის გაფართოებას და მისთვის ახალი სეგმენტების ათვისებას. ამ ეტაპზე, გერმანული კომპანია სამ ახალ ავტომობილს - პრემიუმ ჰეჩბეკ A1-ს, ოთხკარიან კუპე A7-ს და კუპე A5-ზე ბაზირებულ ”სპორტბეკს” ამზადებს, რომლებსაც მის ბიზნეს გეგმაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ცნობისათვის, ეს ბიზნეს გეგმა ითვალისწინებს, რომ 2015 წელს კომპანიამ 1.5 მილიონი ავტომობილი უნდა გამოუშვას, რითაც ის უკან ჩამოიტოვებს პრემიუმ სეგმენტის ახლანდელ ლიდერებს - ”ბეემვესა” და ”მერსედეს-ბენცს”.
დღეს ”აუდიმ” ინტერნეტით ”A5 სპორტბეკის” შესახებ პირველი, მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამ ავტომობილის საწარმოო ვერსიის მსოფლიო პრემიერა სექტემბერში, ფრანკფურტის ავტო შოუზე იგეგმება, ევროპის ძირითად ბაზრებზე მისი საბაზო ღირებულება (2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელით აღჭურვილი მოდელისა) კი 36 050 ევრო იქნება. თუმცა ”აუდი” აცხადებს, რომ მოგვიანებით, უფრო იაფფასიან ვერსიასაც გამოუშვებს.
”A5 სპორტბეკს” ხუთი კარი აქვს და წესით, ის ჰეჩბეკად უნდა მოიხსენიებოდეს, მაგრამ წაგრძელებული სალონი, ძლიერ დაქანებული უკანა სეყრდენი, გრძელი ბაზა (2.810 მეტრი) და სედან A4-ზე 36 მილიმეტრით დაბალი სახურავი, მას კუპეს სილუეტს ანიჭებს. ამ ორი ტიპის ძარას კი სახელი ”სპორტბეკი” აერთიანებს.
ახალი ავტომობილი მყიდველს ძრავების ფართო არჩევანით ელის. აგრეგატების გამაში ორი ბენზინზე მომუშავეა, სამი კი საწვავად დეზელს იყენებს. ბენზინის აგრეგატებია: 2.0-ლიტრიანი TFSI და 3.2-ლიტრიანი V6. პირველის მონაცემებია: 211 ცხენის ძალა და 350 ნიუტონმეტრი, მეორისა კი - 265 ცხენის ძალა (მაქსიმალური მაბრუნი მომენტი არ ქვეყნდება). ორივე ძრავი აღჭურვილია ”აუდის” უახლესი სისტემით ”ვალვშიფტ”, რომლის წყალობითაც, შემცირებულია მათი აპეტიტი, მაქსიმალური სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი კი გაზრდილია.
დიზელის სამივე აგრეგატიც წარმოების დაწყებისთანავე ხელმისაწვდომი იქნება. ესენია: 2.0-ლიტრიანი TDI 170 ცხენის ძალით და 350 ნიუტონმეტრით, 2.7-ლიტრიანი TDI 190 ცხენის ძალით და 400 ნიუტონმეტრით და 3.0-ლიტრიანი V6 TDI, 240 ცხენის ძალითა და 500 ნიუტონმეტრი მაქსიმალური მაბრუნი მომენტით. ყველა ვერსია სრულამძრავიანი ტრანსმისიით, 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფით (ან 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატურით) და სისტემა სტარტ/სტოპით აღიჭურვება.
ახალი ავტომობილის საბაზო აღჭურვილობაში შევა სისტემა ”სტაბილურობის ელექტრონული პროგრამა” (ESP), რომელსაც წინა ღერძის დიფერენციალის ელექტრონული დამბლოკველი აქვს. გარდა ამისა, ”A5 სპორტბეკი” აღიჭურვება ”მართვის დინამიკური სისტემით”, რომელიც სამ განსხვავებულ რეჟიმში მუშაობს. ეს სისტემა აქსელერატორის მგრძნობიარობას, გადაცემათა კოლოფის (ნახევრად ავტომატურის შემთხვევაში) და საჭის მექანიზმის მუშაობას, კონკრეტული რეჟიმის შესაბამისად აკონტროლებს.
ამ ავტომობილის შესახებ, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ”აუდი” ფრანკფურტის შოუს დაწყებამდე გამოაქვეყნებს.
სურათზე: დაახლოებით ასეთი იქნება ”აუდი A5 სპორტბეკი”.
No comments:
Post a Comment