Wednesday, June 17, 2009



”კიამ” ”პიკანტო” განაახლა

KIA Picanto

17 ივნისი

სულ ორი წელი გავიდა, რაც ”კიამ” თავის ყველაზე პატარა ავტომობილ ”პიკანტოს” რესტაილინგი ჩაუტარა, მაგრამ როგორც ჩანს, ამან მისი ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილა. და აი, კორეულმა კომპანიამ ამ ავტომობილს მორიგი მოდიფიკაცია ჩაუტარა, რისი შედეგიც პირველად კორეულ საზოგადოებას გააცნო.

ახალ ”პიკანტოს” წინამორბედისგან ინტერიერსა და ექსტერიერში შეცვლილი ზოგიერთი დეტალი, ასევე ორი (კორეული ბაზრისთვის) ახალი ძრავი განასხვავებს. ამიერიდან, ”პიკანტოს” გარეგნობა მისი აღჭურვილობის შესაბამისად გაფორმდება. საბაზო ვერსიის გარდა, მყიდველს დიზაინის ორ - სპორტულ და სპეციალურ ვერსიებს შესთავაზებენ.

რადიატორის ბადის ახლებური (ქროსოვერ ”სოულის” სტილში) გაფორმება, ახალი ბამპერი, რომლის ქვეშაც შეცვლილი ფორმის ჰაერის ამღებია მოთავსებული, ნისლსაწინააღმდეგო მაშუქები და ზღურბლზე გადაკრული ახალი დეკორატიული პანელები - სულ ეს არის, რაც ახალ ”პიკანტოს” ორი წლის წინანდელისგან გარეგნულად განასხვავებს.

სალონში ოდნავ შეიცვალა ცენტრალური კონსოლის მოყვანილობა და საჭის რგოლი, ხელსაწყო-მაჩვენებლების ფორთოხლისფერი შუქი კი წითლით შეიცვალა. მაჩვენებლების პანელზე გამოჩნდა წარწერა ”ეკო”, რომელიც იმ შემთხვევაში ინთება, თუ ავტომობილი ეკონომიური რეჟიმით გადაადგილდება. ამგვარად, ის მძღოლს საწვავის ხარჯის შემცირებაში ეხმარება.

კორეაში ახალი ”პიკანტოსთვის” მხოლოდ ორი ერთლიტრიანი ძრავია განკუთვნილი. პირველი სტანდარტულ ბენზინზე მუშაობს და მისი მაქსიმალური სიმძლავრე 72 ცხენის ძალაა, რაც წინამორბედის მაქსიმუმზე 8 ცხენის ძალით მეტია. მეორე კი საწვავად ბუნებრივ აირს იყენებს. მისი მაქსიმალური სიმძლავრე კი მხოლოდ 67 ცხენის ძალაა. თუმცა, ესეც წინა ვერსიის სიმძლავრეზე სამით მეტია. სავარაუდოდ, ბუნებრივ აირზე მომუშავე ”პიკანტო” მხოლოდ კორეულ ბაზარზე გაიყიდება, პირველი კი მალე ევროპასა და სხვა ბაზრებზეც გამოჩნდება. კონკრეტულად როდის, ეს მოგვიანებით დაზუსტდება.

სურათზე: ”პიკანტოს” კორეაში ”მორნინგის” სახელით იცნობენ.

No comments:

Post a Comment