ფორმულა 1-ში ახალი სკანდალი მწიფდება
Formula 1
8 ივლისი
ფორმულა 1-ში ახალი სკანდალია მოსალოდნელი და ის მომავალი სეზონისთვის სამი ახალი გუნდის შერჩევას უკავშირდება. გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ახალი გუნდების შერჩევისას, გადამწყვეტი ფაქტორი ძრავების მწარმოებელ ინგლისურ კომპანია ”კოსუორტთან” სამწლიანი კონტრაქტი იყო.
ამ ინფორმაციას ზოგიერთი იმ გუნდთაგანი ავრცელებს, რომელთა განაცხადებიც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სპეციალური კომისიის მიერ უარყოფილ იქნა. ეს გუნდები თავიანთ ვინაობას არ ამხელენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ტენდერის ჩატარებამდე, კომისიის ზოგიერთი წევრი მათ ურჩევდათ, რომ ძრავების მიმწოდებლად ”კოსუორტი” დაესახელებინათ, რადგან ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
”ფედერაციასთან შეხვედრის (რომელიც 11 ივნისს შედგა) წინ, მე მირჩიეს, რომ ჩემი განაცხადის შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, თუ მივუთითებდი, რომ ჩემს გუნდს ძრავებით ”კოსუორტი” სამი წლის განმავლობაში მოამარაგებდა. მე ვუპასუხე, რომ ”რენოს”, ”მერსედესის”, ან ”ფერარის” ძრავის მოპოვების რეალური შანსი მქონდა, მაგრამ ამაზე მომიგეს, რომ ძრავების მიმწოდებლად ”კოსუორტის” მითითებას ფედერაციის ხელმძღვანელები თითქმის სავალდებულო პირობად განიხილავენ. სანამ ფედერაცია არჩევანს გააკეთებდა, დამირეკეს და დამისახელეს სამი გუნდი, რომლებსაც აირჩევდნენ. მე არ დავიჯერე, მაგრამ პირი ღიად დამრჩა, როდესაც გავიგე, რომ ფედერაციამ მართლაც ეს სამი გუნდი აირჩია”, - როიტერთან საუბრისას განაცხადა ერთ-ერთი არარჩეული გუნდის წარმომადგენელმა, რომელმაც ჯერჯერობით, ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
ცნობისათვის, სამივე არჩეულ გუნდს - ესპანურ ”კამპოს მეტას”, ამერიკულ U.S. F1-ს და ბრიტანულ ”მეინორ გრან პრის” ”კოსუორტთან” სამწლიანი კონტრაქტები აქვს. სამაგიეროდ, ისეთ გუნდებს, როგორებიც ”პროდრაივი” და ”ლოლაა”, რომლებსაც ტენდერამდე თითქმის გარანტირებულად უწინასწარმეტყველებდნენ არჩევას, ”კოსუორტის” გაგონებაც არ სურდათ.
წარმოიქმნა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ფედერაციასა და ”კოსუორტს” შორის საიდუმლო გარიგება არსებობდა. მართალია, ინგლისურ კომპანიას ფ1-ის ძრავების წარმოების უზარმაზარი გამოცდილება აქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე წელის, ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე არცერთ გუნდთან არ თანამშრომლობს.
ასევე ცნობილია, რომ შარშან ფედერაციასა და ”კოსუორტს” შორის დახურული მოლაპარაკება გაიმართა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ფ1-ში დაბრუნებისთვის, ინგლისურ კომპანიას მინიმუმ ოთხ გუნდთან ხანგრძლივი კონტრაქტი სჭირდებოდა. სამაგიეროდ, ის გარანტიას იძლეოდა, რომ მისი ძრავები ძალიან დაბალ ფასში იქნებოდა ხელმისაწვდომი (ოთხ გუნდთან კონტრაქტს სწორედ ძრავის დაბალი ფასისთვის მოითხოვდა).
პარალელურად, ფედერაციას ძრავების დამოუკიდებელი მიმწოდებლის მოზიდვაც სურს, ისეთის, რომელსაც რომელიმე გუნდთან პრიორიტეტული კონტრაქტი არ ექნება. ეს კი იმისათვისაა საჭირო, რომ გუნდების დიდ ავტომწარმოებლებზე დამოკიდებულება შემცირდეს. ფედერაციის განსაზღვრებით, ”ფორმულა ერთის კეთილდღეობისთვის, ძრავების დამოუკიდებელი მიმწოდებლის არსებობა აუცილებელი პირობაა”.
შეგახსენებთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტ მაქს მოსლის და ფორმულა 1-ის გუნდების ასოციაციას (FOTA), რომლშიც წამყვან ძალას სწორედ დიდი ავტოკონცერნები წარმოადგენენ, დიდი დაპირისპირება აქვთ. ამ ეტაპზე, მათი კამათი დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ოფიციალურად, მოსლიმ დათმობა გადაწყვიტა. მაგრამ FIA-ს პეზიდენტს თავისი გადაწყვეტილების შეცვლა სჩვევია და ამიტომ, სიტუაციის გამწვავება ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერი მოტივითაა მოსალოდნელი...
No comments:
Post a Comment