ბრიტანული ჯუჯა წყალბადზე მომუშავე გულით
Riversimple
17 ივნისი
თუ გაგიგიათ ბრიტანული ავტოკომპანია ”რივერსიმპლი”? რა თქმა უნდა, არა. დღეს კი ეს პატარა ფირმა ცნობილი გახდა. ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვინც ამ დღეებში ლონდონის სამუზეუმო კომპლექს ”სომერსეტ ჰაუსს” ეწვია, ანდა ამ კომპანიის ქმნილებასთან დაკავშირებული სტატიები ბრიტანულ გამოცემებში წაიკითხა.
ეს ქმნილება კი ჯუჯა, ორადგილიანი ავტომობილია, რომელიც ჯერ მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს და რაც მთავარია, საწვავად (არაპირდაპირი მნიშვნელობით) წყალბადს იყენებს.
ავტომობილს, რომელიც ”რივერსიმპლმა” ”ჰორაიზონ ფუელ სელ ტექნოლოჯისთან” ერთად შექმნა, ჯერ სახელიც არ აქვს. ამ ეტაპზე მას ”ქალაქის პატარა ავტომობილად” მოიხსენიებენ. პროექტის ავტორები პრეს რელიზით გვამცნობენ, რომ მათი ქმნილება არის ”მსოფლიოში პირველი დაბალფასიანი პრაქტიკული ავტომობილი, რომელიც წყალბადზე მუშაობს”. ამ ორი კომპანიის გარდა, პროექტში, რომელიც უკვე სამი წელია, მუშავდება, ასევე ოქსფორდის და კრენფილდის უნივერსიტეტების სპეციალისტები მონაწილეობენ. პროექტს კი ბრიტანეთის მთავრობა და ”ფოლკსვაგენის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დიდი ფერდინანდ პორშეს შთამომავალი ფერდინანდ პიხი აფინანსებენ.
”რივერსიმპლის” ავტომობილს პრაქტიკულად ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს. მისი მამოძრავებელი ელექტრომოტორია, რომელიც ენერგიას წყალბადის ფიჭური ელემენტებისგან ივსებს. დამამზადებლების ინფორმაციით, ავტომობილი ერთი გალონი (3.7854 ლიტრი) საწვავით 360 მილს (576 კილომეტრს) გადის, რაც 100 კილომეტრზე 0.8 ლიტრის ტოლფასია.
ავტომობილში გამოყენებულია ”ჰორაიზონის” წარმოების ფიჭური ელემენტი, რომლის სიმძლავრე 6 კილოვატია. თავად ავტომობილი მსუბუქი კომპოზიტებისგანაა დამზადებული და სულ რაღაც 350 კილოგრამს იწონის. ერთი ავზის სრულად გაწყობით კი მისი სვლის სიშორე 384 კილომეტრს აღწევს. ”ქალაქის პატარა ავტომობილის” მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 80 კმ/სთ-ია, ადგილიდან 48 კმ/სთ-ის აკრეფას კი ის 5.5 წამს ანდომებს.
”ჩვენი პარტნიორის მიზანი ფიჭური ელემენტების კომერციალიზაციაა, ჩვენ კი მათთან ერთად, წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილების წარმოებას ვგეგმავთ. ვიმედოვნბთ, რომ ამ პარტნიორობით მიზანს მივაღწევთ და ასეთი ავტომობილების სერიულად წარმოებას, მსოფლიოში პირველები დავიწყებთ”, - ამბობს ”რივერსიმპლის” დამაარსებელი უგო სპოუერსი (Hugo Spowers).
”რივერსიმპლი” და მისი პარტნიორები იმედოვნებენ, რომ 10 გამოსაცდელი პროტოტიპის ასაგებად აუცილებელი 10 მილიონი დოლარის მოზიდვას შეძლებენ. თუ შეფერხება არ იქნა, წყალბადზე მომუშავე ჯუჯას წარმოება უახლოეს ორ წელიწადში დაიწყება. ”რივერსიმპლი” აცხადებს, რომ ავტომობილის წარმოების შემთხვევაში, ის მას ლიზინგით, თვეში 315 დოლარის საფასურად გაჰყიდის.
სამომავლოდ ასევე იგეგმება ოთხადგილიანი საქალაქო ავტომობილის შექმნა, რომლის სვლის სიშორე 320 კილომეტრი, მაქსიმალური სიჩქარე კი 120 კმ/სთ იქნება.
No comments:
Post a Comment