Wednesday, June 17, 2009

”ბეიბი პორშე” ”ფოლკსვაგენ ბლიუ სპორტის” ბაზაზე შეიქმნება

”პორშე 914-ს” ევროპის გზებზე ნახვა დღესაც შეიძლება

..................................................................................

”პატარა პორშეს” ბედი ჯერ გაურკვეველია

Porsche 914

17 ივნისი

მიუხადევად იმისა, რომ ფინანსური რესურსების სერიოზულ ნაკლებობას განიცდის, ”პორშე” მაინც აპირებს მასზე გაცილებით დიდი ”ფოლკსვაგენის” გაკონტროლებას და არც სამოდელო გამის გამრავალფეროვნების გეგმებს ცვლის. პირველი ახალი ავტომობილი, რომელსაც ანალიტიკოსები ცუფენჰაუზენელებისგან ელიან, (შედარებით) აიფფასიანი სპორტული მოდელია, რომლის სავარაუდო ფასიც 30 000 ევროზე ოდნავ მაღალი უნდა იყოს.

იგივე კლასის ავტომობილს, რომელიც ”პორშე 914-ის” სახელით იყო ცნობილი, გერმანული კომპანია 1960-1970 წლებში უშვებდა. ამ ავტომობილის სამოდელო გამაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ხმები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ”ფოკსვაგენმა” დეტროიტის ავტო შოუზე კონცეპტუალური როდსტერი ”ბლიუ სპორტი” წარადგინა. მაშინ არსებობდა მყარი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ამ შუაძრავიანი ავტომობილის ბაზაზე, პატარა სპორტულ ავტომობილებს ეს ორი გერმანული კომპანია წარმოებისთვის ერთად მოამზადებდა და ორივე თავისი მარკით გამოუშვებდა. მითუმეტეს, რომ მათ მსგავსი კოოპერაციის მდიდარი გამოცდილება აქვთ.

მართალია, თავის დროზე ”პორშე 914” საავტომობილო ინდუსტრიის შედევრად არ ითვლებოდა, მაგრამ ამ ავტომობილის არაერთი ეგზემპლარი კარგადაა შემონახული და ხანდახან მათი ევროპულ გზებზე ხილვაც კი შეიძლება. ჰოდა, თუ ისერა ავტომობილი ასეთი პოპულარული იყო, რატომ არ უნდა გამოუშვან მისი შემცვლელი ახლა, როცა ”პორშეს” ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებზე მიუწვდება ხელი და თანაც, ისეთი ძლიერი პარტნიორი ჰყავს, როგორიც ”ფოლკსვაგენია”?

რაც გინდათ, ივარაუდეთ, მაგრამ გერმანულ გამოცემა ”აუტომობილვოხესთან” საუბრისას, ”პორშეს” წარმოების მენეჯერმა მიხაელ მახტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისი კომპანია ახალი ავტომობილის წარმოების ათვისებას არ გეგმავს, რადგან მისი საწარმოები ახლანდელი მოდელების წარმოებასაც ვერ აუდიან. მაგრამ თუ გადაწყდა, რომ კომპანიის საწარმოო სიმძლავრეებს მეხუთე ხაზი დაემატება, მაშინ პირველი სიახლე სწორედ ”ბეიბი პორშე” გახდება, რომლის მსგავს ავტომობილებს, ”ფოლკსვაგენის” გარდა, მის ჯგუფში შემავალი ”სეატი” და ”აუდიც” გამოუშვებენ.

თუ მისი წარმოება გადაწყდა, ”პატარა პორშე” შესაფერისად მცირე ლიტრაჟის, ”ფოლკსვაგენის” ძრავებს მიიღებს. მათგან ერთია 1.4-ლიტრიანი ტურბო, ან მექანიკურდამჭირხნიანი TSI, რომლის სიმძლავრე 170 ცხენის ძალაა, მეორე კი ოთხცილინდრიანი დიზელი, რომლის სიმძლავრეც (125 ცხენის ძალა) ”პორშესთვის” ნაკლებად შესაფერისად მოსჩანს. როდსტერის ტოპ ვერსია კი 211-ცხენისძალიანი ტურბომოტორით აღიჭურვება, რომელიც ”ფოლკსვაგენ გოლფ GTI-დანაა” ცნობილი.

სხვათა შორის, ”ფოლკსვაგენი” თავის კონცეპტუალურ როდსტერ ”ბლიუ სპორტს” წარმოებისთვის უკვე ამზადებს და გვპირდება, რომ მის წარმოებას ორ წელიწადში დაიწყებს...

No comments:

Post a Comment