წლის საუკეთესო ახალი ძრავი
Best New Engine of the Year
17 ივნისი
მეთერთმეტედ ჩატარებულმა კონკურსმა, რომელიც წლის საუკეთესო ძრავებს ავლენს, ამ წლის გამარჯვებულად ”პორშეს” უახლესი 3.8-ლიტრიანი (ერთმანეთის საპირისპიროდ, ოპოზიტურად განლაგებული 6 ცილინდრით) ძრავი დაასახელა, რომელიც მოდელ ”911 კარერა S-ზე” გამოიყენება.
წინამორბედთან შედარებით, ამ აგრეგატის (სურათზე) მაქსიმალური სიმძლავრე 380 ცხენის ძალამდე (30-ით) არის გაზრდილი. მისი მეშვეობით, წლევანდელი სამოდელო წლის ”911 კარერა S-ის” მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-მდე გაიზარდა, რაც ამ მოდელის ისორიაში პირველად მოხდა.
თუმცა, კონკურსის ჟიურის (რომელსაც ძრავებზე სპეციალიზებული ბრიტანული ჟურნალი ”ენჯაინ ტექნოლოჯი ინტერნეიშნლი” ადგენს) ამ ძრავისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მხოლოდ სიმძლავრის ზრდის გამო არ მიუღია. შემფასებლების მოწონება ასევე ცუფენჰაუზენელთა აგრეგატის ეკონომიურობამ და მოქნილობამ განაპირობა.
კერძოდ, სიმძლავრის არცთუ უმნიშვნლო ზრდის პარალლურად, გაუმჯობესდა მისი ეკონომიურობა. ამაში კი მას გადაცემათა ახალი კოლოფი PDK ეხმარება. ავტომობილი 100 კილომეტრის გასავლელად, საშუალოდ 10.2 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. საერთო ჯამში, წინამორბედთან შედარებით, ახალი ძრავი 8.5%-ით მძლავრი და 13%-ით ეკონომიურია.
წლის საუკეთესო ავტომობილის გარდა, კონკურსმა სხვა ნომინაციების გამარჯვებულებიც დაასახელა. წლის საუკეთესო სპორტულ ძრავად ”მერსედეს-ბენცის” 6.2-ლიტრიანი V8 გამოცხადდა, რომელსაც ”სამქიმიანების” პარტნიორი კომპანია AMG-ს სპეციალისტები ხელით აწყობენ. წლის საუკეთესო მწვანე ძრავი ”ფოლკსვაგენის” 1.4-ლიტრიანი TSI ”ტვინჩერჯერი” გახდა. კიდევ ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა ”მერსედეს-ბენცის” 6.2-ლიტრიანმა V8-მ - ის საუკეთესოდ 4.0 ლიტრზე დიდმოცულობიან კლასში სცნეს.
No comments:
Post a Comment