Wednesday, June 17, 2009

თითქმის გადაწყვეტილია:”ვოლვოს” ჩინური ”ჯილი” ყიდულობს

Geely Buys Volvo

17 ივნისი

რამდენიმეთვიანი გაურკვევლობის შემდეგ, ”ვოლვოს” მომავალს ნათელი ეფინება - ინტერნეტში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, შვედურ კომპანიას, რომელიც მთელს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილებითაა ცნობილი, ჩინური ”ჯილი” იყიდის. ჩინური საავტომობილო ინტერნეტ გამოცემა auto.sohu იტყობინება, რომ ”ვოლვოს” გაყიდვის თაობაზე, ”ფორდსა” და ”ჯილის” შორის წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ამ ეტაპზე, შეთანხმების დეტალები არ ქვეყნდება. თუმცა ჩინელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ”ჯილი” წარმოებას ჩინეთში, პროვინცია გუანდონის ქალაქ დონგუანში გადაიტანს. პირველი ავტომობილი კი, რომელსაც ჩინური ”ვოლვო” გამოუშვებს, უგზოობის XC90 იქნება.

ცნობისათვის, ”ჯილი” 1986 წელს შეიქმნა, როგორც მაცივრების და სამაცივრო მოწყობილობათა მწარმოებელი. მოგვიანებით, მან დეკორაციული მასალების, 1992 წელს კი მოტოციკლების ნაწილების წარმოებასაც მიჰყო ხელი. ორი წლის შემდეგ კომპანიამ მოტოციკლების წარმოება დაიწყო და ორ წელიწადში 200 000 ცალი ორბორბლიანი მანქანა გამოუშვა. ”ჯილიმ” ავტომობილების წარმოება 1998 წელს დაიწყო, ხუთი წლის შემდეგ კი ექსპორტზე პირველი ავტომობილები გაიტანა. 2004 წელს კომპანია ღია სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა და ჩინეთის ისტორიაში, პირველი დამოუკიდებელი ავტომწარმოებელი გახდა.

სანამ გარიგება საბოლოოდ გაფორმდებოდეს, ”ჯილის” ”ფორდისთვის” შვედური კომპანიის სამომავლო გეგმის წარდგენა მოუწევს. რაც შეეხება გარიგების ფინანსურ მხარეს, ისიც ჯერ დაუდგენელია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩინური კომპანია დონგუანის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით სარგებლობს, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ გარიგება ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება.

”ჯილი” ასევე აცხადებს, რომ ”ვოლვოს” კრიზისიდან გამოსაყვანად და მომგებიან ბიზნესზე გადასაყვანად, ამ კომპანიაში 10 მილიარდდოლარიან ინვესტიციას გეგმავს.

No comments:

Post a Comment