Wednesday, June 17, 2009

მოსლი გუნდებს ადანაშაულებს

Formula 1

17 ივნისი

რაც დრო გადის, სულ უფრო მწვავდება ურთიერთობა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასა (FIA - ფედერასიონ ინტერნასიონალ აუტომობილ) და ფორმულა 1-ის გუნდების ასოციაციას (FOTA - ფორმულა ვან ტიმს ესოსიეიშნ) შორის, რომელიც სპორტის ამ პოპულარულ და მეტად შემოსავლიან სახეობას დიდი განხეთქილებით ემუქრება.

მოქიშპე მხარეების მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეფაც, ფედერაციამ სპეციალური პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, რასაც გუნდების პასუხი ჯერ არ მოჰყოლია. თავის რელიზში, ფედერაცია და პირადად მისი პრეზიდენტი მაქს მოსლი (სურათზე), საქარხნო გუნდებს ბრალს სდებს იმაში, რომ ისინი ფაქტობრივად, მსოფლიო ჩემპიონატის კომერციულ უფლებათა ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ფედერაცია თვლის, რომ სწორედ ამითაა გამოწვეული მოდავე მხარეებს შორის მოლაპარაკების ჩაშლა, რასაც ორშაბათს ჰქონდა ადგილი.

ორშაბათის შეხვედრაზე გუნდების და ფედერაციის ფინანსური აღმასრულებლები შეიკრიბნენ, მაგრამ მალე გამოვლინდა, რომ გუნდების წარმომადგენლებს რაიმე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება არ ჰქონდათ, რის გამოც, შეხვედრის გაგრძელებამ აზრი დაკარგა.

”ფედერაცია და ფორმულა ერთის ადმინისტრაცია (FOM - ფორმულა ვან მენეჯმენტ)ათწლეულების განმავლობაში ხვეწდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ახლანდელ სტრუქტურას, რამაც ავტოსპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებული და მომგებიანი ჩემპიონატი შეგვაქმნევინა. დღეს კი გუნდები ამ პირველობის კომერციული უფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ფედერაციას ამის გაგება არ შეუძლია”, - ნათქვამია რელიზში.

”ჩვენ არაერთხელ ვცადეთ ხარჯების შემცირება, მაგრამ ამ მიზნით ტექნიკური რეგლამენტის არაერთი გამკაცრება უშედეგო აღმოჩნდა, რამაც იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ საქმეს მხოლოდ გუნდების ბიუჯეტების შეზღუდვით თუ ეშველება. ეს ერთადერთი გამოსავალია. ასე ხდება ავტოინდუსტრიაში - შეზღუდული დაფინანსების პირობებში, ინჟინრები ახალი იდეების განხორციელებას და ტექნოლოგიების შემუშავებას მაინც ახერხებენ. ტექნიკური სიახლეების გარეშე, ფორმულა 1-ს მომავალი არ აქვს, მაგრამ თუ წესებით ბიუჯეტს არ შევზღუდავთ, ჩემპიონატს გუნდები თანდათან დატოვებენ, რაც ასევე კრახამდე მიგვიყვანს. ამიტომ, ჩვენ ისევ დაჟინებით მოვითხოვთ წესებში იმ პუნქტის შემოღებას, რომელიც ხარჯებს შეზღუდავს”.

უფრო ადრე, მოსლი აცხადებდა, რომ გუნდებს ახალი რეგლამენტის განხილვაში მონაწილეობის უფლება იმ შემთხვევაში ექნებოდათ, თუ ისინი მომავალი სეზონისთვის განაცხადებს დროულად წარადგენდნენ. გუნდებმა ეს მოთხოვნა შეასრულეს, ახლა კი ფედერაციის ჯერია...

No comments:

Post a Comment